ჰენდერსონი გაწითლდა, ნგოგი გაშავდა

AutoSharing Option
„სანდერლენდის“ 20 წლის ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი „ლივერპულში“ გადასვლას დაყაბულდა. მხარეებს შორის ყველაფერი გარკვეულია. მერსისაიდელები „შავ კატებს“ 20 მილიონ ფუნტს გადაუხდიან, ჰენდერსონს კი „ენფილდ როუდზე“ სამედიცინო შემოწმების გავლაღა დასჭირდება.

გუშინ ჯორდან ჰენდერსონი ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებთან ერთად დანიას გაემგზავრა, სადაც ახალგაზრდათა შორის ევროპის ჩემპიონატი იწყება. ის „წითლებთან“ კონტრაქტზე ხელს დაბრუნების შემდეგ მოაწერს. აღსანიშნავია, რომ „ლივერპულსა“ და „სანდერლენდს“ შორის გარიგებაში 22 წლის ფრანგი თავდამსხმელის, დავიდ ნგოგის ტრანსფერიც შედის. ბუნებრივია, ნგოგი ჰენდერსონის საპირისპირო მარშრუტს გაივლის ანუ მერსისაიდიდან სანდერლენდში გადაბარგდება.

ამრიგად, კენი დალგლიშმა ზაფხულის
პირველი დიდი ტრანსფერი უკვე განახორციელა, ახლა ჯერი „ბლექბერნიდან“ 19 წლის პილ ჯონსის გადაბირებაზეა. კიდევ, მერსისაიდელები და მათი შოტლანდიელი მწვრთნელი შეეცდება „ბლექპულის“ კაპიტანი, 25 წლის ჩარლი ადამი იყიდოს და ზედაც „იფსვიჩის“ 18 წლის თავდამსხმელი კონორ უიკჰემი დაამატოს.

შეგახსენებთ ადამის თავგადასავალს: „ლივერპულში“ გადასვლა მას იანვარშივე უნდოდა, მაგრამ მოლაპარაკება, რომელმაც კულმინაციას ეგრეთ წოდებული სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მიაღწია, ჩაიშალა. ამის მიუხედავად, მერსისაიდელებმა, რომელთა მეპატრონეც ამერიკული Fenway Sports Group გახლავთ, გადაწყვიტეს იმედი არ გადაეწურათ და გამთამაშებელი ზაფხულში ეყიდათ. აქ, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ადამი, გარდა იმისა, რომ კარგი ფეხბურთელია, შოტლანდიელია, „ლივერპულს“ კი ბრიტანელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის შექმნა აქვს მიზნად დასახული.

ისევ ჰენდერსონის ამბავს დავუბრუნდეთ. როდესაც გაირკვა, რომ „ლივერპულს“ „სანდერლენდიდან“ მისი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელის ყიდვა უნდოდა, „შავმა კატებმა“ ერთი ამბავი ატეხეს, გამოაცხადეს, რომ ეს მოთამაშე მათთვის ძვირფასი იყო და არ იყიდებოდა, მაგრამ ყველასთვის და მათ შორის მწვრთნელ სტივ ბრუსისთვის იმთავითვე ნათელი გახლდათ, რომ ყველა ფეხბურთელს თავისი გასაქანი და ფასი აქვს. შესაბამისად, როდესაც ითქვა, რომ ჰენდერსონი დაახლოებით 20 მილიონი ფუნტის ფარგლებში უნდა გაიყიდოს, ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა. ზოგადად კი, ბრუსს, რასაკვირველია, არ უნდოდა იმ ფეხბურთელის გაყიდვა, რომელმაც გასულ სეზონში მისი გუნდისთვის ბევრი გააკეთა და ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი იყო.

ერთი სიტყვით, ისევე, როგორც იანვარში, „ასტონ ვილასთვის“ 27 წლის დარენ ბენტის მიყიდვის შემთხვევაში, „შავმა კატებმა“ ფული, ამჯერადაც კარგად მოხვეტეს — ბენტი ბირმინგემში 24 მილიონ ფუნტად გაიყიდა, თუმცა, თუ ამ თანხას კლუბი სწორად არ დახარჯავს, ბუნებრივია, პრობლემის წინაშე დარჩება. რად უნდა ლაპარაკი, რომ ჰენდერსონის წასვლის შემდეგ „სანდერლენდს“ მოედანზე შესავსები სივრცე დარჩება.

ჰენდერსონი ნოემბერში საფრანგეთთან სათამაშოდ ეროვნულ გუნდშიც კი გამოიძახეს, მაგრამ ეს სეხვედრა, ჯერჯერობით ერთადერთი აღმოჩნდა მის სანაკრებო კარიერაში. აი, კლუბში კი ორი სეზონის მანძილზე შეუცვლელი იყო.

ზემოთ, შესავსები სივრცე ვახსენეთ. კი, მაგრამ, განა ბრუსმა ბენტის მიერ დატოვებული სიცარიელე შეავსო? რასაკვირველია, არა. ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ რამდენიმე ნაქირავები ფეხბურთელი თავიანთ კლუბებს უბრუნდება. კერძოდ, დენი უილბეკი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუბრუნდება, ნედუმ ონუოჰა - „მანჩესტერ სიტის“, ჯონ მენსა - „ლიონს“, ხოლო სალი მუნტარი - „ინტერს“.

ამბობენ, რომ დანაკლისის შესავსებად ბრუსი სამი თავდამსხმელის შეძენას აპირებს... ერთი უკვე იყიდა და მის შესახებ ზემოთ მოგახსენეთ — ლაპარაკია დავიდ ნგოგზე. ეს ტრანსფერი შესაძლოა თავად ნგოგისთვისაც ძალიან წარმატებული გამოდგეს, რადგან 2008 წლის ანუ „ლივერპულში“ „პარი სენ ჟერმენიდან“ გადასვლის შემდეგ, ის მეორეხარისხოვან მოთამაშედ იქცა.

ახლა, „შავ კატებს“, ჰენდერსონის შემცვლელიც მოსაძებნი ჰყავთ და, რაც მთავარია, თავიანთი გულშემატკივრისთვის აქვთ პასუხი გასაცემი. ფანებს ხომ ჯერ დარენ ბენტის გაქცევა არ ჰქონდათ მონელებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული