„სტივს ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება ფეხბურთში. მას „ნოტინგემ ფორესტის“ გაწვრთნა“ უდიდეს გამოწვევად მიაჩნია. ნოტინგემის კლუბი ხომ უდიდესი ისტორიის მქონეა“.
მართლაც, ბოლოდროინდელი სუპერგუნდების შემყურე გულშემატკივარს შეიძლება დაავიწყდა, რომ „ნოტინგემ ფორესტი“ გახლავთ კლუბი, რომელიც ორჯერ გახლდათ დღეს ჩემპიონთა ლიგად გადაკეთებული შეჯიბრების, ევროპის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული.
მაკლარენი კი ბოლოს გერმანიაში, კერძოდ კი „ვოლფსბურგში“ მუშაობდა, ოღონდ იქიდან თებერვალში გაუშვეს და მას მერე ისვენებდა. გაზაფხულზე მის სახელს პრემიერლიგის ბევრ გუნდთან აკავშირებდნენ. ამბობდნენ, რომ მას რომელიმე მათგანი ზაფხულში აუცილებლად მიიწვევდა სამუშაოდ. ბოლო ხანს, მწვრთნელის გარეშე დარჩენილმა „ასტონ ვილამაც“ შეიყვანა მაკლარენი ეგრეთწოდებულ შორთ-ლისტში, მაგრამ შემდეგ გული აუცრუვდა.
მოგეხსენებათ, სტივ მაკლარენს საქმეს რეპუტაცია უფუჭებს. ეს ის მწვრთნელი გახლავთ, რომლის დროსაც ინგლისის ნაკრები 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, ჯგუფში ჩარჩა და, კაცმა რომ თქვას, მას მერე თვალში ვერც გამოიხედა. ინგლისისდან დიდი ყიჟინით გაგდების შემდეგ მაკლარენი ჰოლანდიაში წავიდა, სადაც, 2010 წელს, „ტვენტე“ ჩემპიონი გახადა, მაგრამ თანამემამულეთა გული ამით, რა საკვირველია, ვერ მოიგო.
მიმომხილველები წერენ, რომ „ნოტინგემ ფორესტი“ მისთვის შესაფერისი გუნდია. „ფორესტმა“ ზემოხსენებული ბილი დევისის ხელმძღვანელობით პრემიერლიგის საგზური ვერ მოიპოვეს - პლეი ოფში კი მოხვდნენ, მაგრამ იქ „სუონსისთან“ დამარცხდნენ.
დევისი შოტლანდიელი სპეციალისტია, რომელიც ნოტინგემის გუნდში 2009 წელს მივიდა და, მართალია, გუნდი სწორი მიმართულებით წაიყვანა, კლუბის ხელმძღვანელობასთან დღენიადაგ კონფლიქტი ჰქონდა. ის დირექტორატს ახალი ფეხბურთელების საყიდლად ფულს სთხოვდა, დირექტორატი კი იაფი წარმატების იმედად იყო.
პირველ წელიწადს დევისმა ახალ ფეხბურთელებში 4 მილიონი ფუნტი დახარჯა, რის შემდეგაც ზედიზედ 19 შეხვედრაში არ დამარცხებულა. ასეთმა მუშაობამ, 2010 წლის სეზონის ბოლოს გუნდი პლეი ოფამდე მიიყვანა, მაგრამ ეს ეტაპი იმ წელიწადსაც გადაულახავი აღმოჩნდა - „ბლექპულთან“ „უემბლიზე“ 6:4 დამარცხდა. ეს ის „ბლექპულია“, რომელმაც გასულ სეზონში, პრემიერლიგაში, შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ მაინც „ჩემპიონშიპში“ დაბრუნდა.