ახალი მწვრთნელის ძიებაში

AutoSharing Option
ჟერარ ულიეს წასვლის შემდეგ „ასტონ ვილას“ ახალი მწვრთნელი სჭირდება და დიდი შანსია ის რობერტო მარტინესი იყოს.

ბირმინგემელთა კლუბის ამერიკელმა მეპატრონემ, რენდი ლერნერმა „უიგანისგან“ 37 წლის ესპანელ მწვრთნელთან მოლაპარაკების ნებართვა მიიღო. თავად ლერნერს მარტინესზე მეტად ინგლისელი სტივ მაკლარენის მიწვევა უნდოდა, მაგრამ გულშემატკივრებმა ნაკრების ყოფილი მწვრთნელის გაგონებაზე ისეთი ამბავი ატეხეს, რომ ამერიკელმა უკან დაიხია.

აღსანიშნავია, რომ ლერნერი კიდევ ერთ ვარიანტს განიხილავდა, „ლივერპულის“ ყოფილი თავკაცის, მარტინესის თანამემამულე რაფა ბენიტესის დაქირავება სურდა. შეხვდა კიდეც ბიზნესმენი ბენიტესს ლონდონში, მაგრამ მასთან მოლაპარაკებამ დაანახა, რომ ამ განზრახვაზე
ხელი უნდა აეღო.

მარტინესმა, მოგეხსენებათ, „უიგანი“ ამ სეზონში პრემიერლიგაში დასტოვა. მას ამისთვის იოლად არ მიუღწევია, ყველაფერი დრამატულ ბოლო ტურში გადაწყდა, მაგრამ მთავარია, რომ შედეგს მიაღწია, ბედმაც გაუღიმა და აგერ, „ვილასთანაც“ დააკავშირა. გუშინ ესპანელმა სპეციალისტმა შვებულება შეწყვიტა, ინგლისში გადაფრინდა და ლერნერს შეხვდა.

„უიგანის“ მეპატრონე დევიდ უილანმა კი ასეთი რამ განაცხადა:

„ბირმინგემელები წესიერად მოიქცნენ. მათ ზურგსუკან თაღლითობა არ დაუწყიათ, დამიკავშირდნენ და რობერტო მარტინესთან დალაპარაკების ნებართვა მთხოვეს. მეც დავთანხმდი“.

თუმცა, უილანმა იმავე საუბარში აღნიშნა, სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ მარტინესი ჩვენს შორს მიმავალ გეგმებს იოლად გადააბიჯებს და „ვილას“ პირველივე დაძახილზე მიგვატოვებსო.

„მართალი გითხრათ, ძალიან გამიკვირდება რობერტომ ბირმინგემელებს თანხმობა რომ განუცხადოს და „უიგანი“ დასტოვოს. მე მარტინესს მკაფიოდ ვუთხარი, რომ მასთან თანამშრომლობა მსურს და კონტრაქტსაც გავუხანგრძლივებ. მე და მას ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ ერთმანეთს არასდროს ვუღალატებთ, მაგრამ ცხოვრება ისეთი რამ არის, რომ გადაჭრით კაცმა მაინც არაფერი უნდა თქვა“, - ამბობდა გუშინ დილით „უიგანის“ თავკაცი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული