დიდი ეკის დიდი ჩეკი

AutoSharing Option
მაშ, ალექს მაკლიში „ბირმინგემ სიტიდან“ „ასტონ ვილაში“ რატომ გაიქცაო, არა? იმიტომ, ბატონებო, რომ მისი შემოსავალი ორნახევარჯერ გაიზარდა.

ბირმინგემის მეორე კლუბმა დიდ ეკად წოდებულ შოტლანდიელს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და წელიწადში 2 მილიონი ფუნტი დაუნიშნა, „ლურჯები“ კი იმის გამო, რომ პრემიერლიგიდან ჩემპიონშიფში გავარდნენ, მწვრთნელს გასამრჯელოს 800 000-მდე უმცირებდნენ.

ხელფასის ასეთი მომატება ნამდვილად საოცნებოა. ასეთი რამის გამო კაცმა, როგორც ჩანს, ყველაფერი უნდა აიტანო - მოგეხსენებათ, მაკლიშის „ვილას“ მწვრთნელად დანიშვნას თვით „ვილას“ ფანები აპროტესტებდნენ. მათ გამოსვლებიც კი მოაწყვეს და როგორ არ ლანძღეს ქალაქის მეორე
ბოლოდან გამოპარული, მაგრამ დიდი ეკი პირობას დებს, რომ გუნდს საუცხოოდ აათამაშებს და ამ ხალხს გააჩუმებს.

„ვიცი, ზოგიერთმა ჩვენმა ფანმა ეჭვი გამოთქვა და ისიც ვიცი რატომაც, მაგრამ ახლა ჯერი ჩემზეა. მე ამ ხალხს უნდა დავუმტკიცო, რომ სწორედ ის კაცი ვარ, რომელსაც „ასტონ ვილას“ გაძლიერება შეუძლია. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მუშაობას ჩვენი გუნდის ნიჭიერი და მონდომებული ფეხბურთელების ჯგუფთან. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი, რაც გავაკეთე ბოდიმურ ჰითის საწვრთნელი ბაზის დათვალიერება იყო. აღფრთოვანებული დავრჩი. ინფრასტრუქტურა შესანიშნავია. მზად ვარ თავით გადავეშვა საქმეში. მინდა მალე დავიწყოთ სეზონისთვის მზადება. ახლა საქმე ფეხბურთის თამაშზეღაა მიმდგარი“.

დიდ ეკს მხარი „ვილას“ 24 წლის ფორვარდმა გებრიელ აგბონლაჰორმა დაუჭირა. მან თქვა, რომ ფეხბურთელები ერთხმად ამოუდგებიან მაკლიშს მხარში.

„ახალ ცხოვრებას ვიწყებთ და ეს ძალიან კარგია. მაკლიშის მოსვლას მივესალმებით, რადგან ის ძალიან კარგი მწვრთნელია. გადახედეთ მის შედეგებს „რეინჯერსსა“ და შოტლანდიის ნაკრებში. მისი ხელმძღვანელობით გუნდები ყოველთვის კარგად გამოდიოდნენ. მისი ხელმძღვანელობით „ბირმინგემი“ გარკვეული სტილით თამაშობდა და ჩვენი ფანები ნერვიულობენ, მაკლიშმა იგივე სტილი „ვილაშიც“ რომ არ გადმოიტანოს, მაგრამ ეს გამორიცხულია, რადგან „ვილა“ სხვა გზას ადგას. ჩვენ ბევრი ნიჭიერი შემტევი ფეხბურთელი გვყავს და შესაბამისად შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. მინდა ვთხოვო გულშემატკივრების იმ ნაწილს, ვინც მაკლიშის მოსვლას ეწინააღმდეგება, მისცენ მას დრო და შედეგის მიხედვით განსაჯონ“.

შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილას“ გასულ სეზონში ერთობ თავისებური მდგომარეობა ჰქონდა. ჯერ იყო და ჩემპიონატის დაწყებიდან ხუთ დღეში მარტინ ო’ნილი მოხსნეს თანამდებობიდან, შემდეგ კი მის ნაცვლად ფრანგი ჟერარ ულიე მიიყვანეს, რომელმაც მაინცდამაინც ვერ ააწყო საქმე, ბოლოს კი ავადაც გახდა და სამსახური დასტოვა. 52 წლის მაკლიში განაგრძობს:

„იმ დღეს, როდესაც შვებულებები დასრულდება და ფეხბურთელები ბაზაზე დაბრუნდებიან, დაიწყება ჩვენი დიდი თავგადასავალი. ჩემთვის დიდი პატივია ისეთი კლუბის მწვრთნელად მუშაობა, როგორიც „ასტონ ვილაა“.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მაკლიშმა „ბირმინგემ სიტის“ ინგლისის ლიგის თასი მოაგებინა, თუმცა ამ დიდ წარმატებას დიდი იმედგაცრუებაც მოჰყვა - დიდ ეკს გუნდი პრემიერლიგიდან გაუვარდა. „ლურჯების“ ხელმძღვანელებს დღემდე ეჭვი აქვთ, რომ სამწელიწადნახევრიანი თანამშრომლობის შემდეგ მაკლისის ასეთი ნაუცბათევი გაქცევა „ასტონ ვილას“ წაქეზებული იყო. ბოლო ინფორმაციით, თითქოს საქმე ჩაფარცხული იყო, მაგრამ როგორც ირკვევა, „ბირმინგემ სიტის“ თავმჯდომარე კვლავ ცდილობს საქმის გამოძიებას და ადვოკატები ჰყავს დაქირავებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული