ლუკა ჰარის არის?

AutoSharing Option
25 წლის ხორვატი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის საყიდლად რაგინდ ბევრი ფული გაიმეტონ, ის მაინც „ტოტენჰემში“ დარჩება! ასეთი გახლდათ „დეზების“ მწვრთნელის, ჰარი რედნაპის პოზიცია, როდესაც მას „ჩელსის“ 22 მილიონიან შეთავაზევაზე პასუხი სთხოვეს.

რედნაპმა „ლურჯებს“ ისიც შეუთვალა, არ გეგონოთ, ჩემი პასუხი ვაჭრობას ნიშნავდეს, თანხას ნუღარ მოუმატებთ, ტყუილად გაირჯებითო.

„ჩვენ მოდრიჩს არ ვყიდით, მორჩა და გათავდა. ამ საკითხზე „ტოტენჰემის“ თავმჯდომარე დევიდ ლივის კარგა ხანს ველაპარაკე და მისგანაც იგივე პასუხი მოვისმინე. თავმჯდომარის ასეთი პოზიცია ხელს მაძლევს და მახარებს. გასაგებია, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კლუბს უნდა ლუკას
ნიჭის მქონე ფეხბურთელის ყოლა, მაგრამ ის ჩვენია და ამით თემა ამოწურულია. თანხა, რომელმაც ჩემს ყურამდე მოაღწია მოდრიჩისთვის სასაცილოა. ასეთ ფულად იმ მოთამაშეებს ყიდიან, რომელთათვისაც მოდრიჩის ბუცების მწმენდაობაც კი დიდი პატივი იქნებოდა“.

ამრიგად, რედნაპმა ჯერ „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუთვალა უარი, შემდეგ კი ჩელსის, რაც თურმე იმას ნიშნავს, რომ... ახლა „მანჩესტერ სიტის“ ჯერი დამდგარა. ისტლენდზე ჩათვალეს, რომ რაკი მოდრიჩისთვის 22 მილიონი სასაცილო თამხაა, 30 მილიონი იუმორთან კავშირში აღარ იქნება და, როგორც „დეილი მეილი“ წერს, ლონდონელებს მოსალაპარაკებლად შეხვდნენ კიდეც. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ „დეზებმა“ შეიძლება სიტის ამ თანხაზეც უარი უთხრან, თუმცა, მთლად ბუცების მწმენდავებზე ვეღარ დაიწყებენ ლაპარაკს, 35 მილიონად კი გარიგება შედგება. მოდრიჩთან დაახლოებულმა ხალხმა ხსენებულ გაზეთთან ლაპარაკისას თქვეს, რომ მათი ინფორმაციით „სიტი“ ყველა ღონეს იხმარს, რათა ხორვატი რომელიმე კონკურენტ გუნდში არ მოხვდეს.

რაც შეეხება ფეხბურთელის ფასს, ვფიქრობთ, ამ საკითხში რედნაპი მართალია. სულ ახლახან „ლივერპულმა“ „სანდერლენდს“ სრულიად გამოუცდელ, 21 წლის ჯორდან ჰენდერსონში 20 მილიონი ფუნტი გადაუხადა - ასეა, პრემიერლიგაში ბაზარს ცეცხლი უკიდია. არადა, მოდრიჩი დაგვეთანხმებით, ჰენდერსონისგან ბევრად განსხვავდება. სტატისტიკა მოვიშველიოთ: „უაით ჰართ ლეინზე“ ხორვატმა, სეზონის განმავლობაში, ყველაზე მეტი, 2001 პასი შეასრულა, რომელთაგან 1731 თანაგუნდელამდე მივიდა. ერთადერთი, რაშიც რაფაელ ვან დერ ვაარტმა აჯობა, საგოლე მომენტების რაოდენობა გახლდათ და ისიც ჰოლანდიელს 67 ჰქონდა, მოდრიჩს კი 66 - ბუნებრივია, აქ მარტო პრემიერლიგაზე და გატანილ გოლებზე არ არის ლაპარაკი.

გასულ სეზონში მოდრიჩს კაცმა შეიძლება გოლების რაოდენობაა უსაყვედუროს. მან მხოლოდ ოთხჯერ შეაგდო ბურთი მოწინააღმდეგის კარში, მაგრამ, მოდი გოლების გატანა თავდამსხმელებს მივანდოთ და ხორვატს აქტიურობა, დაუღალავობა და მწვავე პასები დავუნახოთ. „სფურზი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში რომ გავიდა, მოდრიჩის დიდი დამსახურებაა. მისმა და გარეთ ბეილის თამაშმა ევროპაზე ისეთი შთაბეჭდილება მოხდინა, რომ წერდნენ, ამ ორი ვარსკვლავის კონტინენტის ბობოლა კლუბებში მოხვედრა გარდაუვალიაო.

რედნაპს რომ მოეხერხებინა და „დეზები“ კვლავ გაეყვანა ჩემპიონთა ლიგაში, თავადაც გაუჩნდებოდა ბობოლობაზე პრეტენზია. მაშინ, მოდრიჩის სადმე გადასვლაზე შესაძლოა ლაპარაკიც არ ყოფილიყო, მაგრამ ვაგლახ, „ტოტენჰემი“ გასულ სეზონში მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა და მწვრთნელს, თავმჯდომარე ლივისგან დახმარება დასჭირდა - ლივი დაჰპირდა, საუკეთესო ფეხბურთელებს კლუბში დავაბამო. ამ ეტაპზე მან ეს, შესაძლოა, მართლა შეძლოს, მაგრამ საკმარისია, რედნაპმა ვერც მომავალ სეზონში შეიყვანოს „ტოტენჰემი“ ოთხეულში, რომ ფეხბურთელების „დაბმა“ წარმოუდგენლად ძნელი საქმე გახდება.

საინტერესოა, რომ ერთი ხნის წინ, როდესაც მოდრიჩის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურდა, ფეხბურთელმა თქვა: „ტრანსფერი, რასაკვირველია, გამორიცხული არ არის, მაგრამ, ამისათვის საჭიროა მყიდველმა მხარემ ისეთი თანხა გაიმეტოს, რომელიც „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ხელს მისცემს და, რასაკვირველია, ჩემი პირობებიც უნდა დააკმაყოფილოს“.

და ბოლოს, გთავაზობთ, ინგლისურ პრესაში გამოქვეყნებული სატრანსფერო ვარიანტების ერთ კომბინაციას, რომელსაც „მოდრიჩის კარუსელი“ დაარქვეს. მაშ ასე, თუ ლუკა მოდრიჩი, 30 მილიონ ფუნტად ან მეტად, საბოლოოდ, მაინც „ჩელსიმ“ იყიდა (დაჟინება არც „ლურჯებს“ აკლიათ), მაშინ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 25 მილიონად „ინტერიდან“ ვესლი სნეიდერის წამოყვანის ვარიანტს დაუბრუნდება, თუმცა... „იუნაიტედს“ ცალი თვალი „არსენალისგან“ სამირ ნასრის 12 მილიონად ყიდვისკენაც უჭირავს. ნასრისკენ ყურება იმიტომ არის აუცილებელი, რომ ამბობენ, სნეიდერის ყიდვა „მანჩესტერ სიტისაც“ უნდაო, „სიტის“ კი მეტის გადახდა შეუძლია.

და რა მოხდება, თუ აბრამოვიჩი მოდრიჩს ვერ იყიდის? მაშინ ის 21 წლის არგენტინელ ხავიერ პასტორეს მიადგება, რომელსაც „პალერმო“ 45 მილიონს აფასებს. და რა უნდა ქნას რედნაპმა, თუ მოდრიჩი გაიყიდება? სავარაუდოდ, „ვესტ ჰემისგან“ სკოტ პარკერი უნდა იყიდოს. პარკერი 4 მილიონი ღირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული