ფერგის ჯიბე

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი სამხრეთ საფრანგეთში ისვენებს, მაგრამ როგორც კი საქმეს დასჭირდა, ნებივრობა შეწყვიტა და ინგლისში გადაფრინდა - ფერგიმ „ლივერპულის“ თავკაც კენი დალგლიშს, 16,5 მილიონ ფუნტად, „ბლექბერნის“ 19 წლის ცენტრალური მცველი ფილ ჯონსი ცხვირწინ ააცალა.

ჯონსი „იუნაიტედის“ სამედიცინო ცენტრში უკვე შეამოწმეს და არც ის დაუმალავთ, რომ რომ ის „ოლდ ტრეფორდზე“, ხუთი წლის განმავლობაში კვირაში 40 ათას ფუნტს მიიღებს. ერთი სიტყვით, მართალია სატრანსფერო სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ ფერგიუსონმა უკვე 35 მილიონ ფუნტამდე დახარჯა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ინგლისის
ჩემპიონმა 18,3
მილიონად მადრიდის „ატლეტიკოსგან“ 20 წლის მეკარე დავიდ დე ხეა შეიძინა.

საინტერესოა, რომ არც ჯონსი გახლდათ ინგლისში. ის 21 წლამდელთა ნაკრებთან ერთად დანიაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობს, მაგრამ „იუნაიტედთან“ კონტრაქტის გასაფორმებლად მანჩესტერში გადაფრინდა. როგორც ჩანს, ფერგიუსონმა გუნდის გაახალგაზრდავების გეგმა უკვე აამუშავა.

ჯონსის ტრანსფერს ბარბადოსიდან მანჩესტერელთა ვარსკვლავი უეინ რუნიც შეეხმიანა. მან „ტვიტერში“ დაწერა:

„ფილ ჯონსი კარგი ინგლისელი ფეხბურთელია. იმ მცველებს შორის, ვისაც გასულ სეზონში ვეთამაშე, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. სხვათაშორის, ნახევარმცველობაც შეუძლია“.

ფერგიუსონის შემდეგი ნაბიჯი „ასტონ ვილადან“ ეშლი იანგის გადაყვანაა. ტაბლოიდებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, რომ იმ დღეს, როდესაც „ოლდ ტრეფორდზე“ ჯონსი ჩავიდა, იქვე იყო 25 წლის გარემარბის აგენტი ერიკ უოლტერსიც, რომელიც ინგლისის ჩემპიონის წარმომადგენლებთან ფინანსურ საკითხებს აგვარებდა. რამდენადაც ცნობილია, „ლივერპულს“ ამ ფეხბურთელის შეძენაც სურდა. ცნობისათვის: ეშლი იანგს ამ უქმეებზე ცოლი მოჰყავს და ერთი ხნის წინ უკვე ამბობდა, ახალი გუნდის ამბავი ქორწილამდე უნდა მოვაგვაროო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული