კრიზისი

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტის“ მეკარე, 21 წლის ჯო ჰარტი უდაოდ ინგლისის ნაკრების ნომერ პირველ გოლკიპერად ჩამოყალიბდა, მაგრამ ვაი, რომ ის შეიძლება ამ გუნდის ერთადერთ მეკარედაც იქცეს. დიახ, ფაბიო კაპელოს მეკარეები თვალსა და ხელს შუა უქრება, რაზეც ჰარტმა იხუმრა: „ხომ ხედავთ, როგორ ვიყნოსე სიტუაცია“.

ინგლისის ნაკრების თავკაცი კრიზისის მოახლოებას კარგა ხანია გრძნობს, მაგრამ ბოლო დროს უსიამოვნო მოვლენები დაჩქარდა. რამდენიმე გოლკიპერმა სანაკრებო ფეხბურთისთვის თავის დანებება გადაწყიტა.

შეგახსენებთ: ჯერ იყო და ნაკრებში თამაშზე უარი 31 წლის პოლ რობინსონმა განაცხადა, შემდეგ კი მას 28 წლის ბენ
ფოსტერმაც მიბაძა. მოგვიანებით ამას რობერტ გრინის ამბავი დაემატა. „ვესტ ჰემის“ 31 წლის კარის მცველმა ზემოთ ჩამოთვლილი კოლეგებისავით ნაკრების დატოვებაზე დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ ამჯერად უკან დახევამ მოუწია. მიზეზი: სათადარიგო მეკარემ, „ფულჰემის“ 25 წლის მოთამაშე დევიდ სტოკდეილმა გუშინ ცოლი მოიყვანა და ეროვნული გუნდი მართლა ერთადერთი კაცის იმედად რჩებოდა.

ჰარტმა თქვა: „ვფიქრობ ეს უბრალო დამთხვევაა. მათ, ყველას, პირადი მიზეზები აქვთ. ზოგს ოჯახური პრობლემა აქვს, ზოგს საფეხბურთო. ეჭვი არ არის თითოეულმა მათგანმა ასჯერ გაზომა, სანამ რამეს იტყოდა.

რობი გრინის გვერდით ყოლა კი დიდებულია. მან „ვესტ ჰემში“ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ინგლისის ნაკრებში თამაშს იმსახურებს“.

მიმომხილველები კი წერენ, რომ მართალია კაპელოს მეკარეებში მაინცდამაინც არ გაუმართლა, მაგრამ ხშირად თავადაც ცდებოდა არჩევანში. ასე მაგალითად, გაურკვეველი იყო მისი ყოყმანი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ. ბოლოს, მან, როგორც იქნა, გრინი არიჩია და... მუნდიალზე, აშშ-ის ნაკრებთან დაშვებული პირველივე შეცდომის შემდეგ ცივად მოიშორა თავიდან. მას მერე „ვესტ ჰემის“ კიპერს მოედანზე ფეხიც არ შეუდგამს, რაც სხვა არაფერია თუა არა საყოველთაო გაფრთხილება: მწვრთნელი შეცდომას არავის აპატიებს. და რა მოხდება, თუკი დღეს ჰარტსაც არ გაუმართლებს და შეცდება? რა უნდა ვუყოთ მერე მის ფსიქოლოგიურ მომზადებას? - კითხულობენ კაპელოს უხეშობით დაშინებული ინგლისელი ჟურნალისტები.

ჰარტი ამბობს: „რასაკვირველია, ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ ვარ, მაგრამ განა ცხოვრებაში ყველგან და ყოველთვის ასე არ არის? ოჯახის პატრონობაც ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და ინგლისის ნაკრების კარში დგომაც. რასაკვირველია, ხანდახან, ალბათ, შევცდები კიდეც, აბა, ისე როგორ იქნება, მაგრამ, მთავარია კაცმა შეცდომის მოლოდინში შიშით არ იცხოვრო. საკუთარმა საქმემ სიამოვნება უნდა მოგანიჭოს. შეცდომა კი... ხანდახან, ჩემს სამი წლის ძმისშვილს პარკში რომ ვეთამაშები, კუთხეში ისე დაარტყამს, რომ ვერ ვიჭერ. ესეც თქვენ გოლი. ცხადია, მეკარემ ყველა ღონე უნდა იხმაროს ბურთი კარში რომ არ გაუშვას, მაგრამ იმასთან, რომ ვიღაცის დარტყმულს ვერ დაიჭერ, წინასწარ უნდა იყო შეგუებული“.

ზემოთ სათადარიგო გოლკიპერი სტოკდეილი ვახსენეთ. მას, რასაკვირველია, საპატიო მიზეზი აქვს, ცოლი მოჰყავს და რა დროს ფეხბურთია, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს - სტოკდეილმა პრემიერლიგაში მხოლოდ რვაჯერ ითამაშა. სხვა სიტყვებით, ის „ფულჰემის“ მთავარი მეკარე არ არის.

ჰარტი ამბობს: „ჩვენთან, პრემიერლიგაში ძალიან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია და ამა თუ იმ გუნდის ძირითადში დამკვიდრება უძნელესი საქმე გახლავთ. ინგლისში მარტო პრემიერლიგაში კი არა, ჩემპიონშიპშიც კი რამდენიმე დიდებული მეკარე თამაშობს. ვიცი, ხალხი ყველაფერში ნაკლს ეძებს, მაგრამ ნაკრებს არ სჭირდება, რომ ქვეყანაში 25 ძლიერი მეკარე იყოს. ხუთი-ექვსი სრულიად საკმარისია. რასაკვირველია, როდესაც გათამაშებენ, შანსი უნდა გამოიყენო და შეეცადო ყველას თავი მოაწონო, მაგრამ მეკარეები ცოტა განსხვავებულ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ შეიძლება რამდენიმე თვით დაგვსვან სათადარიგოთა სკამზე, არადა, ვარჯიშებზე მიღებულ გამოცდილებასა და პრემიერლიგის თამაშს შორის წარმოუდგენლად დიდი განსხვავებაა“.

ეს, რაც შეეხებოდა მეკარეს, თუმცა კაპელოს არც თავდასხმაში აქვს საქმე მაინც და მაინც კარგად. კერძოდ, შვეიცარიასთან თამაშის წინ მის განკარგულებაში ერთადერთი თავდამსხმელი დარჩა - დარენ ბენტი. პიტერ კრაუჩს ზურგი სტკივა, ბობი ზამორას კვლავ თეძო სტანჯავს. ამ კვირის განმავლობაში ორივემ ივარჯიშა, მაგრამ ტკივილი ვერ დაძლიეს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავი უეინ რუნი დისკვალიფიცირებულია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული