ჩიჩარიტო გოლებს გვპირდება

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მექსიკელი ფორვარდი ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო, ამბობს, რომ პრემიერლიგაში გატარებული პირველივე დიდებული სეზონის მიუხედავად მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. ერნანდესმა, რომელიც დღეს, აშშ-ში, მექსიკის ნაკრების სახელით „ოქროს თასზე“ გამოდის, გასულ სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად 20 გოლი შეაგდო. „გვადალახარადან“ ახალგადასულმა 23 წლის ბიჭმა „იუნაიტედის“ ჩემპიონობასა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ ეჭვიან ადამიანებს გაუჩნდათ კითხვა: იქნებ ჩიჩარიტო მხოლოდ ერთწლიანი ვარსკვლავი იყო? იქნებ, პრემიერლიგის ცაზე გადაიფრინა და გაქრა?

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ, მთელმა გუნდმა ერთად, საერთო ძალისხმევით,
ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოვიპოვეთ. ეს დიდებული იყო, მითუფრო, რომ ჩემპიონატი საკმაოდ რთული გამოდგა. „ჩელსიმ“, „არსენალმა“ და „მანჩესტერ სიტიმაც“ კი, ბოლომდე იბრძოლეს, ხოლო ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, რომ ძლიერი ნებისყოფა გვაქვს და საკუთარ შესაძლებლობებში ერთხელაც არ შეგვპარვია ეჭვი. ასეთია ჩვენი გუნდი, „მანჩესტერ იუნაიტედი“, სადაც მთავარი ერთსულოვნება და მენტალიტეტია. წარმატება მის სისხლსა და გენშია. „იუნაიტედი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. აქ ყველაფერი კეთდება, რათა ყოველ გამარჯვებას ახალი გამარჯვება მოსდევდეს. ერთადერთი, ყელში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაგვეჩხირა.

პირადად ჩემზე თუ ვილაპარაკებთ, გასული სეზონით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ მეცხრე ცაზე დარჩენას არ ვაპირებ. მომავალი სეზონი უკეთესი უნდა მქონდეს. მინდა „იუნაიტედს“ ახალი ტიტულების მოხვეჭაში დავეხმარო“.

შემდეგ, ჩიჩარიტომ აღიარა, რომ მის მიერ გასულ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობამ თავადაც კი გააკვირვა.

„სეზონის დასაწყისში მეგონა, რომ იშვიათად მათამაშებდნენ. ვფიქრობდი, უკეთეს შემთხვევაში მოედანზე თამაშის მიწურულს შემიშვან, როდესაც გუნდი ვერ იგებს და რამენაირად გოლია გასატანი-მეთქი. ძირითადად პრემიერლიგასთან შეგუებისთვის ვემზადებოდი, მეგონა რომ განსაკუთრებით ფიზიკურად გამიჭირდებოდა. სინამდვილეში კი სხვა რამ მოხდა: თავიდანვე მათამაშებდნენ, რამაც საკუთარი თავის რწმენა ჩამინერგა და გოლებიც გავიტანე. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ვერც კი წარმოვიდგენდი. საოცნებო სეზონი მქონდა“.

საინტერესოა, რომ ხავიერ ერნანდესი იმ კონკრეტულ შეხვედრასაც კი ასახელებს, როდესაც მან იგრძნო, რომ ნამდვილად „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელია. ეს 24 ოქტომბერს, „სტოკ სიტის“ 2:1 ძლევის დროს მომხდარა. იმ შეხვედრაში „იუნაიტედის“ ორივე გოლი მექსიკელმა გაიტანა.

ჰა, ბურთი...
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველს, ტრავმებით დატანჯულ 30 წლის ოუენ ჰარგრივზს კარიერის დასრულების საფრთხე ემუქრება. დაიწყო სატრანსფერო სეზონი და, როგორც ჩანს, მის ყიდვას არავინ ეშურება. ასე რომ, ერთადერთ ვარიანტად ისევ „იუნაიტედში“ დარჩენაღა რჩება, ოღონდ ინგლისის ჩემპიონი ხელშეკრულების მეტად „მსუბუქ“ ფორმას სთავაზობს: როგორც ითამაშებ ისე გადაგიხდი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული