დროგბას ლურჯი მომავალი

AutoSharing Option
33 წლის დიდიე დროგბას „ჩელსი“ ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს. თუ გარიგება შედგება, კოტ დ’ივუარელი ვარსკვლავი კარიერას დასავლეთ ლონდონში დაასრულებს.

მოგეხსენებათ, იანვრის მერე, ანუ რაც „ლურჯებმა“ „ლივერპულისგან“ 50 მილიონ ფუნტად ესპანელი ფორვარდი, 27 წლის ფერნანდო ტორესი იყიდეს, დაირხა ხმა, რომ დროგბა „ჩელსის“ დატოვებდა - თითქოს, „სტემფორდ ბრიჯზე“ ვეტერანი აღარ დასჭირდებოდათ. მაგრამ, „ლურჯების“ მავანმა თანამშრომელმა ინგლისურ მას-მედიას უთხრა:

„როგორც კი ახალ მწვრთნელს დავნიშნავთ, დიდიეს ახალ კონტრაქტს გავუფორმებთ. ჩვენთან მისი გაშვება გულშიც კი არავის გაუვლია. დროგბა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და ასეთს ვერავინ
შეელევა“.

შეგახსენებთ, რომ, მართალია, ტორესი „ჩელსიში“ დიდი ხმაურით გადავიდა, მაგრამ მოედანზე ბევრი ვერაფერი მოახერხა - 12 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. კარგად რომ ეთამაშა, იქნებ, დასავლეთლონდონელებს დროგბა მართლაც გაეყოდათ, მაგრამ, ასე დარწმუნდნენ, რომ მთლად „ელ ნინიოს“ ნდობა არ შეიძლება და უკან დაიხიეს. ზემოთ ნახსენებმა თანამშრომელმა განაგრძო:

„წარმოგიდგენიათ, რა მოხდება დიდიე რომ გავყიდოთ, ტორესმა კი ძველებურად განაგრძოს წვალება? სწორედ ამან უკარნახა კლუბის დირექტორატს, რომ ამ ეტაპზე ორივე თავდამსხმელი კლუბში უნდა დარჩეს“.

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ როგორც კი დროგბას შესაძლო წასვლაზე დაიწყეს ლაპარაკი, დაუყოვნებლივ გამოჩნდნენ მისი შეძენის მსურველები. ყველაზე აქტიურად „რეალსა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ასახელებდნენ. კაცმა რომ თქვას, კოტ დ’ივუარელს ღარიბი კლუბი ვერც იყიდის.

გარდა იმისა, რომ მასში გვარიანი სატრანსფერო თანხა იქნება გადასახდელი, დროგბას ხელფასი კვირაში 130 ათასი ფუნტი ანუ დაახლოებით 150 ათასი ევროა. კონტრაქტის გადახალისების შემთხვევაში თავდამსხმელი „ჩელსიში“ კიდევ უფრო მეტს მიიღებს და „სტემფორდ ბრიჯზე“ 2013 წლამდე დარჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული