„იუნაიტედის“ თავკაცი გამოსავალს კანონის შეცვლაში ხედავს და ფეხბურთის ასოციაციას მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გადახედოს იმ წესს, რომელიც ინგლისურ გუნდებში ბავშვებთან მუშაობის დროს განსაზღვრავს. ფერგიუსონმა თქვა:
„ჩვენ, დღის განმავლობაში, მხოლოდ საათნახევრიანი გაკვეთილების ჩატარების უფლებას გვაძლევენ, ბარსელონაში კი თუ საჭიროდ მიიჩნევენ, დღის ყოველ საათსა და წუთს გამოიყენებენ და დატვირთავენ. ეს მათი დიდი უპირატესობაა. მათი დამოკიდებულება
არ იფიქროთ, რომ სერ ალექსმა ინგლისში მოქმედი ბავშვთა აკადემიის წესები მხოლოდ ახლა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსასთან“ დამარცხების მერე დაიწუნა. ის მდგომარეობის გადახალისებისთვის დიდი ხანია იბრძვის და დღეს, უბრალოდ, მოხერხებული მომენტი იგდო ხელთ. ყველაზე მეტად სერ ალექსს 90 წუთიანი გაკვეთილები არ მოსწონს. რასაკვირველია, „იუნაიტედს“ აკადემიას მუშაობას ვერც აქამდე დაუწუნებდით — გაიხსენეთ, რა დონის ვარსკვლავები აღზარდა ამ სასწავლებელმა ბოლო 20 წლის განმავლობაში, მაგრამ ფერგი დარწმუნებულია, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეიძლება. ეს ყველაფერი კი სერ ალექსმა, პრემიერლიგის მე-19 ტიტულისადმი მიძღვნილ პარადზე თქვა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელები და ფეხბურთელები გაცილებით ბედნიერები იქნებოდნენ, საზეიმო ავტობუსზე პრემიერლიგის თასთან ერთად ჩემპიონთა თასიც რომ ჰქონოდათ, მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა. შესაბამისად, ის ზეიმი, რომელიც მანჩესტერის ქუჩებში 1999 წელს გაიმართა ჯერ კიდევ განუმეორებელ მოგონებად რჩება.
და მაინც, თავიანთი გმირების მისასალმებლად წვიმის მიუხედავად ათასები გამოვიდნენ. ფერგიუსონმა თქვა:
„აი, ეს არის ნამდვილი „მანჩესტერ იუნაიტედი“ და მისი სული. ფანებმა საოცარი ერთგულება გამოამჟღავნეს. ხომ ხედავთ, რა საშინელი ამინდია, მაგრამ გულშემატკივრები აქ არიან. თან, დააკვირდით, რამდენი ბავშვია. აი, რამ მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება. გახედეთ მამებს, რომელთაც მხრებზე ორი-სამი წლის ბავშვები შემოუსვამთ. ისინი ამ პატარებს აქედანვე „იუნაიტედის“ სულისკვეთებით ზრდიან. ეს ბავშვები ჩვენი კლუბის მომავალია“.
ეს სიტყვები ფერგიუსონმა „ოლდ ტრეფორდის“ აღმოსავლეთ ტრიბუნის ქვეშ, ლეგენდარული მწვრთნელის, მეტ ბასბის ძეგლთან თქვა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ავტობუსი გაჩერდა. ამთავითვე ლეგენდარულმა სქოთმა დასძინა:
„რა შემიძლია გითხრათ ჩემი გუნდის გამოსვლაზე გასულ სეზონში? სიტყვები არ მეყოფა. ყველაფერი ფანტასტიკური იყო. და თქვენ, ჩვენო გულშემატკივარო, ამაში დიდი მონაწილეობა მიიღეთ. დიდი მადლობა. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და ღმერთი ჰფარავდეს „მანჩესტერ იუნაიტედს“.
ამრიგად, „იუნაიტედი“ ინგლისის 19 გზის ჩემპიონია და ეს მართლაც საზეიმოა, მაგრამ ვინ-ვინ და სერ ალექსმა კარგად იცის, რომ ყველაზე დიდი ისტორია ჩემპიონთა ლიგაში იწერება, აქ კი მის მიერ მოპოვებული ორი ტიტული, 1968 წლის ბასბის დროინდელ მიღწევასთან ერთად საკმარისი არ არის. მეტია საჭირო.
„იუნაიტედის“ გულშემატკივართა სასიხარულოდ, გუნდის ფეხბურთელები „ბარსელონასთან“ დამარცხების შემდეგ ნირწამხდარები არ ჩანან. 30 წლის ფრანგმა მცველმა პატრის ევრამ თქვა:
„თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ კარგი სეზონი გვქონდა. რასაკვირველია, მას დიდებულ სეზონს ვერ ვუწოდებთ, რადგან ჩემპიონთა ლიგაში ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ფაქტია, ფინალში „იუნაიტედის“ სული ვაჩვენეთ. მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ როდესაც საუკეთესო გუნდს ეთამაშები, ძნელია მიაღწიო იმას, რაც შენი აზრით გეკუთვნის. ზუსტად ვიცი რა უნდა გავაკეთოთ ახლა: შვებულებაში გავიდეთ, კარგად დავისვენოთ და ძალ-ღონით აღსავსენი დავბრუნდეთ, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედი“ არასდროს ნებდება. ჩვენ ყოველთვის ერთი რამ გვსურს: მსოფლიოში პირველობა! სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია პირველი „ბარსელონაა“ , ჩვენ კი მეორე ვართ. და მაინც, ერთი სული მაქვს კვლავ როდის შევხვდებით ამ გუნდს ფინალში“.