ნასრი, იანგი და მოდრიჩი

AutoSharing Option
„არსენალის“ 23 წლის ფრანგი ნახევარმცველი სამირ ნასრი მზად არის პრინციპული მოწინააღმდეგის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბანაკში გადაბარგდეს. ეს, რასაკვირველია, სენსაციურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ „მეთოფეთა“ ვარსკვლავმა, რომელიც „ემირეიტ სთედიუმზე“ 2008 წლიდან თამაშობს და მის შემადგენლობაში 84 შეხვედრა (18 გოლი) აქვს ჩატარებული, იკითხა, ნეტავ „იუნაიტედის“ სასურველ ფეხბურთელთა სიაში ვარ თუ არაო.

ნასრიმ თქვა: „ნამდვილად არ ვიცი მოვაწერ თუ არა „არსენალთან“ ახალ ხელშეკრულებას ხელს. „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა თუ მინდა? მოდი, ჯერ გავიგებ, რამდენად რეალურია ამ ტრანსფერის ამბავი და მერე გაგცემთ პასუხს“.

ნასრის „არსენალთან“ ერთი
წელიწადიღა აკავშირებს. დღეს მისი ფასი 25 მილიონი ფუნტია. საინტერესოა, რომ „იუნაიტედის“ ამბავი ჩრდილოლონდონელთა მწვრთნელმა არსენ ვენგერმაც გაიგო. მან თქვა: „რაც უნდათ ის თქვან. მე ერთი რამის გარანტიას გაძლევთ, ნასრის „მანჩესტერ იუნაიტედს“ არ მივყიდით. ეს გამორიცხულია.“

„არსენალამდე სამირ ნასრი სამშობლოში, „მარსელში“ თამაშობდა. „ველოდრომზე“ მას 121 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი.

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ აკავშირებენ „ასტონ ვილას“ 25 წლის გარემარბის, ეშლი ინგის სახელსაც. უფრო სწორად, იანგმა თქვა, რომ „ვილადან“ წასვლა უნდა, რათა ჩემპიონთა ლიგის დონეზე შეამოწმოს თავისი ნიჭი და უნარი, პრესა-ტელევიზიაში კი ითქვა, რომ ამ ფეხბურთელის შეძენის მსურველთა შორის ყველაზე მეტად „იუნაიტედი“ აქტიურობს. 20 მილიონ ფუნტად დაფასებული ფეხბურთელის ყიდვა „ლივერპულსაც“ სურს, მაგრამ მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგისგან ჯერ შორს არიან.

იანგმა თქვა: „მინდა ძალები უმაღლეს დონეზე მოვსინჯო. ვოცნებობ ვითამაშო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე და, რასაკვირველია, ჩემპიონთა ლიგაში“.

„ასტონ ვილამდე“ ეშლი იანგი „უოტფორდში“ გამოდიოდა. ინგლისის ნაკრებში მას 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

და კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც „ოლდ ტრეფორდზე“ გადასვლის პერსპექტივა აქვს, „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ 25 წლის გამთამაშებელი ლუკა მოდრიჩია. ამბობენ, რომ 20 მილიონ ფუნტად შეფასებულ ხორვატს, „იუნაიტედის“ შეფი სერ ალექს ფერგიუსონი ძალიან აფასებს. შოტლანდიელს მოდრიჩი, თურმე, პოლ სქოულზის იდეალურ შემცვლელად ესახება. „სფურზი“ ოფიციალურად აცხადებას, რომ მოდრიჩის გაყიდვას არ აპირებს, მაგრამ კლუარებს მიღმა ლონდონური კლუბის მაღალჩინოსნებიც კი ამბობენ, რომ ეს ტრანსფერი გარდაუვალია.

„სანს“ „დეზების“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ასეთი რამ უამბო:

„საქმე ის არის, რომ ტრანსფერზე მუშაობა აგენტებმა კი არ დაიწყეს, სერ ალექს ფერგიუსონმა ჰარი რედნაპს პირადად უთხრა, როგორ მოსწონს მოდრიჩის ფეხბურთი და როგორ უნდა, რომ ეს ფეხბურთელი მის გუნდში იყოს. ჰარის, მართალია, გამთამაშებლის შენარჩუნება უნდა, მაგრამ იცის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდძალ ფულს გამოვა და „სფურზის“ დირექტორატი ამ თანხაზე უარს ვერ იტყვის. შესაბამისად, რედნაპი ცდილობს რაც შეიძლება მალე მოაგვაროს „ლივერპულისგან“ ჯო კოულის ყიდვის საქმე, რათა მოდრიჩს შედარებით თავისუფლად შეელიოს“.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუუ ძაან მაგარია იანგი უკვე იყიდა "დეილიმეილში" ვნახე. ეხა ეს ორიგა დარჩა და კიდე ადამს იყიდის..
0
მარტივად ემირატის სტადიონი რატომ არ დაწერე?! ანუ ისე როგორც ჟღერს და არა ისე შენ როგორც გინდა რომ ჟღერდეს ან ქგონია რომ ჟღერს
vova
17:01 07-06-2011
0

სიახლეები პოპულარული