ამბობენ, რომ „ლურჯების“ პატრონი პორტუგალიის ჩემპიონს ამით არ შეეშვება და 26,5 მილიონ ფუნტად 25 წლის კოლუმბიელ თავდამსხმელ ფალკაოსაც გამოართმევს. ცნობილი გახდა, რომ კლუბების წარმომადგენლები ამ საკითხის გასარკვევად ერთმანეთს პორტუს „შერატონში“ შეხვდნენ, თუმცა... ჯერ მწვრთნელისა ვთქვათ.
ამრიგად, დასავლეთლონდონელებს 33 წლის თავკაცი ეყოლებათ, გუნდის წამყვანი ფეხბურთელების, ფრენკ ლემპარდისა და დიდიე დროგბას ტოლი. ეს,
ინგლისელმა ჟურნალისტებმა ჰოლანდიაში ჰიდინკის მეგობრებისგან გაიგეს, რომ ის თურქეთის ნაკრებში რჩება, პორტუგალიაში კი დაადასტურეს, რომ ვილაშ-ბოაშთან ყველაფერი მოგვარებულია. ერთადერთი, „ჩელსი“ არ ჩქარობს და აცხადებს, რომ ყველაფერს, ოფიციალურად, რამდენიმე დღეში იტყვის.
ზემოთ მოგახსენეთ, რომ აბრამოვიჩი ის კაცია, რომელსაც თამამი გადაწყვეტილებების მიღება უყვარს, თუმცა ბრიტანულ გაზეთებში წერენ, რომ ვილას-ბოასის დანიშვნა თვით აბრამოვიჩისთვისაც რისკიანი გადაწყვეტილებაა. ამ პორტუგალიელმა სპეციალისტმა გასულ სეზონში „პორტუ“ შინ და ევროსარბიელზე სამ ტიტულამდე მიიყვანა - ინგლისში ასეთ რამეს „ტრებლის“ მოგებას ან შესრულებას უწოდებენ. მეორე მხრივ კი, ეს ის კაცია, რომლისთვისაც ლონდონში „სტემფორდ ბრიჯის“ მოგნება პრობლემას არ წარმოადგენს. 2004 წელს ის გახლდათ „ჩელსის“ მაშინდელი თავკაცის, ჟოზე მოურინიოს ასისტენტთა შორის ყველაზე ახალგაზრდა და გამორჩეული, რადგან მას პროფესიულ დონეზე ფეხბურთი არასდროს უთამაშია.
გავიხსენოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბოლო პერიდში. თავიდან იდეა მარტივი იყო: აბრამოვიჩს „ჩელსის“ თავკაცად 64 წლის ჰიდინკის მიყვანა უნდოდა. ბიზნესმენი ჰოლანდიელს მწვრთნელს რუსეთის ნაკრების თავკაცობის დროიდან იცნობდა. 2009 წელს, ცოტა ხნით, მან ის შეთავსებით ამუშავა კიდევ „სტემფორდ ბრიჯზე“. როგორც ირკვევა, ხელქვეითად ახალგაზრდა მწვრთნელის მიყვანის იდეა მოგვიანებით ჰიდინკს გაუჩნდა. როგორც ჩანს, ჰოლანდიელს, ასაკის გამო, საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელებთან ერთად ყოველდღიურად ტალახის ზელვა არ უნდოდა და აბრამოვიჩს ამ საქმისთვის სხვა კაცის აყვანა სთხოვა. აბრამოვიჩმა მისი წინადადება გაგებით მიიღო და საქმე ჯერ მარკო ვან ბასტენს შესთავაზა, შემდეგ კი სტივ კლარკს. მას მერე, რაც ამ ორმა კაცმა უარი თქვა, „ჩელსის“ მეპატრონემ პორტუში, ვილაშ-ბოაშთან აფრინა ხალხი, მაგრამ ამბიციური პორტუგალიელის პასუხი სხვანაირი გამოდგა - მას არავის ხელქვეითობა არ სურდა.
ინგლისელი ჟურნალისტები წერენ, რომ ასეთ დღეში ჩავარდნილმა აბრამოვიჩმა, რასაკვირველია, კარგად გააანალიზე ყველა რისკი, რაც 33 წლის კაცის მოყვანას შეიძლებოდა მოჰყოლოდა თან, მაგრამ გადაწყვიტა ახალგარზრდობისა და ენთუზიაზმის მხარეს დამდგარიყო. თან, მედალს მეორე მხარეც აქვს: თუკი ჰიდინკი ასაკის გამო ყოლევდღიურ წვრთნაში მონაწილეობას თავს არიდებს, სად არის გარანტია, რომ იმავე მიზეზით მალე სულ არ დაანებეს მუშაობას თავს? ახლა, ჰოლანდიელისთვის „ჩელსიში“ საფეხბურთო საქმეთა დირექტორის ჩვეულებრივი თანამდებობა რჩება, მაგრამ მან ასეთსავე შეთავაზებაზე „აიაქსს“ უკვე უთხრა უარი.
ერთი სიტყვით, ჰოლანდიურ გაზეთ „დას ტელეგრაფში“ გამოქვეყნებულ სვეტში ჰიდინკმა დაწერა, რომ ბოლო ხანს მის გარშემო უამრავი ჭორი აგორდა, მაგრამ ამ ჭორებს მნიშვნელობა არ აქვს. ის თურქეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს ელაპარაკა, საუბარი ჯანსაღი, სასარგებლო გამოდგა და გადაწყდა, რომ ამ ქვეყნის ნაკრებთან კონტრაქტს არ ეღალატება.
„მე მინდა თურქებთან კონტრაქტს ვუერთგულო და საქმე ბოლომდე მივიყვანო“ - დაწერა ჰიდინკმა.
ინგლისში ეჭვი აქვთ, რომ 33 წლის კაცის მწვრთნელად მიღება „ჩელსის“ ფეხბურთელებს თავიდან გაუჭირდებათ. გარდა იმისა, რომ ვილას-ბოასი მათზე დიდად უფროსი არ არის, ეს ის კაცია, რომელიც, წლების წინ, მათ გუნდში DVD-ს დაარბენინებდა და ერთხელ, „ჩელსისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრის დროს ფრენკ რაიკაარდს ხელჩართული ჩხუბი გაუმართა. მოურინიოს ვილას-ბოასი მოწინააღმდეგეების შესახებ ინფორმაციის მოსაგროვებლად სჭირდებოდა. ის „ლურჯების“ თითოეულ ფეხბურთელს კონკრეტულ მეტოქეზე ვიდეომასალით ამარაგებდა - თავდამსხმელებს იმ მცველებზე უგროვებდა მასალას, რომლები მათ, სავარაუდოდ, მეურვეობას დაუწყებდნენ, მცველებს კი, თავიანთ წილ ფორვარდებზე ამარაგებდა ყველა სახის ინფორმაციით.
„ჩელსის“ მავანმა თანამშრომელმა ტაბლოიდებს უამბო: „ანდრე ძალიან ჭკვიანი ადამიანია და ინგლისურად თავისუფლად ლაპარაკობს (ბებიამისი, მარგარეტ კენდალი ინგლისელი გახლდათ), მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრათ, „ჩელსის“ მომავალ მწვრთნელად ვერასდროს წარმოვიდგენდი“.
ანდრე ვილას-ბოასს ფეხბურთი ფაქტობრივად არ უთამაშია. ხუმრობით ამბობენ, მოურინიოს მასზე დიდი კარიერა ჰქონდაო. როდესაც მიხვდა, რომ პროფესიულ ფეხბურთზე ოცნებასაც კი აღარ ჰქონდა აზრი, მეზობლის, „პორტუს“ მაშინდელი მწვრთნელის, დიდი ინგლისელის, სერ ბობი რობსონს ბინასთან მივიდა და კარქვეშ წერილი შეაცურა, დომინგუშ პასიენსას სათადარიგოთა სკამზე ნუ დასვამთ, მისი შემადგენლობაში ყოფნა უფრო სასარგებლო იქნებაო. მაშინ, 1994 წელს ის 17 წლისა იყო. ბედის ირონიაა, რომ 2011 წლის ევროლიგის ფინალში, დუბლინში, ვილას-ბოასის „პორტუმ“ სწორედ პასიენსას „ბრაგას“ მოუგო.
რობსონმა მეზობლის ყმაწვილი უყურადღებოდ არ დატოვა, შინ მიიპატიჟა და უამბო იმ ტაქტიკური მოსაზრებების შესახებ, რომელთა გამოც ის მის ფავორიტს ძირითადში არ ათამაშებდა, მაგრამ, როდესაც მისგან საპასუხო არგუმენტები მოისმინა, მიხვდა, რომ ნიჭიერ ადამიანთან ჰქონდა საქმე და „პორტუს“ ყმაწვილთა გუნდში ერთ-ერთ მწვრთნელად მოაწყო.
ამით არ დაკმაყოფილდა სერ ბობი და ვილას-ბოასს ინგლისში, ლილეშელის მწვრთნელთა სკოლაშიც უშუამდგომლა - ის ხომ ჯერ პატარა იყო. სწორედ ამ სკოლაში ისწავლა ყმაწვილმა საფეხბურთო ტაქტიკის ანა-ბანა და c კატეგორიის ლიცენზიაც მიიღო. რობსონის დახმარებით პორტუგალიელი ახალგაზრდა, სხვადასხვა დროს, შოტლანდიასა და სერ ბობის ყოფილ კლუბ „იფსვიჩ თაუნში“ მუშაობდა.
21 წლის ვილას-ბოასი ვირჯინიის კუნძულების ფეხბურთის ასოციაციაში ტექნიკურ დირექტორად და მწვრთნელად მოეწყო. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში მისმა გუნდმა ბერმუდასთან წააგო და თან, იმ შეხვედრაში, ბერმუდელმა ვარსკვლავმა შონ გოტერმა, რომელიც 41 წლის არის, მაგრამ ინგლისში შარშანდლამდე აგორებდა ბურთს, 5 გოლი გაიტანა. ეს იყო და ეს, რობსონის პროტეჟემ ჩანთა ჩაალაგა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც „პორტუს“ 19 წლამდელთა მწვრთნელად მოეწყო. ერთი წლის შემდეგ „პორტუში“ მოურინიოც მივიდა და ის მთავარს სკაუტ-ასისტენტად გადაიყვანა.
ანდრე ვილას-ბოასი მოურინიოს წაჰყვა „ჩელსისა“ და „ინტერში“, თუმცა, 2009 წელს, როდესაც „აკადემიკა დე კოიმბრას“ მწვრთნელობა შესთავაზეს „განსაკუთრებულს“ დაშორდა. ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით „აკადემიკა დე კოიმბრა“ გავარდნას გადარჩა, ცხრილის შუაში დამკვიდრდა და... ვილას-ბოასმა „პორტუდან“ მიიღო მოწვევა.
„მე ჟოზესგან რჩევებს აღარ ვიღებ. „აკადემიკაში“ რომ ვიყავი ხშირად ვურეკავდი, მაგრამ დღეს ყველაფერი სხვანაირად არის“ - თქვა ამასწინათ „ჩელსის“ მომავალმა თავკაცმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"