სატრანსფერო უღელ-კეჰილი

AutoSharing Option
„ბოლტონის“ ცენტრალური მცველი, 25 წლის ინგლისელი გერი კეჰილი 17 მილიონი ფუნტი ღირს და მისი შეძენა „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ უნდა.

„დეზების“ თავკაცი ჰარი რედნაპი „ასტონ ვილას“ ყოფილი ფეხბურთელის დიდი თაყვვანისმცემელია. რედნაპს მისი გადაბირება ჯერ კიდევ იანვრის სატრანსფერო ბაზრობის დროს უნდოდა, მაგრამ კეჰილს სხვა თაყვანისმცემლებიც ჰყავს. კერძოდ, ინგლისის ნაკრების მოთამაშის შეძენით „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“ არიან დაინტერესებული. „დეზებს“ „არსენალთან“ კონკურენცია ასე თუ ისე კიდევ შეუძლიათ, უმდიდრეს ისტლენდელებს კი მოდი და თუ ბიჭი ხარ, გაუწიე წინააღმდეგობა.

„ბოლტონს“ დღეისათვის 90 მილიონი ფუნტი ვალად აწევს და
ფეხბურთელის სანაცვლოდ თანხის სრულად გამორთმევა კლუბისთვის დიდი შვება იქნებოდა, მაგრამ მწვრთნელ ოუენ კოილს ფულის გარდა ფეხბურთზეც აქვს საზრუნავი. მას ურჩევნია კეჰილის სანაცვლოდ მყიდველს ფულიც გამოართვაც და ხურდაში მოყოლებული მოთამაშეც. კოილმა თქვა:

„სანამ რომელიმე კლუბი წინადადებით მოგვმართავს, ჯობს კარგად დაფიქრდეს, რამდენად სწორად აფასებს გერი კეჰილს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ მცველს იაფად ნამდვილად არ გავყიდით. გერი ის ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს და, მართალი გითხრათ, როდესაც ვუყურებ რა ხდება დღეს სატრანსფერო ბაზარზე, მიკვირს, ამდენ ხანს მის გამო კალთებს რატომ არ გვახევენ“.

რედნაპი, თავის მხრივ, მზად არის, ხურდაში ნებისმიერ გუნდს სებასტიან ბასონგი მისცეს. ის 24 წლის კამერუნელი მცველი გახლავთ. კიდევ, არის 20 წლის ინგლისელი დენი როუზის ერთი წლით მიქირავების ვარიანტიც. როუზი „ტოტენჰემს“ კი ეკუთვნის, მაგრამ 2009 წლის შემდეგ გაქირავებულია, ხან „უოტფორდში“, ხან „პიტერბოროში“ და ხანაც „ბრისტოლ სიტიში“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული