რატომ გარბის ხალხი "არსენალიდან"

AutoSharing Option
„არსენალის“ 22 წლის გარემარბმა, თეო უოლკოტმა თქვა, რომ მისი თანაგუნდელების ერთი ჯგუფი „ემირეიტ სთედიუმიდან“ წასვლას აპირებს. და რასაკვირველია, მან იცის მიზეზი: ექვსი წელიწადი ჯილდოს გარეშე. ვაზუსტებთ: აქ მაინცდამაინც ინგლისის ჩემპიონის ტიტულზეც კი არ არის ლაპარაკი. „მეთოფეებს“ 2005 წლის მერე საერთოდ არაფერი მოუგიათ.

დღეს უოლკოტი მწვრთნელ არსენ ვენგერს სთხოვს, დანაპირები შეასრულოს და გუნდში ცნობილი, გამოცდილი და აღიარებული ვარსკვლავები მოიყვანოს, ისეთები როგორიცაა, მაგალითად, 23 წლის ფრანგი კარიმ ბენზემა. მოგეხსენებათ, ბენზემა უკვე ორი წელიწადია მადრიდის „რეალში“ გამოდის, სადაც 60 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა.

„მე კარგად მესმის, რატომ უნდა ზოგიერთ ფეხბურთელს გუნდის დატოვება. ისინი გულაცრუებულები არიან. მათ ტიტულების მოგება უნდათ, ეს ბედნიერება კი „არსენალს“ ექვსი წელიწადია არ სწვევია“ - თქვა უოლკოტმა.

გარემარბს ყველაზე მეტად სესკ ფაბრეგასისა და სამირ ნასრის დარჩენა სურს.

„მწვრთნელმა თქვა, რომ ამ ზაფხულში ფულს არ დაინანებს და გუნდს გააძლიერებს. ძალიან მაინტერესებს ვის ყიდვას აპირებს ვენგერი. ჩვენ მართლაც „მოკლე სკამი“ გვაქვს და თანაბარი ძალის მოთამაშეთა რაოდენობის გაზრდა ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი. გავიგე, თითქოს „რეალიდან“ ბენზემას გადმოყვანაზეა ლაპარაკი. ბენზემას ამბავი თუ გამოვიდა, მართლაც ძალიან კარგი იქნება, რადგან ამ კალიბრის ფეხბურთელი ყველაფერს გამოაცოცხლებს, ბოლოს და ბოლოს შედეგს მივაღწევთ და სხვა მოთამაშეებს გუნდიდან გაქცევა აღარ ენდომებათ.

რაღა დაგიმალოთ და არც მე ვარ გამონაკლისი. სულაც არ მინდა ხალხმა მხოლოდ სწრაფ მოთამაშედ დამიმახსოვროს. მინდა ისტორიას შემოვრჩე, როგორც რაიან გიგზი ან პოლ სქოულზი, რომელთაც უამრავი ჯილდო მოიგეს. ვფიქრობ, გამიმართლა, რადგან ჯერ 22 წლისა ვარ და ბევრი რამ წინ მელის. მეორე მხრივ კი, როდესაც დიდ კლუბს წარმოადგენ და ძალიან ლამაზ ფეხბურთსაც თამაშობ, ვალდებული ხარ შედეგიც გქონდეს“.

დღეს „არსენალი“ შარშანდელივით „ბარსელონას“ მოგერიებით არის დაკავებული - ესპანეთსის ჩემპიონსა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს თავისი სკოლის აღზრდილი ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის დაბრუნება უნდა. გაურკვეველია სამირ ნასრის მომავალიც. ფრანგს „არსენალთან“ ერთი წელიწადიღა დარჩა და ამბობენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ცდილობს მის გადაბირებას. უოლკოტმა განაგრძო:

„თუ გაძლიერებაზე ვლაპარაკობთ, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები უნდა შევინარჩუნოთ. ტოპ ოთხეულიდან ჩამოვარდნა ყოვლად დაუშვებელია. ეს თუ მოხდა, ჩათვალეთ, რომ ახალგაზრდა თაობასაც დავკარგავთ“.

დაბოლოს, საკუთარი პოზიციის შესახებ: „ძალიან მინდა, რომ მომავალ სეზონში მწვრთნელმა ცოტა უფრო წინიდან მათამაშოს. მე „არსენალში“ მოვედი როგორც თავდამსხმელი და ჯერ კიდევ მახსოვს როგორ უნდა მეტოქის საჯარიმოსთან ტრიალი“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული