ჰიუზის გაქცევა

AutoSharing Option
უელსელ მწვრთნელს, 47 წლის მარკ ჰიუზს ბრალად სიტყვის გატეხვა დასდეს - „ფულჰემის“ თავკაცი მოჰამედ ალ ფაედი ბრძანებს, რომ ჰიუზმა მას „კრეივენ კოტეჯზე“ დარჩენის პირობა მისცა, მაგრამ მეორე დღეს „ასტონ ვილაში“ გადასვლის ეშხით გაიქცა.

თავის მხრივ ბირმინგემელები ამბობენ, რომ ჰიუზი დასავლეთ ლონდონიდან მათი გულისთვის არ გაქცეულა.

„ფულჰემის“ მავანმა თანამშრომელმა „სანს“ უამბო: „ოთხშაბათ საღამოს ჰიუზს ახალ, ორწლიან კონტრაქტზე ელაპარაკნენ. ამ ხელშეკრულებაში
ხელფასის მომატება გათვალისწინებული იყო. ტექსტისთვის თვალი იურისტებს უნდა გადაევლოთ, რის მერეც ხელის მოწერაღა რჩებოდა. თითქოს, ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ მოწმენდილ ცაზე
მეხი გავარდა - მეორე დღეს ჰიუზმა კლუბი დასტოვა.

ეს ერთი მხრივ კარგია. თუკი მწვრთნელსა და მეპატრონეს შორის გაუგებრობაა, ჯობს მათი გზები ივნისის პირველ დღეებშივე გაიყაროს, ვიდრე აგვისტოში, როდესაც ჩემპიონატი იწყება. „ფულჰემი“ მარკ ჰიუზის გარეშე ნამდვილად არ დაიკარგება. გავრცელდა თუ არა ხმა, რომ მან გუნდი დასტოვა, „კრეივენ კოტეჯის“ კართან რიგი დადგა“.

ჰიუზი „ფულჰემიდან“ „ასტონ ვილას“ გულისთვის გაქცევას, რა საკვირველია, უარყოფს. უელსელმა, რომელმაც „კრეივენ კოტეჯზე“ ერთი წელიწადი გაატარა, თავისი პოზიცია ასე განმარტა:

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განვაცხადო, რომ არც ჩემთვის მოუმართავს რომელიმე კლუბს სათავეში ჩადგომის წინადადებით და არც ჩემი რომელიმე აგენტისთვის. „ფულჰემიდან“ წასვლა გარე ძალების გამო არ გადამიწყვეტია“.

ჰიუზთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, რომ ახალი კონტრაქტის პირობებს ის და კლუბი ორი თვის განმავლობაში ათანხმებდნენ, ასე რომ, ამ მხრივ, ყველაფერი კარგად იყო. მწვრთნელის „კრეივენ კოტეჯიდან“ წასვლის მიზეზი სულ სხვა რამ, კერძოდ კი სატრანსფერო თანხების ნაკლებობა ყოფილა. უელსელმა სპეციალისტმა დაინახა, რომ მისი გეგმების განხორციელებას მეტი ფული სჭირდებოდა, ვიდრე „ფულჰემი“ აძლევდა. კერძოდ, მწვრთნელს, 10 მილიონ ფუნტად, „ესპანიოლიდან“, 25 წლის არგენტინელი თავდამსხმელის, პაბლო ოსვალდოს გადაბირება სურდა, მაგრამ ვერ ახერხებდა.

„რაც „ფულჰემის“ მწვრთნელად დადგა ჰიუზს ფაქტობრივად პენიც არ დაუხარჯია. მან დაინახა, რომ ამის შესაძლებლობა არ მომავალში მიეცემოდა და წასვლა ამჯობინა“ - თქვა საქმეში ჩახედულმა წყარომ.

„ფულჰემის“ მეპატრონე კი ახალ კანდიდატურებს განიხილავს. ამბობენ, რომ ალ ფაედს მარტინ ო’ნილიდან, სტივ მაკლარენიდან და ალან კარბიშლიდან მოუწევს ერთის არჩევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული