სემი „ვესტ ჰემს“ დააბრუნებს

AutoSharing Option
56 წლის ინგლისელი მწვრთნელი, სემ ელერდაისი ახალი ამოცანის წინაშე დგას - „ვესტ ჰემი“ პრემიერლიგაში უნდა დააბრუნოს. „დიდი სემი“ დარწმუნებულია, რომ ამას მანამდე შეძლებს, სანამ „ჩაქუჩებს“ ახალ ბინაში, „ოლიმპიურ სტადიონზე“ გადასახლების დრო მოუვათ. ამრიგად, „ვესტ ჰემის“ პატრონებსა და „ნიუკასლისა“ და „ბლექბერნის“ ყოფილ თავკაცს შორის ყველაფერი გარკვეულია. ელერდაისი ახალ გუნდში ორ წელიწადს დაჰყოფს. ამ ხნის განმავლობაში ის ხელფასად 3 მილიონ ფუნტს მიიღებს. ამის გარდა გათვალისწინებულია დიდძალი პრემიაც.

„ვესტ ჰემის“ ახალმა თავკაცმა, რომელიც ამჟამად ესპანეთში ისვენებს, შემოთვალა: „ახლა ოჯახთან ერთად ვისვენებ, მაგრამ, როგორც
კი დავბრუნდები, საქმეს შევუდგები. ახალი გავარდნილი გუნდის გონზე მოყვანა ყოველთვის ძნელია, თუმცა მე ყველა ღონეს ვიხმარ, რათა „ვესტ ჰემი“ პრემიერლიგაში რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნო“.

ცნობილი გახდა, რომ „ჩაქუჩების“ მეპატრონეებმა, დევიდ გოლდმა და დევიდ სალივანმა ელერდაისს ფეხბურთელების გაყიდვა არ დააძალეს, უთხრეს, რომ მას შეუძლია ყველა დაიტოვოს. ეს იმას ნიშნავს, რომ „ვესტ ჰემის“ გუნდში დარჩება იანვარში შეძენილი 26 წლის სენეგალელი დებმა ბა. „დიდი სემი“ დარწმუნებულია, რომ ბა, რომელმაც გასულ სეზონში 7 გოლი გაიტანა, პრემიერლიგაში დაბრუნების საქმეში გადამწყვეტ როლს ითამაშებს, თუმცა მანამდე სენეგალელს ხელს შეუწყობენ, რომ ბოლომდე გამოჯანმრთელდეს - აქამდე მას ნიჭის სრულყოფილად გამომჟღავნების საშუალებას მოუშუშებელი ტრავმა არ აძლევდა. საერთოდ, ელერდაისი ცნობილია, როგორც მწვრთნელი, რომელიც სამედიცინო წვრილმანებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ფეხბურთელებს ექსპლოატაციას კი არ უწევს, პირიქით, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

დეკემბერში, როდესაც სემ ელერდაისი „ბლექბერნიდან“ უსამართლოდ გაუშვეს, დაირხა ხმა, თითქოს ის საკლუბი ფეხბურთში მოღვაწეობას თავს ანებედა, მაგრამ ამ ხმამ წესიერად გავრცელებაც კი ვერ მოასწრო, რომ „ვესტ ჰემმა“ ინტერესი გამოამჟღავნა. გეხსომებათ, „ვესტ ჰემს“ ავრამ გრანტის გაშვება და მის ნაცვლად ახალი მწვრთნელის მიყვანა ზამთარშივე უნდოდა, მაგრამ შემდეგ სეზონის ბოლომდე დაცდა ამჯობინა. „ჩაქუჩები“ ელერდაისის კანდიდატურასთან ერთად მარტინ ო’ნილის კანდიდატურასაც განიხილავდნენ.

„ბლექბერნიდან“ გაშვებული ელერდაისი ბოლო დრომდე ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობდა. გაზეთები წერენ, რომ კარგი იქნებოდა, „დიდი სემის“ კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი პრემიერლიგის გუნდში მოწყობილიყო, მაგრამ იმასაც დასძენენ, რომ თუ „ვესტ ჰემის“ პატრონები მას ხელს შეუწყობენ, არც პრემიერლიგის ამბავი გადაიდება ძალიან შორს. ლონდონის ისტ ენდზე სემს მისი ბლექბერნისდროინდელი თანაშემწე ნილ მაკდონალდი შეუერთდება.

ელერდაისის „ვესტ ჰემში“ დანიშვნას „ჩაქუჩთა“ ყოფილი მცველი და დღეს ტელეჟურნალისტი სკოტ მინტო გამოეხმაურა. მან თქვა: „სემი დიდებული არჩევანია. ამ კაცმა ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა გადაიყვანოს გუნდი პრემიერლიგაში და როგორ დატოვოს იქ. დღეს „ვესტ ჰემს“ ყველაზე მეტად სტაბილურობა სჭირდება. რაც კლუბს სათავეში გოლდი და სალივანი ჩაუდგნენ, „აპტონ პარკს“ სწორედ სტაბილურობა აკლია“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული