ერთი ღიპის ამბავი

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტის“ 30 წლის ვარსკვლავს, კოტ დ’ივუარელ კოლო ტურეს აკრძალული პრეპარატის მიღების გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია რომ მიუსაჯეს ცნობილი ამბავია, მაგრამ წამლებით რატომ იჭყიპებოდა არ გაინტერესებთ? თურმე, ავადმყოფურად ეშინია ღიპი არ დაედოს.

ტურეს საკუთარი წონა, უფრო კი, ალბათ, სიმსუქნისაკენ მიდრეკილება იმდენად აწუხებს, რომ ცოლის მეგობრის რჩევას მისდია და რაღაც აბების სმა დაიწყო. სწორედ ამას მოჰყვა დოპინგის ისტორიაც - ერთ-ერთი თამაშის შემდეგ, ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, გაირკვა, რომ ნივთიერება, რომელიც ამ აბებში შედიოდა, სპორტსმენთათვის აკრძალული იყო.

ეს ყველაფერი მას მერე გახდა ცნობილი, რაც
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ისტლენდელთა ყოფილი კაპიტნის საქმის დეტალები გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ ტურე ერთი მხრივ საკუთარ წონაზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული გამხდარა, მეორე მხრივ კი ნერვიულად, მაგრამ იმავდროულად უსისტემოდ ცდილობდა საიდანმე შეეტყო, იყო თუ არა ამ აბებში შემავალი რომელიმე ნივთიერება აკრძალული. ასოციაციის განცხადებაში სიტყვასიტყვით წერია, რომ მას ჩამოუყალიბდა არასწორი რწმენა, რომ მსუქანია.

ფეხბურთელი აღიარებს, რომ იანვრიდან მოყოლებული ჩვეულებრივ დღეებში ორ აბს სვამდა, თამაშის დღეებში კი მედიკამენტს ერიდებოდა, რადგან იგრძნო, რომ ის დაღლილობას იწვევდა. ამასთან, ტურე გულუბრყვილო ადამიანიც ყოფილა. მან სცადა ისევ და ისევ ცოლის მეგობრის საშუალებით გაერკვია, იყო თუ არა ფეხბურთელებისთვის ამ აბების მიღება ნებადართული. ამისათვის ცოლის მეგობარი სხვადასხვა კლინიკებში რეკავდა, აბებს უგზავნიდა და დასკვნას ეკითხებოდა.

თუმცა, ტურე იმასაც ამბობს, რომ ერთხელ, სასტუმროში, რომელიღაც მატჩის წინ, მედიკამენტი „მანჩესტერ სიტის“ ექიმ ჯეიმს ბატლერს აჩვენა და ექიმმა უპასუხა, რომ ამ აბების მიღებაში ცუდი არაფერია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული