ამაზეა ნათქვამი ბომბეიდან ლონდონამდე... უფრო სწორად მანჩესტერამდე გვირაბს თხრიდნენო.
ახლავე გეტყვით რა შუაში არიან ინდოელები: „ბლექბერნი“ იქაური კორპორაცია „ვენკის“ გუნდია. „ვენკის“ და შესაბამისად „ბლექბერნსაც“ მუმბაელი მილიარდერები, დესაები ფლობენ,
და იცით, როგორი გაგრძელება მოყვა მუმბაელი დესაების გაბრაზებას? წამსვე წამოჰყო თავი „ლივერპულმა“ და „ბლექბერნს“ 22 მილიონი ფუნტი შესთავაზა. სად იყო და სად არა, გამოჩნდა „არსენალიც“, რომელმაც ასევე გამოაჩინა მანჩესტერელების 16,5 მილიონზე მეტი. ალაპარაკდნენ „ჩელსიზეც“. დასავლეთლონდონელებს ჯონსის ყიდვა სხვებზე ნაკლებ როდი სდომებიათ. წარმოიდგინეთ, რამხელა შეურაცხყოფა იქნება ფერგიუსონისთვის, ამოდენა ხმაურის და ზარ-ზეიმის შემდეგ ფეხბურთელი „ლივერპულში“ რომ აღმოჩნდეს.
„დეილი მეილმა“ დაზუსტებით შეიტყო, რომ „ბლექბერნის“ მეპატრონეები უპირველეს ყოვლისა მანჩესტერელთა ქცევამ გააღიზიანა. შაბათს მათ თავიანთთან, ინდოეთში, ოღონდ არა მუმბაიში, არამედ მაჰარაშტრას შტატის მეორე ქალაქ პუნში სასწრაფო თათბირი გამართეს და მასზე დასასწრებად ინგლისიდან გუნდის მწვრთნელი სტივ კინი დაიბარეს. ვინ იცის, „იუნაიტედისთვის“ კოჭის გორების გამო ერთი ლაზათიანად შეჯორეს კიდეც. ერთი სიტყვით, თათბირი შედგა და გადაწყდა, რომ ფილ ჯონსის ტრანსფერი უნდა შეჩერდეს.
„ბლექბერნის“ თავმჯდომარე ქალმა, ანურადა დესაიმ კინს აუხსნა, რომ მან და მისმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს ჯონსი გუნდში დატოვონ. მწვრთნელს დაევალა ფეხბურთელი ნახოს და უთხრას, რომ მასთან დაკავშირებით „ბლექბერნს“ შორს მიმავალი გეგმები აქვს - კაპიტნობასაც კი უპირებს.
კვირაში 80 ათასი? ინდოელმა მეპატრონეებმა თქვეს, რომ ფული პრობლემა არ არის და ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. თუმცა, ასეთ დროს, მოგეხსენებათ, სხვა ფაქტორები იწყებს მოქმედებას. კერძოდ, დიდი შანსია, რომ ჯონსს, რომელიც ახლა ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებთან ერთად, დანიაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობს, „ბლექბერნში“ დარჩენა არ უნდოდეს. გასაკვირი არც იქნება, მას ჩემპიონთა ლიგაში რომ უნდოდეს ძალების მოსინჯვა ან, უბრალოდ, ისეთ გუნდში სურდეს გადასვლა, რომელშიც ტიტულების მოპოვების მეტი შანსი ექნება. ასეთ შემთხვევაში, ინდოელები მას მაინც გაყიდიან, მაგრამ არა „იუნაიტედში“, არამედ იმ კლუბში, რომელიც ყველაზე მეტს გადაუხდის.
„ბლექბერნთან“ დაახლოვებულმა პიროვნებამ ჟურნალისტებს ასეთი რამ უთხრა: „ეს ის შემთხვევაა, როდესაც „იუნაიტედი“ თავისი სურვილის მიხედვით ვერ მოიქცევა“.
ზემოთ მოგახსენეთ, რომ ჯონსს თავი უკვე მანჩესტერელი ეგონა. 21 წლამდელთა ნაკრების ვარჯიშზე მან „იუნაიტედის“ მაისურითაც კი გადაიღო ფოტოები.