დიდი ეკის პატარა მოგზაურობა

AutoSharing Option
დიდ ეკად წოდებული ალექს მაკლიში „ასტონ ვილასთან“ კონტრაქტს გააფორმებს. სხვა სიტყვებით ის ქალაქ ბირმინგემის ერთი კლუბიდან მეორეში გადავიდა, რაც ამ კლუბებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული ცუდი ურთიერთობის გამო საკმაოდ რისკიანი ნაბიჯი გახლდათ.

„ვილამ“ გადაწყვიტა მაკლიშის „წართმევის“ გამო „ბირმინგემ სიტის“ საკომპენსაციო თანხა გადაუხადოს, რაც, ინგლისური გაზეთების ცნობით, დაახლოებით 2 მილიონ ფუნტს შეადგენს.

52 წლის მაკლიშმა გასულ სეზონში „ბირმინგემ სიტის“ „ქარლინგის თასი“ მოაგებინა, მაგრამ გუნდი პრემიერლიგიდან ჩემპიონშიპში გავარდნისგან ვერ იხსნა და ბოლოს, გაექცა კიდეც. მოგეხსენებათ, დიდი ეკის „სიტიდან“ წასვლის ფორმა საკმაოდ უხერხული და
საკამათო იყო. მან „ლურჯების“ ხელმძღვანელობას მომავალი სეზონისთვის ოთხი ფეხბურთელის ყიდვა სთხოვა და გვარებიც ჩამოუწერა. კლუბმა დიდ ეკს თხოვნა შეუსრულა, მაგრამ, მწვრთნელმა დაჰკრა ფეხი და გაიქცა. საინტერესოა, რომ წასვლის შესახებ მან ხელმძღვანელებს მეილით აცნობა - თვალებში არავისთვის შეუხედავს და არ გამომშვიდობებია. და აი, ამ გაპარვიდან ექვს დღეში დასტურდება, რომ მაკლიში იმავე ქალაქის მეორე გუნდის, პრემიერლიგაში დარჩენილი „ასტონ ვილას“ თავკაცი ხდება.

მოგეხსენებათ, „ვილას“ წინა მწვრთნელი ჟერარ ულიე იყო, რომელიც, ფანებს მაინც და მაინც არ უყვარდათ, მაგრამ ამის გამო არ გაუშვიათ. ფრანგს გულის ავადმყოფოა მიეძალა და ექიმებმა სანერვიულო საქმე აუკრძალეს.

ჟურნალისტებმა გაიგეს, რომ ოთხშაბათს, მაკლიშმა მთელი დღე „ასტონ ვილას“ პრეზიდენტთან, ამერიკელ რენდი ლერნერთან მოლაპარაკებებში გაატარა. იმ დღეს „ბირმინგემ სიტის“ ხელმძღვანელები ჯერ კიდევ იმუქრებუდნონ, რომ მწვრთნელის „გატაცებისთვის“ „ასტონ ვილას“ პრემიერლიგაში უჩივლებდნენ და მას ახალ სამსახურში მისვლის საშუალებას არ მისცემდნენ. ამიტომაც ჩართო ლერნერმა საქმეში ადვოკატები. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ „სიტი“ ჩივილს აღარ აპირებდა და კომპენსაციით დაკმაყოფილდებოდა.

ახლა, ყველაფერი მოგვარებულია და, რაც მთავარია, თანამემამულეს მხარი პრემიერლიგის ყველაზე გავლენიანმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა დაუჭირა, რაც, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია. ვერ გეტყვით, რამ უბიძგა სერ ალექსს დიდი ეკის მხარდაჭერისკენ, მისმა შოტლანდიელობამ თუ სხვა რამემ, მაგრამ ფაქტია, რომ ასე თქვა:

„ეჭვი არ მეპარება, რომ მაკლიში „ასტონ ვილაში“ წარმატებას მიაღწევს და გულშემატკივართა გულს მოიგებს. მას შესანიშნავი „სივი“ აქვს. ის თავის დროზე „რეინჯერსს“ წვრთნიდა, შემდეგ შოტლანდიის ნაკრებს ედგა სათავეში (სწორედ მაშინ მოუგო საქართველომ კლაუს ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით 2:0), კარიერის განმავლობაში ტიტულები მოუპოვებია და სხვადასხვა კლუბში, შეზღუდული შესაძლებლობებით, მაქსიმუმი გაუკეთებია. ვფიქრობ, ამის გათვალისწინებით, მაკლიშს ფენომენალური შედეგები ჰქონდა“.

ამრიგად, „ვილას“ მწვრთნელი გამოუჩნდა და ახლა ჯერი ფეხბურთელების ყიდვაზეა. ამბობენ, რომ ერთ-ერთი პირველი, ვისი ყიდვაც დიდმა ეკმა და რენდი ლერნერმა გადაწყვიტეს... „ბირმინგემ სიტის“ 28 წლის მეკარე ბენ ფოსტერია. მაკლიშს ლერნერისთვის სასურველ მოთამაშეთა სია ჩამოუწერია.

დღეს, „ვილასთვის“ მთავარი მეკარის ყიდვაა. ბრედ ფრიდელმა, რომელსაც „ვილასთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურა, „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ მიაშურა, ფოსტერი კი გამოცდილი კაცია, მაკლიშის ხელმძღვანელობით შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. სხვა საქმეა, მიჰყიდის თუ არა „სიტი“ იმ „საზიზღარ, გაქცეულ“ კაცს და ოდინდელ მოქიშპე კლუბს თავის მეკარეს. თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს. პრემიერლიგიდან გავარდნის გამო „ბირმინგემ სიტის“ ბიუჯეტში 40 მილიონიანი „ნახვრეტი“ გაუჩნდა, რომელსაც შევსება უნდა და ამისათვის საუკეთესო საშუალება რამდენიმე ძვირადღირებული ფეხბურთელის გაყიდვაა. თან, თუ მაკლიშს ფოსტერის ყიდვა ძალიან უნდა, სავარაუდოდ, არც ფულზე დაიხევს უკან...

ცნობილია, რომ მაკლიშს ძალიან უნდა „ვილას“ 26 წლის გარემარბის, სტიუარტ დაუნინგის შენარჩუნება. საქმე ის არის, რომ ეშლი იანგის „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ მიყიდვის შემდეგ „ვილას“ კიდევ ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გაყიდვის ფუფუნება არ აქვს, მაგრამ რა გინდა ქნა, თუკი ყველა ფეხბურთელი, ვინც ოდნავ მაინც გამოიჩენს თავს ისეთ გუნდში გადასვლას ცდილობს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გამოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული