დაღლა კი არა, ცუდი ტაქტიკა!

AutoSharing Option
წარსულში ცნობილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა, „არსენალის“ ლეგენდამ, იან რაიტმა ტრადიციულ სვეტში თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის მწვრთნელ ფაბიო კაპელოს შეუტია. მან თქვა, რომ კაპელო პირველად როდი ცდილობს ცუდი შედეგი ფეხბურთელების გადაღლილობით გაამართლოს. მისმა ასეთმა ქცევამ აქეთ გადამღალაო, მწარედ ხუმრობს რაიტი, როდესაც შაბათს, „უემბლიზე“ ჩატარებულ ინგლისელთა და შვეიცარიელთა (2:2) შეხვედრას ეხმიანება.

„ჯობს ჩვენმა მწვრთნელმა დაღლაზე მეტად ტაქტიკასა და ფეხბურთელების სწორად შერჩევაზე ილაპარაკოს“ - დაწერა „სანის“ მესვეტემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ შვეიცარიასთან მწვრთნელი ტაქტიკის განსაზღვრაშიც შეცდა და შემადგენლობის შერჩევაშიც.

„ჩვენ, შაბათს ფრედ იმიტომ კი არ
ვითამაშეთ, რომ ფეხბურთელები გადაღლილები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ჯარიმიდან ორი გოლი გავუშვით, რაც არც მეტი არც ნაკლები, დანაშაულია. ასეთი რამ სანაკრებო კი არა, გაცილებით დაბალ დონეზეც არ ხდება.

ჩვენს ფეხბურთელებს აშკარად ეძინათ, მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე უფრო საღად თამაშობდა და გაცილებით შემოქმედებითი იყო. გახსოვთ ბოლო 25 წუთი? ეს იყო გამაღიზიანებელი მონაკვეთი, როდესაც ჩვენ მეტოქის კარზე შტურმი უნდა მოგვეწყო, სანაცვლოდ კი სულ ორჯერ თუ ვუჩხვლიტეთ მოწინააღმდეგეს.

ისე, ერთი-ორი კაცი შესაძლოა მართლა დაიღალა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ჩამორჩენის გამოსასწორებლად ვხარჯავდით ენერგიას. ჩამორჩენით კი იმიტომ ჩამოვრჩით, რომ დასაწყისში ორი უხეში შეცდომა დავუშვით. კიდევ, ინგლისის ნაკრები შაბათს ბურთს ვერ აკონტროლებდა და ეს ძალიან მაშფოთებს“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული