საერთოდ ერთი და იმავე ქალაქის გუნდებს ერთმანეთი გულზე რომ არ ეხატებათ ცნობილი ამბავია, მაგრამ ბირმინგემი ამ მხრივ გამორჩეულია. შესაძლოა, „სიტი“ და „ვილა“ ევროპული მასშტაბით ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტენ და არც პრემიერლიგაში მრისხანებენ („ბირმინგემი“ სულაც გავარდა), მაგრამ მათ შორის თამაშები სულ დღის
მერედა, საოცარ დროს გაიქცა მაკლიში, როდესაც კლუბის პრეზიდენტი პიტერ პენუ ჰოლანდიაში იყო და თვითმფრინავში ჯდებოდა შინ რომ გამოფრენილიყო. ის-ის იყო პენუმ ნომერი აკრიფა, რათა „დიდი ეკის“ მეტსახელით ცნობილი მაკლიშისთვის ეხარებინა, ჩვენს მიერ შეგულებული ოთხივე ფეხბურთელის გადაბირების საქმე მოვაგვარეო, რომ გაირკვა, სასიხარულო არაფერი ჰქონია. დაზაფრულმა პრეზიდენტმა თქვა:
„ოთხი მითამაშის დამატება უნდოდა. მათგან სამი, კრის ბარკი, მარლონ კინგი და მორგარო გომისი ერთი ხნის წინ ვუყიდე და ამსტერდამში მეოთხე საქმის მოსაგვარებლად ვიყავი, რომ მეილი მივიღე“.
რასაკვირველია, დაუყოვნებლივ გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მაკლიშის „ვილაში“ გადასაყვანად მოხდა. პენუ თანაქალაქელ მტერთა ბანაკს, ჯერჯერობით, პირდაპირ ვერ ადებს ხელს და ვერ ამბობს, რომ „დიდი ეკის“ ზურგსუკან ისინი დგანან, მაგრამ ვითარება ნამდვილად დაიძაბა. „ბირმინგემის“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ მაკლიშის გაქცევაში „ასტონ ვილას“ ხელს დაინახავს, ყველა ღონეს იხმარს რათა დიდი ჯარიმა გადაახდევინოს.
„ამ საქმეს საფუძვლიანად ჩავუჯდები და გარწმუნებთ, ერთი კენჭი არ დამრჩება გადაუბრუნებელი. ერთი ხანია, ფეხბურთში ქცევის ახალი, უსინდისო ნორმები დაინერგა, მაგრამ მე ის კაცი არ ვარ, ვისაც შეგიძლია ხელი ჰკრა და გადააყირავო“, - თქვა პენუმ.
მეოთხე ფეხბურთელი, რომლის საყიდლადაც „ბირმინგემის“ პრეზიდენტი ჰოლანდიაში გახლდათ, „პსვ ეინდჰოვენის“ 32 წლის თავდამსხმელი დენი კოევერმანსი გახლდათ. მანამდე, ორი დღით ადრე, „სიტიმ“ „ქოვენთრისგან“ 31 მარლონ კინგი წამოიყვანა და თან საკმაოდ უხერხულ ვითარებაში - ფეხბურთელს სექსუალური ძალადობის გამო სახელმწიფოსთან პრობლემები ჰქონდა, 18 თვე მიუსაჯეს. თუმცა, ახლა ამაზე არ არის ლაპარაკი. დღეს პრესაში ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ კლუბი, რომელიც გამალებით ყიდულობს ფეხბურთელებს, ბუნებრივია, მწვრთნელის შეცვლაზე არ ფიქრობს.
რაც შეეხება „ასტონ ვილას“, აქ, ალექს მაკლიშს დიდ პატივს რომ სცემენ ყველასთვის ყოველთვის კარგად იყო ცნობილი, მაგრამ კლუბის ოფიციალური პოზიცია ის გახლავთ, რომ მის მეპატრონეს, ამერიკელ რენდი ლერნერს სხვაგან მომუშავე მწვრთნელის გადაბირება არ სჭირდებოდა. ერთი სიტყვით, „ასტონ ვილას“ „ბირმინგემ სიტისთვის“ მაკლიშის თაობაზე არ მიუმართავს, და სწორედ ეს აღძრავს ეჭვს. სხვასთან კონტრაქტის მქონე მწვრთნელი არ მინდაო... დღეს, „მეილით გაქცეული“ მაკლიში, შეიძლება ითქვას თავისუფალია და ლერნერს გზა ხსნილი აქვს.
ამასთან, არც ის უნდა იყოს მთლად მართალი, რომ „ასტონ ვილა“ სხვისი მწვრთნელებით არ არის დაინტერესებული. აბა, „უიგანისგან“ რობერტო მარტინესის გადაყვანის მცდელობა რა იყო? მართალია, მარტინესის შემთხვევაში „ვილას“ ქცევის წესები არ დაურღვევია და მწვრთნელთან მოლაპარაკების უფლება ჯერ კლუბის მეპატრონისგან აიღო, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ბირმინგემის კლუბს სხვისი თანამშრომლის წაყვანა უნდოდა?
აქ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი საკითხი: ალექს მაკლიშისა და „ბირმნიგემის“ დირექტორატის ურთიერთობაში ბოლო დროს ბზარი გაჩნდა. ამბობდნენ, რომ განხეთქილების მიზეზი სატრანსფერო ბაზართან იყო დაკავშირებული, მაგრამ, იმასაც ამბობდნენ, რომ სადავო საკითხების მიუხედავად კლუბი და მაკლიში „ჩემპიონშიპში“ გავარდნილი გუნდის პრემიერლიგაში დაუყოვნებლივ დაბრუნებას აპირებდნენ.
მაკლიში „სენტ ენდრიუზე“ გამოცდილი ფეხბურთელების შენარჩუნებასაც ითხოვდა. ის ცდილობდა ბენ ფოსტერი, როჯერ ჯონსონი და სკოტ დანი არ გაეშვა, მაგრამ კლუბის დირექტორატს პრემიერლიგიდან გავარდნის გამო გაჩენილი ფინანსური ნაპრალები აქვს ამოსავსები. კიდევ, "დიდი ეკის" მთავარი სკაუტი, პოლ მონტგომერი გაუშვეს სამსახურიდან, მაგრამ განა ეს საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ხალხს წესიერად არც კი დაელაპარაკო და მეილით შეატყობინო, რომ სამსახურიდან მიდიხარ?
შეგახსენებთ, რომ მართალია, ალექს მაკლიშის ხელმძღვანელობით „ბირმინგემ სიტი“ პრემიერლიგიდან გავარდა, მაგრამ „ქარლინგის თასიც“ მოიპოვა, რაც გუნდის ისტორიაში დიდი მიღწევა იყო.