სესკის ამბები

AutoSharing Option
„არსენალმა“ მადრიდის „რეალს“ შეუთვალა, რომ მისი კაპიტნის, 24 წლის სესკ ფაბრეგასის ფასი 54 მილიონი ფუნტია. დანარჩენი ევროპისთვის გასაგებ ენაზე, ეს 61 მილიონ ევრს ნიშნავს. ფაბრეგასის ფასზე კი ლაპარაკი იმიტომ დაიწყეს, რომ „სამეფო კლუბის“ დირექტორმა ხოსე ანხელ სანჩესმა ჩრდილოლონდონელებს მის ყიდვაზე ჩამოუგდო სიტყვა.

ცნობისთვის: ეს მოხდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც „მეთოფეთა“ თავკაცმა, არსენ ვენგერმა, განაცხადა, რომ სესკის შესახებ მას არავინ შეხმიანებია. ამბობენ, რომ „რეალი“ მზად არის არ დაინანოს ეს თანხა, ოღონდ კი ფაბრეგასი „ბარსელონას“ აწაპნოს ცხვირწინ.

ინგლისელმა ჟურნალისტებმა საკითხში უკეთ
გარკვევისთვის მადრიდში გამონახეს ნაცნობები. ერთმა მათგანმა, რომელიც „რეალში“ მუშაობს, თქვა:

„პრეზიდენტმა ფლორენტინო ტორესმა მიზანში ფაბრეგასი ამოიღო. მან თქვა, რომ „ბარსელონას“ გულს ყველაზე მეტად სწორედ ფაბრეგასის ყიდვით ატკენს. გარდა ამისა, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ფაბრეგასი მომავალ სეზონში მის გუნდს დიდად დაეხმარება და აპირებს „არსენალის“ კაპიტანი რადაც არ უნდა დაუჯდეს, იყიდოს“.

ცნობისთვის: ფაბრეგასის შეძენას ამ ზაფხულს აუცილებლად შეეცდება „მანჩესტერ სიტიც“.

დავუბრუნდეთ პერესის გეგმას. მას 100 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი, რათა ფაბრეგასი და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი, 23 წლის არგენტინელი სერხიო აგუერო „ბარსელონაში“ არ გადავიდნენ. ასე უფრო ზუსტად შეიძლება „რეალის“ პრეზიდენტის გეგმის დახასიათება, რადგან ამ ორი ფეხბურთელის ყიდვა მას მარტო იმიტომ არ უნდა, რომ ისინი კარგად თამაშობენ. „ბარსელონასთავის“ ხელის შეშლის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია.

„რეალის“ წყაროები ამბობენ, რომ „არსენალმა“ მათ მხოლოდ ერთი რამ აღუთქვა: ფაბრეგასს სხვა ინგლისურ გუნდს არ მიჰყიდის.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონაში დაბადებული ფაბრეგასი „ბარსას“ ბავშვთა სკოლაში იზრდებოდა, თუმცა ძალიან ახალგაზრდა „არსენალმა“ წაიყვანა და ვარსკვლავად არსენ ვენგერის ხელში ჩამოყალიბდა. ის უკვე რვა წელიწადია ინგლისში თამაშობს.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონა“ ფაბრეგასში 30 მილიონ ფუნტს იხდის, მეტის დახარჯვას კი არ აპირებს.

საინტერესოა, როგორი გაგრძელება მოჰყვება ამ ისტორიას. ამის შესახებ ჩვენზე მეტი, სავარაუდოდ, ფაბრეგასის ჰოლანდიელმა თანაგუნდელმა რობინ ვან პერსიმ იცის, რომელიც დამღლელი სეზონის შემდეგ, დასავენებლად, ნიუ იორკს სწორედ სესკთან ერთად გაემგზავრა. ძმაკაცებს თან ვან პერსიც მეუღლეც ახლდათ. იმგლისელი ჟურნალისტები ხუმრობენ, რა ძმაკაცობა აქვთ ფაბრეგასს და ვან პერსის ასეთი, რომ მთელი სეზონის განმავლობაში, ყოველ დღე ერთად ყოფნის შემდეგ, დასასვენებლადაც ერთად გაიქცნენო. მეტიც, ესპანელი და ჰოლანდიელი ამპლუბის მიხედვითაც ისე არიან, რომ თამაშის დროს მოედანზე ერთმანეთის ახლოს უწევთ ყოფნა. ვინ იცის, ვან პერსიმ იცის, რომ ფაბრეგასი მალე „არსენალს“ დატოვებს და მეგობართან ყოფნის სიამოვნება გაიხანგრძლივაო, წერს „დეილი მეილი“.

გაზეთები წერენ, რომ „არსენალის“ წყვილმა ნიუ იორკში ძველ თანაგუნდელ ტიერი ანრის შეუარეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული