ბინძური ღალატი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის“ 37 წლის ვარსკვლავის, რაიან გიგზის უმცროსმა ძმამ, 34 წლის როდრი გიგზმა სახლიდან ცოლი გააგდო. მიზეზი: აღმოჩნდა, რომ ქალი უფროს ძმასთან, რაიანთან ღალატობდა, თან მთელი 8 წლის განმავლობაში.

საბრალო როდრი ორმხრივ ნაღალატები დარჩა. ერთი მხრივ, მას ათი თვის წინ მოყვანილმა მეუღლემ „დაადგა რქები“, მეორე მხრივ კი საკუთარმა ძმამ. შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედის“ ვარსკვლავი ისედაც შარში იყო გახვეული. მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ ის უელსელ მოდელსა და ერთ-ერთი ბრიტანული ტელეარხის „რეალითი შოუს“ მონაწილე იმოგენ ტომასს ჰყვარობ
და, ცხადია, შინ საქმეები აერია და ცოლთან შესარიგებლად ათასი ხერხის მონახვა სჭირდებოდა და უცებ... რძალი!

თავს დატეხილი უბედურებისგან დაზაფრული როდრი სიმწრისგან ძლივს ლაპარაკობდა: „შაბათს ის ჯერ კიდევ ცოლად მიმაჩნდა, მაგრამ დღეს ასე აღარ არის“.

დღეს, ბრიტანული გაზეთები წერენ, რომ ყველაფერი იმოგენ ტომასის ამბით დაიწყო. მოგეხსენებათ, გიგზმა მოახერხა და უელსელ მოდელს, ინგლისური კანონმდებლობის დახმარებით, იურიდიულად აუკრძალა მისი ვინაობის გამხელა. სხვა სიტყვებით, მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ ტომასს სასიყვარულო თავგადასავალი ჰქონდა პრემიერლიგის მავან ფეხბურთელთან, თუმცა, კერძოდ რომელ ფეხბურთელზე იყო ლაპარაკი, არავინ იცოდა. მოდელს სატრფო რომ დაესახელებინა, დიდძალი ჯარიმის გადახდა მოუწევდა.

ამან, უკუეფექტი გამოიღო. მას-მედიაში დიდხანს მსჯელობდნენ იმაზე თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ოჯახის პატრონი ვარსკვლავი, რომელიც ვინაობის დასახელებამ ასე დააშინა, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, სინამდვილეში ყველას ყველაფერი სცოდნია - სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მთელი მოსახლეობა პირდაპირ ასახელებდა გიგზის გვარს. ერთი სიტყვით, დამალვამ აზრი დაკარგა და მავანმა უფლებამოსილმა პოლიტიკოსმა იურიდიული აკრძალვაც მოხსნა.

ახლა კი ის ვთქვათ, რატომ მოვყევით იმოგენ ტონასის ამბავი, როდესაც ეს წერილი გიგზისა და მისი რძლის სამარცხვინო ურთიერთობას ეხება. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ამბის გახმაურებამ მარტო გიგზის კანონიერი მეუღლე კი არა, რძალი ნატაშაც აღაშფოთა - თავი მოტყუებულად ჩათვალა, იეჭვიანა.

„სანი“ წერს, რომ განადგურებულ როდრის ძმაკაცები, მათ შორის უელსელი ტელემსახიობი უილ მელორი ამშვიდებდნენ, რაიანი კი, ამასობაში, ესპანეთში გახლდათ, მეუღლეს, სტეისი კუკს ურიგდებოდა.

ესპანეთის ამბავზე ცოტა უფრო დეტალურად ვთქვათ: სტეისი და ორი შვილი, 8 წლის ლიბი და 4 წლის ზაკი ესპანეთში რაიანის გარეშე იყვნენ წასულები, ვარსკვლავმა კი კერძო თვითმფრინავი იქირავა და ჩააკითხა, რათა მეუღლეს (რომელმაც ნატაშას ამბავი არ იცოდა) შერიგებოდა.

საინტერესო იყო ძმები გიგზების მამის, 55 წლის დენი უილსონის კომენტარი. შეგახსენებთ, რომ ამ ინგლისელმა კაცმა, რომელიც ოდესღაც „სუინტონში“ რაგბის თამაშობდა, უელსელი მეუღლე, გიგზების დედა ლინი მიატოვა და გაბრაზებული ვაჟებიც მის ჯიბრზე გადავიდნენ დედის გვარსა და ეროვნებაზე. მამის ჯინაზე თამაშობს ამდენი წლის განმავლობაში რაიან გიგზი არა ინგლისის, არამედ უელსის ნაკრებში.

მისტერ უილსონმა თქვა: „რაიანის საქციელმა გული მატკინა, მაგრამ მისით მაინც ვამაყობ. მე რაიანით ყოველთვის ვამაყობდი. იმედი მაქვს ცხოვრების რთულ პერიოდს მალე დაძლევს“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული