ჰენდერსონი ოთხჯერ გამდიდრება

AutoSharing Option
ჯორდან ჰენდერსონს „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ შემოსავალი ოთხჯერ გაეზრდება. მოგეხსენებათ, „სანდერლენდის“ ყოფილმა ნახევარმცველმა მერსისაიდელებთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და კვირაში 60 ათას ფუნტს მიიღებს. ოთხშაბათი დღე ჰენდერსონმა ლივერპულის საავადმყოფოში, სამედიცინო შემოწმებებში გაატარა. მოგეხსენებათ, 20 წლის ფეხბურთელი „წითლებს“ 20 მილიონი ფუნტი დაუჯდათ, ოღონდ საფასური მთლიანად ფულით არ გადაუხდით - თანხის ნაწილი თავდამსხმელ დავიდ ნგოგში გაიქვითა, რომელიც „ლივერპულიდან“ „სანდერლენდში“ გადაბარგდა.

მერსისპირეთში საქმეების მოგვარების შემდეგ, ჰენდერსონი დანიაში დაბრუნდა, სადაც სტიუარტ პირსის ხელმძღვანელობით ევროპის 21 წლამდელთა პირველობაში მიიღებს მონაწილეობას.

„წითლების“ მწვრთნელი კენი დალგლიში შემდეგ ნაბიჯს „ბირმინგემის“
მცველის, 24 წლის სკოტ დენის გადასაბირებლად გადადგამს. თუ დენის ფრონტზე არაფერი გამოუვა, დალგლიშს ალტერნატიული ვარიანტიც აქვს შეგულებული - „პარი სენ ჟერმენის“ 21 წლის მოთამაშე, სენეგალური წარმოშობის ფრანგი მამადუ საკჰო.

დენი „ბირმინგემისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი რომ არის, იმითაც მტკიცდება, რომ სანამ ის ორთავა კუნთის ტრავმას მიიღებდა, ალექს მაკლიშის გუნდი ასე თუ ისე, მყარად იდგა, მაგრამ ბოლო ოთხი თვე „ლურჯებმა“ მის გარეშე ჩაატარეს და გავარდნენ კიდეც პრემიერლიგიდან. ბუნებრივია, დენის გუნდში დატოვება და ჩემპიონშიპში გამოყვანა, როდესაც მას „ლივერპული“ ეპატიჟება, ბირმინგემელებისთვის ძალიან ძნელი საქმე იქნება.

დალგლიშის გეგმებში შედის „ასტონ ვილას“ სტიუარტ დაუნინგის, ბლექპულელი ჩარლი ადამის და იფსვიჩელი კონორ უიკჰემის ყიდვაც. ამასთან, ივლისში, „ენფილდ როუდზე“, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის, სილვაინ მარვოს მისვლასაც ელიან - მარვო 25 წლის ნახევარმცველია, რომელიც „რენში“ თამაშობდა, მაგრამ კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ახლა, თავისუფალი აგენტის სტატუსით ლივერპულს მიემგზავრება. „ლივერპულში“ ელიან 25 წლის ესპანელ მარჯვენა მცველ ხოსე ენრიკესაც, რომელსაც ინგლისელი კომენტატორები უფრო ენრიკედ მოიხსენიებენ.

არის კიდევ ერთი ვარიანტი. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულსა და ესპანეთის ჩემპიონ „ბარსელონას“ 23 წლის თავდამსხმელი ჟეფრენ სუარესი აღარ სჭირდება და მის სხვაგან გადასვლას ხელს არ შეუშლის. ამბობენ, რომ ეს „სხვაგან“, შეიძლება „ლივერპული“ იყოს, თუმცა ჟეფრენი ბრიტანელი არ არის, დალგლიშს კი გულში ბრიტანული გუნდის შექმნა აქვს ამოჭრილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული