პოლ სქოულზი: ალექსი მემუდარებოდა დარჩიო...

AutoSharing Option
პოლ სქოულზმა გულშემატკივარს უამბო, როგორ ეხვეწებოდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ფეხბურთის თამაშისთვის თავი არ დაენებებინა და როგორ არ დაუჯერა მან. არადა, ფერგი თურმე არწმუნებდა, მომავალ სეზონში 20 თამაშს ისე ჩაატარებ, როგორც არაფერიო.

არაფერი გამოუვიდა დიდ შოტლანდიელს. სქოულზმა „იუნაიტედის“ შემადგენლობაში 676 შეხვედრა იკმარა და ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.

„ფეხბურთთან და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ბევრი ბედნიერი მოგონება მაკავშირებს, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ დადგებოდა ერთი დღე, როდესაც მე კარიერას დავასრულებდი და აი, ახლა ვიგრძენი, რომ ეს დღეც დადგა - თქვა 36 წლის ნახევარმცველმა
- მწვრთნელი ფიქრობდა, რომ მომავალ სეზონში 20 თამაშს კიდევ შევძლებდი, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე და დავასრულე. ბოლოს და ბოლოს ოდესმე ყველაფერი მთავრდება“.

ალექს ფერგიუსონი ერთადერთი საკლუბო მწვრთნელი გახლდათ, ვისაც სქოულზი კარიერის განმავლობაში შეხვდა, მას ხომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა სხვა გუნდში არ უთამაშია, მაგრამ ბოლოს მაინც ვეღარ მიჰყვა თავისი ცხოვრების მთავარი პედაგოგის რჩევას, რადგან... ვეტერანის დაღლილი ფეხები უკვე გაჩერებას სთხოვდნენ.

„ალექსისთვის უარი თქმა და მისი დარწმუნება იმიტომ არ გამიჭირდა, რომ ამქვეყნად ყველაზე კარგად მე ვიცი რა დღეშია ჩემი სხეული. სეზონის ბოლოს, ვარჯიშებზე თავს ცოცხლად უკვე ვეღარ ვგრძნობდი, ორგანიზმის დამორჩილება მიჭირდა. ვხედავდი, რომ უძლიერეს კლუბში, საუკეთესო ფეხბურთელებს შორის ვიყავი, მაგრამ ჩემი სხეული იმას ვეღარ აკეთებდა, რასაც გონება უბრძანებდა. როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ხარ, ვალდებული ხარ 90 წუთის განმავლობაში მკვირცხლად სირბილისთვის მზად იყო“.

პოლ სქოულზის გამოსათხოვარი შეხვედრა აგვისტოშია დანიშნული. „იუნაიტედი“ ნიუ იორკის „კოსმოსს“ შეხვდება, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სქოულზის ძველი თანაგუნდელი ერიკ კანტონაა.

„ვინ იცის, როგორ დამიმახსოვრებენ გულშემატკივრები. იქნებ ყველაზე მეტად ჩემი გოლები და უხეშობები დაამახსოვრდეთ. უხეშობა ხომ კარიერის მეგზურად მექცა. თავად ვერ ვხვდები რა ხდებოდა ჩემს თავს. მე ყოველთვის ბურთის წართმევას ვცდილობდი, მაგრამ რაღაც საშინელება გამომდიოდა. ბოლო წლებში, როდესაც ტრიბუნები დაინახავდნენ, რომ ვინმესთან ორთაბრძოლისთვის ვემზადებოდი, დიდი ღრიანცელი ტყდებოდა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული