უცნაურ ამბავი "ვესტ ჰემის" თავს

AutoSharing Option
დავიწყოთ იმით, რამაც „ვესტ ჰემის“ მეპატრონეებს დევიდ გოლდსა და დევის სალივანს გაოცებისგან პირი დააღებინა - სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ჩაქუჩების“ ფანმა, მალაიზიელმა ბიზნესმენმა ტონი ფერნანდესმა განაცხადა, რომ კლუბის ყიდვას აპირებს.

სიტყვასიტყვით, ასე იყო: „გაცნობებთ „ვესტ ჰემის“ ყველა ფანს, რომ მე კლუბის ახლანდელ მეპატრონეებს საკმაოდ სარფიანი წინადადებით მივმართე. ვნახოთ როგორ პასუხს გამცემენ ისინი“.

ხმა ფერნანდესის შესახებ ელვის სისწრაფით მოედო ლონდონის ისტ ენდს და, ბუნებრივია, გოლდისა და სალივანის ყურებამდეც მიაღწია. სალივანის პასუხმა არ დააგვიანა: „ჩვენ არანაირი წინადადება არ მიგვიღია“ - განაცხადა „ჩაქუჩთა“ მეპატრონემ.

ტონი ფერნანდესის შესახებ ის შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ ის მალაიზიის იაფი ავიაკომპანიის Air Asia-ს ხელმძღვანელია და სპორტის დიდი მოყვარულიც გახლავთ. კერძოდ, ფერნანდესი გახლავთ ფორმულა ერთის გუნდ „ლოტუსის“ ბოსი და 2009 წელს გოლდსა და სალივანს „ვესტ ჰემს“ ეცილებოდა - ცდილობდა მათთვის ვაჭრობაში ეჯობნა და ლონდონის კლუბი მას დარჩენოდა, რაც არ გამოუვიდა. როდესაც, ცოტა ხნის წინ, „ვესტ ჰემმა“ „უიგანთან“ 2:0 უპირატესობა ხელიდან გაუშვა და 3:2 წააგო (რის გამოც პრემიერლიგიდან გავარდა),  ფერნანდესმა „ტვიტერში“ დაწერა:

„რა სამწუხაროა გუნდი ჩემპიონშიპში რომ გავარდა. როგორ მოახერხეს 2:0 უპირატესობის ხელიდან გაშვება და 3:2 წაგება? ასეთ დიდ კლუბს, ამგვარი სამარცხვინო ყოფა არ ეკადრება. თუ ფანები მთხოვენ, საქმეში ჩავერევი“.

ფერნანდესის მტკიცებით, თუ ის კლუბის მეპატრონე გახდება, კლუბის უფრო ძვირად გაყიდვას კი არ ეცდება, საქმეში ფულს ჩადებს.

პასუხად გოლდმა თქვა: „ჩვენ კლუბში ფინანსების მოზიდვა ძალიან გვინდა და სიამოვნებით დავსხდებით ტონისთან მთელი რიგი დეტალების მოსალაპარაკებლად. მზად ვართ ის დირექტორატში შევიყვანოთ, მაგრამ როდესაც კაცს აქციათა საკონტროლო პაკეტის შეძენა აინტერესებს, ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა მოქმედ მეპატრონეებს უნდა მიმართოს, თორემ კლუბის „ტვიტერით“ ყიდვა ძალიან უცნაურ საქმედ მეჩვენება. თუმცა, რა იცი რა ხდება... ყოველ შემთხვევაში, მოდი იმედი ვიქონიოთ, რომ მთელი ამ ხმაურის შედეგად „ვესტ ჰემს“ ერთი სერიოზული ინვესტორი შეემატება“.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, წარმოგიდგენიათ, როგორ გუნებაზე დადგებოდა ამ არეულობის შემყურე, „ვესტ ჰემის“ მწვრთნელად ორი დღის წინ დანიშნული სემ ელერდაისი? მისი დაწყნარება სალივანმა ითავა:

„ეს ყველაფერი სისულელეა. მინდა სემი დავარწმუნო, რომ მის ორწლიან კონტრაქტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ის კვლავაც ყველაზე შესაფერის კანდიდატურად მიგვაჩნია. ერთადერთი, რასაც დღეს ვფიქრობ ის არის, რომ ტონი ფერნანდესს „პი არი“ დასჭირდა და ამიტომაც მოიგონა „ვესტ ჰემის“ ყიდვის ამბავი. აი, ვინმე რუსი მილიარდერი რომ გამოჩენილიყო და ეთქვა, რომ „ვესტ ჰემში“ ასეულობით მილიონის ჩადებას აპირებს, სხვა საქმე იქნებოდა, მყისვე დავუთმობდით ასპარეზს. დიახ, მეორე რომან აბრამოვიჩს ან შეიხ მანსურს უარი როგორ უნდა უთხრა, მაგრამ, როდესაც, ხედავ რომ კაცს შენი კლუბი მხოლოდ სამკაულად უნდა და თან წინადადებით „ტვიტერის“ საშუალებით მოგმართავს, ბუნებრივია, უარს შეუთვლი. დღეს, როდესაც „ვესტ ჰემის“ აღორძინებას ვაპირებთ, ასეთი არასერიოზული ნაბიჯები არ გამოგვადგება“.

ჟურნალისტები ელერდაისსაც შეეხმიანენ. „დიდმა სემმა“ თქვა: „რასაკვირველია, შევშფოთდი, მაგრამ დევიდ სალივანთან ლაპარაკის შემდეგ ცოტა გულს მომეშვა. მივხვდი, რომ ის „ვესტ ჰემის“ გაყიდვას არ აპირებს, რადგან ეს კლუბი უყვარს და მისი აღორძინება გულით სწადია“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული