"მანჩესტერ იუნაიტედი": ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!

AutoSharing Option
ფილ ჯონსი ამბობს, რომ ბედმა მას სწორედ ის შანსი უბოძა, ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ რომ ეძლევა ხოლმე - 19 წლის მცველი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდა. „ბლექბერნის“ მხრიდან ერთი-ორი დამატებითი დაბრკოლების მიუხედავად, ყველაფერი მოგვარდა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ როგორც კი ჯონსი დანიიდან ანუ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან ინგლისში დაბრუნდება, ჩემპიონთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მოგვარებულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება „იუნაიტედმაც“ გააკეთა. კლუბმა დაადასტურა, რომ ჯონსის სანაცვლოდ „ბლექბერნს“ 16,5 მილიონ ფუნტს უხდის და ფეხბურთელმა „ოლდ ტრეფორდზე“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. თავად მოთამაშემ კი თავისი
გრძნობების გამოსახატავად „ტვიტერს“ მიმართა.

„ჩემი კომენტარი „ბლექბერნისადმი“ დიდი სიყვარულის გამოხატვით მინდა დავიწყო. მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ გუნდის დიდი გულშემატკივარი ვიქნები, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ სახით მე გამომიჩნდა ისეთი შანსი, როგორიც ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა“.

„ტვიტერისსავე“ დახმარებით ჯონსის მიმართ დიდი სითბო გამოხატეს მისმა ახალმა თანაგუნდელებმა, რიო ფერდინანდმა, უეინ რუნიმ და მაიკლ ოუენმა. რაც შეეხება კრის სმოლინგს ის ჯონსის მხარდამხარ დანიაში, 21 წლამდელთა ნაკრებში გამოდის და ასე ამბობს:

„ძალიან მიხარია, რომ მე და ფილი ერთ კლუბში ვიქნებით. მის მხარდამხარ თამაში დიდი სიამოვნებაა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი მხოლოდ 19 წლისაა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს პარტნიორობას დიდი მომავალი აქვს. მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენს თამაშში ვიდიჩის და ფერდინანდის გამოცდილება გადმოვა. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი სტიუარტ პირსი ჩვენ ერთი მხრივ მეტოქეების მჭიდრო მეურვეობას გვთხოვს, მაგრამ იმავდროულად შეტევაში ჩართვასაც გვავალებს. ვფიქრობ, ესპანეთთან 1:1 დასრულებულ შეხვედრაში საქმეს თავი კარგად გავართვით “.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული