მოგეხსენებათ, ჰიდინკი „ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩთან ახლობლობს. 2009 წლის გაზაფხულზე ის დასავლეთლონდონელებს რამდენიმე თვით სათავეში ედგა, შემდეგ კი ერთგვარი, არაოფიციალური მრჩეველის პოზიცია შეინარჩუნა. ამბობენ,
დაირხა ხმა, და ამის შესახებ ჩვენც მოგახსენეთ, რომ აბრამოვიჩი ჰიდინკს, როგორც გამოცდილსა და ასაკოვანს მაინც უფრო საფეხბურთო დირექტორის თანამდებობას უმზადებდა, თუმცა სპეციალისტის სამშობლოში, ახლობლებზე დაყრდნობით დაიწერა, რომ მას ფეხბურთელებთან ყოველდღიური მუშაობა მოენატრა, რისი საშუალებაც ნაკრების თავკაცობის დროს არ ჰქონდა. მეორე მხრივ, რა უნდა ჰიდინკს ერთია, მაგრამ რას ითხოვს „ჩელსის“ სტუქტურა“ - მეორე. არ არის გამორიცხული, რომ ჰიდინკი, მართლაც, უფრო ზოგად ხელმძღვანელად დანიშნონ, ფეხბურთელების სადევნად კი შედარებით ახალგაზრდა მწვრთნელი მიიყვანონ.
თუ ამ ახალგაზრდას ჰოლანდიელებში დავუწყებთ ძებნას, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ ჰიდინკისთვის ყველაზე სასურველი, წარსულში საუცხოო თავდამსხმელი მარკო ვან ბასტენია, რომლისადმიც სამწვრთნელო საქმის ვეტერანს უდიდესი სიმპატია აქვს. თან, დღეს ვან ბასტენი უმუშევარია. თუმცა, მის გარდა არის კიდევ ორი ვარიანტი: ჰიდინკს ფრანკ რაიკარდსა და რონალდ კუმანთან უმუშავია და მათი ავან-ჩავანი იცის. თუმცა, მარტო ჰოლანდიელების განხილვა, რასაკვირველია, არ იქნება სწორი. გუშინაც ვწერდით, რომ ინგლისში აქტიურად ლაპარაკობენ „ფულჰემიდან“ წასულ მარკ ჰიუზზე.
თუმცა, მოდი, ჯერ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაში დავბრუნდეთ, სადაც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა BBჩ-ს ასე უთხრა:
„გუს ჰიდინკი ლონდონიდან იმდენად კარგ წინადადებას იღებს, რომ მასზე უარის თქმა შეუძლებელია. ჩვენ, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაში ეს ძალიან კარგად გვესმის. ჰიდინკი გრძნობს, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ გასაკეთებელი ბევრი დარჩა. ის მწვრთნელია და ყოველDრიური მუშაობა, ინგლისის ჩემპიონობა და, ალბათ, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაც სურს. რა გაეწყობა, როგორც ჩანს, ბელგიასთან თამაში ბოლო იყო, რომლისთვისაც მან თურქეთის ნაკრები მოამზადა“.
ამბობენ, რომ აბრამოვიჩი თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას ჰიდინკის ბოლო წლისთვის კომპენსაციას, დაახლოებით 5 მილიონ ევროს გადაუხდის. იმასაც ამბობენ, რუს მილიარდერს ეჭვი აქვს, რომ თურქები ჰიდინკის სამსახურიდან გაშვებას გეგმავდნენ, ეს კი მის თავმოყვარეობაზე იმოქმედებდა და ამიტომ ხსენებული თანხით მწვრთნელს უბრალოდ გამოსყიდვას ფიქრობსო.
გამოსყიდვისა და საკომპენსაციო თანხის გადახდის გამოცდილება აბრამოვიჩს აქვს. ჯერ იყო და 2004 წელს, სამსახურიდან კლაუდიო რანიერი რომ გაუშვა თავად გადაუხადა 6 მილიონი ფუნტი. შემდეგ, ჟოზე მოურინიოში „პორტუს“ 2 მილიონი მისცა, სამ წელიწადში კი, იმავ მოურინიოს სანაცვლოდ, 18 მილიონი აიღო. ავრამ გრანტის გაგდება „ჩელსის“ მეპატრონეს 5 მილიონი ფუნტი დაუჯდა, ლუიშ ფელიპე სკოლარისა კი 12 მილიონი.
ბოლო მწვრთნელი, რომელიც დასავლეთლონდონელებმა გაუშვეს კარლო ანჩელოტი გახლდათ. მან წასვლისას თან 6 მილიონი ფუნტი წაიღო.
რაკი ანჩელოტი ვახსენეთ, ორი სიტყვით შევჩერდეთ და ვთქვათ, რომ იტალიელი ერთი წლით ფეხბურთისგან დასვენებას აპირებს. არადა, ამბობდნენ, რომ ის „ასტონ ვილას“ ხელმძღვანელი გახდებოდა. კაცმა რომ თქვას, მის სახელს პრემიერლიგაში ახალაღზევებულ „ქუინზ პარკ რეინჯერსსა“ და ჰიუზის მიერ მიტოვებულ „ფულჰემსაც“ უკავშირებდნენ. ინგლისს გარეთ, კერძოდ კი სამშობლოში, „რომაზე“ იყო ბევრი ლაპარაკი.
„საქმეში დაბრუნებას არ ვჩქარობ, - უთხრა ანჩელოტიმ იტალიურ გაზეთ „ლა სტამპას - რასაც ლაპარაკობენ, ყველაფერი გამოგონებულია. არც ინგლისიდან შემოუთავაზებია ვინმეს სამსახური და არც „რომას“ უთქვამს რამე. ახლა ლონდონში ოჯახის საქმეების მოსაგვარებლად უნდა ჩავიდე, მერე კი ერთ წელიწადს დავისვენებ, თორემ 1995 წლის მერე, ექვს თვეს თუ არ ჩავთვლით, საერთოდ არ დამისვენია“.
თუმცა, მოდი, ანჩელოტი, როგორც „ჩელსის“ წარსული, თავის გზაზე გავუშვათ და გუს ჰიდინკს დავუბრუნდეთ, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ „სტემფორდ ბრიჯზე“ მუშაობა არ დაუწყია, გონება უკვე გუნდის გაძლიერებისკენ აქვს მომართული - ჰოლანდიელმა აბრამოვიჩს თანამემამულე ვარსკვლავის, 26 წლის ვესლი სნეიდერის შეძენა ურჩია. დავაზუსტოთ სნეიდერის ასაკი: ხვალ ის 27 წლისა გახდება.
მოგეხსენებათ, შემტევი ნახევარმცველი „ინტერში“ თამაშობს და მის შესაძენად ერთმანეთს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ ებრძვიან. ახლა, როგორც ჩანს, „დოღში“ დასავლეთლონდონელებიც ჩაერთვებიან.
რა აბრკოლებს სნეიდერს თუნდაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლისგან? ის, რომ „ნერაძური“ მას, ინგლისური სისტემით რომ ვთქვათ, კვირაში 200 000 ფუნტს უხდის, „იუნაიტედს“ კი ამის შესაძლებლობა არ აქვს - ყოველ შემთხვევაში, თავად ინგლისური პრესა წერს ასე. შესაბამისად, სნეიდერს უფრო „სიტიში“ ან „ჩელსიში“ უნდა ველოდოთ.