ქისას პირი მოხსნეს

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტიმ“, ბოლოს და ბოლოს, ქისას პირი მოხსნა და ხმამაღლა თქვა რით იწყებს სატრანსფერო ბაზარზე მოღვაწეობას - ისტლენდელებს „უდინეზესგან“ 27 მილიონ ფუნტად, 22 წლის ჩილელი გარემარბის, ალექსის სანჩესის ყიდვა უნდათ. აქამდე, მთელი ინგლისური მედია გაოცებული უყურებდა, როგორ აქტიურობდა ბაზარზე „მანჩესტერ იუნაიტედი“, „სიტი“ კი, მიუხედავად იმისა, რომ უმდიდრესი არაბი პატრონები ჰყავს, ჩუმად იყო.

შეგახსენებთ, „იუნაიტედის“ აქტიურობის შედეგებს: ეშლი იანგსა, ფილ ჯონსსა და დავიდ დე ხეაში ინგლისის ჩემპიონმა დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი გაიღო. ერთიხანობა დაიწერა, რომ ამ კონტრაქტებიდან ყველა ბოლომდე მიყვანილი არ
იყო, მაგრამ ამ ბუნდოვანებებზე ახლა არაფერს გეტყვით, იმას კი მოგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესის ყიდვა „იუნაიტედსაც“ სურდა, თუმცა, აი, გამოჩნდა ჯიბესქელი „სიტი“ და ყველაფერი ყირაზე დადგა. ისტლენდელთა აღმასრულებელი შეფი გერი კუკი და საფეხბურთო საქმეთა ადმინისტრატორი ბრაიან მერვუდი გასულ უქმეებზე იტალიაში გადაფრინდნენ რათა უდინელებთან ჩილელის შესახებ ელაპარაკათ.

სხვათა შორის, მხარეებს შორის სანჩესის თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მარტში დაიწყო. მაშინ „სიტიმ“ „უდინეზეს“ 21 მილიონი ფუნტი შესთავაზა, მაგრამ იტალიურმა კლუბმა თავისი მოთამაშე 30 მილიონი დააფასა. სიადვილისთვის ვთქვათ, რომ 21 მილიონი ფუნტი 23,8 მილიონი ევროა, ხოლო 30 მილიონი ფუნტი 34 მილიონ ევროზე ცოტათი მეტი.

მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებულ და მოთხოვნილ თანხებს შორის განსხვავება მთელი 9 მილიონი ფუნტი იყო, „უდინეზეს“ პრეზიდენტის, გამპაოლო პოცოს შვილი ჯინო, (სწორედ ის აწარმოებს „სიტის“ ხალხთან მოლაპარაკებებს) ამბობს, რომ სანჩესის მყიდველთა შორის ფავორიტი სწორენ ისტლენდელები არიან. მათ შემდეგ განიხილება დანარჩენი მსურველების, „ბარსელონას“, „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ წინადადებები.

„თუ სანჩესი საერთოდ გაიყიდება, მისი შეძენის ყველაზე დიდი შანსი „მანჩესტერ სიტის“ აქვს. საქმე ის არის, რომ ინგლისურ ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებს და იქაურმა კლუბებმა მოთამაშეთა ფასი და ყადრი იციან. ჩვენი მოთამაშის შეძენა „სიტის“ გარდა „ბარსელონას“, „ინტერს“ და „იუვენტისს“ სურთ, მაგრამ ჯერჯერობით რეალური თანხა არც ერთმა მათგანმა არ შემოგვთავაზა. მე ალექსისსაც ველაპარაკე და მის აგენტსაც და ვფიქრობ, მათ გაიგეს, რატომ არ შემიძლია პირველივე წინადადებაზე ასე იოლად დათანხმება“.

ინგლისური გაზეთები წერენ, რომ სანჩესს, როგორც ესპანურენოვან ადამიანს კარიერის გაგრძელება „ბარსელონაში“ ურჩევნია, ასე რომ, მას პრემიერლიგაში გადასასვლელად დაყოლიება სჭირდება. მაისში, საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ „ბარსელონა“ ჩილელის შეძენასთან მართლაც ახლოს იყო. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული უდინელებს მის სანაცვლოდ ფულთან ერთად ბოიანს და ტიაგო ალკანტარასაც სთავაზობდა, მაგრამ პოცოების მადა კატალონიელთა შესაძლებლობებზე დიდი აღმოჩნდა. რამდენადაც ცნობილია, „ბარსას“ სატრანსფერო ბიუჯეტი 40 მილიონი ფუნტით შემოფარგლება და ამ თანხაში უნდა ჩაეტიოს „არსენალის“ კაპიტნის სესკ ფაბრეგასისა და „ვილიარეალის“ თავდამსხმელის, ჯუზეპე როსის შესაძლო ტრანსფერები.

მოგეხსენებათ, „მანჩესტერ სიტის“ მეპატრონეებმა სამი წლის განმავლობაში სატრანდფერო ბაზარზე დიდძალი თანხები ხარჯეს, წლეულს კი, თუ ისტლენდიდან გამოსულ ხმებს ვენდობით, მათი მიზანი მხოლოდ ორი გამორჩეული ფეხბურთელის ყიდვაა.
სანჩესი „უდინეზეში“ 2006 წელს „დეპორტეს კობრელოადან“ 2 მილიონ ფუნტად გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული