ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
რუსი ოლიგარქი გასულ სეზონში „ჩელსის“ შედეგით უკმაყოფილოა. მეორე ადგილზე გასვლა მისთვის არაფერს ნიშნავს და ამიტომაც არ დაინდო კარლო ანჩელოტი რომელმაც ერთი წლის წინ ინგლისის ჩემპიონის ტიტულიც მოაგებინა და ფეხბურთის ასოციაციის თასიც. აბრამოვიჩი ახალი სისხლის ეფექტს ელოდება, ანჩელოტიზე კი ამბობნ, რომ, შეიძლება, „ასტონ ვილას“ მწვრთნელი გახდეს. „ჩელსის“ ძველ ხელმძღვანელთაგან წავიდა ცნობილი დანიელი სპეციალისტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ფრენკ არნესენიც.
აბრამოვიჩის ვარაუდით, ჰიდინკი, მდიდარი გამოცდილების გამო, დირექტორად უფრო გამოდგება, ჰიუზი კი ფეხბურთელების წვრთნისა და დარაზმვის საქმეს მიხედავს. ჰიდინკი 64 წლის სპეციალისტია, ჰიუზი კი 47 წლისა გახლავთ.
მოგეხსენებათ, უელსელი „ფულჰემიდან“ მოდის - „კრეივენ კოტეჯის“ ბინადრებთან ახალი ხელშეკრულება აღარ გააფორმა. ძველი ხელშეკრულების თანახმად ის ივნისის ბოლომდე კიდევ „ფულჰემს“ უნდა ემსახუროს, თუმცა, რეალურად, ახლა იქ საქმე არ არის და დასავლეთლონდონელებმა შეიძლება ჰიუზი ახლავე გაათავისუფლონ. რაც შეეხება ჰიდინკს, ის მზად არის თურქეთის ნაკრებშიც დარჩეს და „ჩელსის“ საქმეებსაც მიხედოს.
ერთი სიტყვით, „ჩელსი“ საერთაშორისო სარბიელზე „ბარსელონასთან“, პრემიერლიგაში კი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ბრძოლისთვის ემზადება. როდესაც ჰიდინკს ჰკითხეს, არის თუ არა შესაძლებელი რომ „ლურჯებმა“ „იუნაიტედი“ ტახტიდან მომავალ სეზონშივე ჩამოაგდონ, მან უპასუხა:
„ამქვეყნად, ყველა გუნდის დამარცხება შეიძლება. ერთი ცხენის დოღი არ არსებობს. პრემიერლიგის გასულ სეზონში ხუთი-ექვსი გუნდის კონკურენციას ვადევნებდით თვალს. ხომ გახსოვთ, „ჩელსი“ სეზონის დასაწყისში საოცრად ძლიერი იყო, შემდეგ პოზიციები დათმო, ბოლოს კი ისევ შესანიშნავად ათამაშდა. სულ ფავორიტთა შორის იყვნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“, ძალიან გაძლიერდა „მანჩესტერ სიტი“... საბოლოოდ ჩემპიონი „იუნაიტედი“ გახდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის გაისადაც აუცილებლად მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს. გაისად, დიდი ბრძოლა იქნება“.
ჰიდინკი, რომელმაც ჩემპიონთა თასი 1988 წელს „ეინდჰოვენის“ თავკაცის რანგში მოიგო, გრძნობს, რომ მის კარიერაში „ჩელსი“ ბოლო... ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი ბოლო კლუბია.
„65 წლისა ვხდები. ეს უკვე საპენსიო ასაკია“ - თქვა ჰოლანდიელმა.
რასაკვირველია, ადგილზე გაჩერებას არც „მანჩესტერ იუნაიტედი“ აპირებს. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდიც აუცილებლად გაძლიერდება. მოგეხსენებათ, „იუნაიტედი“ „ინტერისგან“, 35 მილიონ ფუნტად, ჰიდინკის თანამემამულის, 26 წლის ვესლი სნეიდერის ყიდვას აპირებს, თუმცა ამ ტრანსფერს ხელს ხელფასის საკითხი უშლის. კერძოდ, სნეიდერი, „ინტერში“, ინგლისელებისთვის გასაგებად რომ ვთქვათ, კვირაში 170 ათას ფუნტს იღებს. ხაზს ვუსვამთ, ეს გახლავთ თანხა, რომელიც ჰოლანდიელს შინ მიაქვს, ანუ რაც დაბეგვრის შემდეგ რჩება. ასეთი გიგანტური გასამრჯელოს გადახდა კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეიძლება გაუჭირდეს.