ხელები შორს ჩიჩარიტოსგან!

AutoSharing Option
მადრიდის „რეალს“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მექსიკელი თავდამსხმელის, 23 წლის ხავიერ ერნანდესის შეძენა მოუნდა, რამაც ინგლისის ჩემპიონი დაძაბა და ფეხბურთელისთვის გასამრჯელოს გასამმაგება გადააწყვეტინა. ამბობენ, რომ მომავალი სეზონიდან ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო, კვირაში 75 ათას ფუნტს მიიღებს.

„იუნაიტედი“ „ასტონ ვილადან“ 25 წლის ეშლი იანგის გადაბირებას ცდილობს და თანხები, ჯერჯერობით, ამ მიმართულებით ჰქონდა მობილიზებული. ეს გარემარბი სერ ალექს ფერგიუსონს 20 მილიონი ფუნტი უჯდება, სატრანსფერო თანხის გარდა კი, ბუნებრივია, მისთვის ხელფასიც ექნება გადასახდელი, რის გამოც ვარაუდობდნენ, რომ ამ ეტაპზე ჩიჩარიტოს ჯამაგირს მხოლოდ გაუორმაგებდნენ, მაგრამ „რეალმა“ თავისი
ქნა.

ასეა თუ ისე, სერ ალექსს „ჩივასიდან“ 6 მილიონ ფუნტად ნაყიდი ფორვარდის გაშვება არ უღირს და ყველა ღონეს ხმარობს, რათა მისი მსურველები მოიგერიოს. ცნობისათვის: ჩიჩარიტოს „იუნაიტედთან“ ოთხწლიანი ხელშეკრულება აქვს დადებული.

საინტერესოა, რომ ეფექტური თამაშის მიუხედავად, ერნანდესი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელი იყო... უფრო სწორად კი ამწუთას ასეთადვე რჩება. საქმე ის გახლავთ, რომ ხელფასის გასამმაგების შესახებ „იუნაიტედის“ ოფისში მექსიკელს მას მერე დაელაპარაკებიან, რაც ის კონკაკაფის „ოქროს თასიდან“ დაბრუნდება. მანამდე კი, ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის ჩემპიონატში ჩიჩარიტომ უკვე გამოიჩინა თავი, სალვადორთან შეხვედრაში სამი გოლი შეაგდო.

რაც შეეხება იანგს, ის გუშინ შეხვდა „ასტონ ვილას“ მეპატრონეს, ამერიკელ რენდი ლერნერს და უთხრა, რომ მისი, უმწვრთნელოდ დარჩენილი გუნდი (მოგეხსენებათ, „ასტონ ვილას“ თავკაცი ჟერარ ულიე გულის ავადმყოფობის გამო სამსახურიდან წავიდა) ამბიციებს ვეღარ უკმაყოფილებს. იანგს, რომელსაც ბოლოხანს ინგლისის ნაკრებში იძახებენ და შაბათს შვეიცარიას გოლიც გაუტანა, საკუთარი შესაძლებლობების ჩემპიონთა ლიგაში გამოცდა სურს.

კიდევ, იანგის „ასტონ ვილაში“ ყოფნა-არყოფნას ერთი თავისებურება აქვს: მას ბირმინგემელებთან ხელშეკრულების ვადა გაისად ამ დროს ეწურება და, ბუნებრივია, ლერნერს ურჩევნია ფეხბურთელი დღეს 20 მილიონად გაყიდოს, ვიდრე ერთი წლის შემდეგ პენიც ვერ იშოვნოს. ერთი სიტყვით, თუ ქვეყანა არ გადაბრუნდა, ამ კვირის ბოლოს იანგს ჯიბეში, უკვე „მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამშრომლის ბარათი უნდა ედოს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ განახლება-გადახალისების ფართო გეგმა აქვს შედგენილი, რომლის პირველი შემადგენელი ნაწილი „ატლეტიკო მადრიდის“ ახლა უკვე ყოფილი მეკარე დავიდ დე ხეა გახლდათ. იანგის შემდეგ ფერგიუსონი „ევერტონს“ მიადგება და ნახევარმცველ ჯეკ როდუელში 25 მილიონ ფუნტს შესთავაზებს, თუმცა ამბობენ, რომ სერ ალექსს „ასტონ ვილასგან“ 21 წლის მცველის, კიერან კლარკის გადაბირებაც უნდა. ეს ახალგაზრდა, რომელზეც ამ ბოლო დროს აქტიურად ალაპარაკდნენ, სავარაუდოდ, 7 მილიონი ფუნტი ღირს.

ამბობენ, რომ ამ ყველაფრის განხორციელების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ორი ფეხბურთელის ყიდვაც ენდომება, რომელთაგან ერთი,
წესით, თავდამსხმელი უნდა იყოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული