მანჩესტერული რბოლა

AutoSharing Option
„სიტიმ“ ქისას პირი მოხსნა და „უდინეზესგან“ 22 წლის ჩილელი ალექსის სანჩესის შესაძენად იტალიაში ხალხი აფრინაო... „იუნაიტედი“ ვერ უშოვნიდა თავის წარმომადგენელს თვითმფრინავის ბილეთს? ინგლისის ჩემპიონი დაფაცურდა და, არიქა, საძულველმა თანაქალაქელმა არ მაჯობოსო, „უდინეზეს“ პრეზიდენტთან სალაპარაკოდ აღმასრულებელი შეფი, დევიდ გილი მიავლინა. გილი იმედოვნებს, რომ გარიგება რამდენიმე დღეში შედგება. „იუნაიტედი“ „უდინეზეს“ სანჩესის სანაცვლოდ 27 მილიონ ფუნტს სთავაზობს.

ბოლო დღეებში საქმე ისე წავიდა, რომ იტალიური გუნდის თავდამსხმელი, ამ წუთას, ევროპაში ყველაზე სასურველი ფეხბურთელი გამოდის, დატაცებაზეა. თუ გილი საქმეს მართლა გაკვაჭავს და სანჩესს „ბარსელონასა“ და
„მანჩესტერ სიტის“ ცხვირწინ ააცლის, სერ ალექს ფერგიუსონის ზაფხულის დანახარჯი ზუსტად 82 მილიონი ფუნტი გამოვა. ბედის ირონიაა, რომ „იუნაიტედის“ აღმასრულებელი შეფი „უდინეზეს“ ხელმძღვანელ ჯინო პოცოს ბარსელონაში შეხვდა - პოცო იქ ცხოვრობს. თუმცა, „ბარსელონასი“ რა მოგახსენოთ და „იუნაიტედის“ შესაძლო წარმატება „სიტის“ ნამდვილად გაამწარებს. ისტლენდელებს იმედი ჰქონდათ, რომ მათ ფულს წინ ვერავინ დაუდგებოდა და ჩილელს მანჩესტერის თავიანთ უბანში ჩაიყვანდნენ. მეტიც, ზოგი წყაროს ცნობით, „სიტის“ „უდინეზესთან“ ყველაფერი მოგვარებულიც კი ჰქონდა, მაგრამ აგენტმა ფერნანდო ფელიცევიჩმა ასე თქვა:

„სანჩესის თაობაზე „მანჩესტერ სიტისთან“ არანაირი გარიგება არ ყოფილა. ამ წუთას მისი შეძენის მსურველთათვის ყველა გზა ხსნილია. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და „სიტის“ გარდა სხვა კლუბების წარმომადგენლებსაც ვხვდებით.“

ინგლისური პრესის პროგნოზი ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ 27 მილიონი ფუნტი იმაზე 4 მილიონით მეტია, რაც „იუნაიტედს“ ემეტებოდა, მაგრამ სანჩესს უმალ 19-გზის ჩემპიონი იყიდის ვიდრე „სიტი“. მეორე მხრივ, ჯერ ცნობილი არ არის „ბარსელონასა“ და ისტლენდელების შემდეგი სვლა ანუ ვაჭრობა გრძელდება.

„სიტის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ხელი არ ჩაუქნევიათ და ყველა ღონეს იხმარენ, რათა ჩილელი მათი ფეხბურთელი გახდეს, თუმცა პრესაში დაიწერე, რომ საკუთრივ ფეხბურთელს მანჩესტერის ორ გუნდს შორის „იუნაიტედი“ უფრო მოსწონს.

შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონმა ამ ზაფხულს უკვე იყიდა მეკარე დავიდ დე ხეა, გარემარბი ეშლი იანგი და მცველი ფილ ჯონსი.

ახლა კი, მოდი, გაზეთ „სანში“ ჩავიხედოთ და ვნახოთ, როგორ განუმარტავს ის თავის მკითხველს თუ როგორი ფეხბურთელია სანჩესი და რა თვისებებით არის შემკული. გაზეთი ჩილელზე მსჯელობისთვის კითხვა-პასუხის ხერხით მსჯელობს, თუმცა მანამდე წერს, რომ სანჩესმა ფართო საზოგადოებას თავი პირველად 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გააცნო. ხალხს თვალში მისი ფინტები და სისწრაფე მოხვდა. ჩილეს ნაკრები მერვედფინალში რომ გავიდა, დიდწილად მისი დამსახურება გახლდათ.

მუნდიალიდან დაბრუნებული სანჩესი „უდინეზეში“ ჩინებულად ათამაშდა. მან 31 შეხვედრაში 12 გოლი შეაგდო და გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილზე გაიყვანა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“, „სიტისა“ და „ბარსელონას“ გარდა მისი შეძენით დაინტერესებულები იყვნენ „რეალი“ და „ინტერი“. სანჩესს შეუძლია იყოს ფორვარდი, თუმცა გარემარბობაც ეხერხება. იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, 1980-იანი წლების ლეგენდარული „მილანის“ თავკაცმა (იმ „მილანს“, როგორც დღევანდელ „ბარსელონას“, ხშირად ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდს უწოდებდნენ) არიგო საკიმ, სანჩესს ფენომენალური ფეხბურთელი უწოდა და დასძინა:

„სანჩესი ის კაცი არ გეგონოთ, რომელიც ძლიერად თამაშს მარტო პეპ გვარდიოლას წარმატებულ „ბარსაში“ შეძლებს. ის ნებისმიერ გუნდში გამოიჩენს თავს.“

რა დადებითი მხარეები აქვს სანჩესს?
ყველაზე თვალშისაცემი მისი დრიბლინგია. სწორედ ამაზე გიჟდებოდნენ მთელი სეზონის განმავლობაში იტალიაში და ფერგიუსონსაც სწორედ ეს მოხვდა თვალში. კარიერა მარჯვენა გარემარბად დაიწყო, მაგრამ შემდეგ თავდასხმის ყველა პოზიციაზე გამოიჩინა თავი. მას შეუძლია „სიტიში“ კარლოს ტევესი შეცვალოს, თუმცა შეუძლია „იუნაიტედში“ გადავიდეს და უკანდახეული ფორვარდის პოზიციაზე უეინ რუნის შეეხიდოს. თუმცა, ფერგიუსონთან ის, სავარაუდოდ, მაინც კრიშტიანო რონალდოს მიტოვებულ საქმეს შეასრულებს.

მართლა რონალდოსავით ძლიერია?
სანჩესს ყოველთვის ადარებდნენ პორტუგალიელს, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ დიდებულადაც ითამაშა და შემდეგ ფერგიუსონის გუნდს კარგი ფულიც მოუტანა - „იუნაიტედმა“ კრიშტიანო „რეალს“ 80 მილიონ ფუნტად მიჰყიდა. რატომ ადარებდნენ სანჩესს და რონალდოს? მონახეთ YouTube-ში შესაბამისი კლიპი და ნახავთ რატომაც. იტალიაში მისი და ლეო მესის შედარებაც უყვართ, მაგრამ ჩილელი ამ შედარებების წინააღმდეგია:

„მე მინდა სანჩესი ვიყო და ხალხს სანჩესად დავამახსოვრდე. გარდა ამისა, იმ შედეგებისთვის, რომლებსაც რონალდომ და მესიმ მიაღწიეს, მე ჯერ არ მიმიღწევია.“

პრემიერლიგისთვის უღონო ხომ არ არის?
ინგლისში ყველაზე კარგად სწორედ მანჩესტერის ორმა გუნდმა იცის, როგორი იმედგაცრუება სჩვევიათ სამხრეთ ამერიკელ ვარსკვლავებს ინგლისში ჩასვლის შემდეგ. გნებავთ ურუგვაელი დიეგო ფორლანის ამბავი გაიხსენეთ და გნებავთ ტევესისა, რომელმაც ბურთი „იუნაიტედშიც“ გააგორა და „სიტიშიც“. ყველაზე დიდი კატასტროფა კი ისტლენდელთა მიერ 35 მილიონ ფუნტად ნაყიდი რობინიო იყო. მოკლედ, „სანი“ ეჭვს გამოთქვამს, რომ სანჩესისთვის შესაძლოა მართლაც იტალიაში დარჩენა ან „ბარსელონაში“ გადასვლა ჯობდეს. ის ხომ კაფანდარაა, პრემიერლიგაში კი ჯანღონით აღსავსე მცველები თამაშობენ და თან ძალისმიერადაც, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ჩილელს სისხარტე დაეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული