ცივი ომის დასასრული

AutoSharing Option
ცივი ომი ინგლისის ნაკრების ცენტრალურ მცველ რიო ფერდინანდსა და იტალიელ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს შორის დამთავრდა. თავკაცმა და 32 წლის ვეტერანმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. კონფლიქტის მიზეზი გეხსომებათ: კაპელომ ფერდინანდს კაპიტნობა ჩამოართვა, რათა ის ჯონ ტერისთვის დაებრუნებინა. თან, ეს ამბავი მეტად უხერხულად მოხდა - ფერდინანდი იმხანად დაშავებული იყო, კაპელომ კი არც დაურეკა - ფეხბურთელმა სამკლავურის ჩამორთმევის ამბავი გაზეთებიდან შეიტყო.

მწვრთნელსა და ფეხბურთელს ურთიერთობის გარკვევა ამ ამბიდან მალევე შეეძლოთ, როდესაც ერთ-ერთ თამაშზე, „ოლდ ტრეფორდის“ ლოჟაში, თითქმის გვერდიგვერდ მოხვდნენ, მაგრამ მათ ერთმანეთისკენ არც კი
გაუხედავთ. და აი, ახლა, კაპელო და ფერდინანდი მას მერე პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ეს შვეიცარიასთან შესარჩევი შეხვედრის წინ, ჰერტფორდშირში, „გროუვ ოტელში“ მოხდა, სადაც ინგლისელები დაბანაკდნენ.

ფერდინანდმა ჟურნალისტებისა და ფოტორეპორტიორების წინაშე ხაზი გაუსვა, რომ გუნდის დანარჩენ წევრებთან, მათ შორის ტერისთანაც მეგობრული ურთიერთობა აქვს. ის ხუმრობდა და ყველასთან ახლობლობას ამჟღავნებდა. გუნდთან ერთად იყო „ვესტ ჰემის“ 31 წლის მეკარე რობერტ გრინიც. მოგეხსენებათ, ის განასთან ამხანაგური შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დასვეს, რაც იუკადრისა და ნაკრებიდან წასვლითაც კი დაიმუქრა. ინგლისის ნაკრების ხელმძღვანელობას ბოლო წამადე არ ჰქონდა იმედი, რომ შვეიცარიასთან შეხვედრაში გრინი გუნდს დაეხმარებოდა, მაგრამ გოლკიპერმა გადაწყვეტილება შეცვალა. მიზეზი: ფულჰემელ დევიდ სტოკდეილს პარასკევს ცოლი მოჰყავს და სათადარიგოთა სკამზე ვინმე ხომ უნდა ყოფილიყო?

რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ მაიკლ ქერიკს, მისი თამაში სათუოა - გასულ შაბათს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარსელონელებმა ფეხი ატკინეს. ქერიკი ეროვნული გუნდის შეკრებაზე კი ჩავიდა, მაგრამ ვარჯიშს მოედნის კიდიდან ადევნა თვალი. მას მტკივან ადგილას სურათი გადაუღეს და პასუხს ელიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული