დაასამარებს "ჩელსი" ბარონს?

AutoSharing Option
წარსულში ცნობილი თავდამსხმელი, ტელე და საგაზეთო ჟურნალისტი იან რაიტი „ჩელსის“ ახალ მწვრთნელზე ასე წერს:

„თუ ანდრე ვილას-ბოასს „სტემფორდ ბრიჯზე“ წარმატება სურს, გასახდელში პირველივე დღიდან უნდა მოიპოვოს ავტორიტეტი. მის მეთოდებს წამყვანმა მოთამაშეებმა ეჭვით რომ შეხედონ, საქმე თავიდანვე ცუდად წაუვა. „ჩელსის“ რანგისა და ამბიციის მქონე გუნდში 33 წლის, გამოუცდელი მწვრთნელის მიყვანა ძალიან თამამი ნაბიჯი იყო. პირადად მე ვილას-ბოასს დიდ იღბალს ვუსურვებ, ახლა ყველაზე მეტად მას ეს სჭირდება.

არ დაგავიწყდეთ, რომ კარლო ანჩელოტიმ „ჩელსის“ დუბლი მოაგებინა და მაინც გააგდეს. შესაბამისად, ვილას-ბოასმა უნდა იცოდეს,
რომ თუ პირველივე წელიწადს ჩემპიონთა ლიგას არ მოიგებს, მასაც იგივე ბედი ელის.

ვფიქრობ, ეს უდიდესი წნეხია კაცისთვის, რომელმაც უნდა გაწვრთნას გუნდი, სადაც რამდენიმე ვარსკვლავი მისი ასაკისაა. ჯონ ტერის, ფრენკ ლემპარდს და დიდიე დროგბას ვილას-ბოასი ახსოვთ, როგორც ჟოზე მოურინიოს ასისტენტთა შორის ყველაზე დაბალი რანგის თანამშრომელი, რომელსაც განსაკუთრებულისთვის ინფორმაციის შეგროვება ევალებოდა. ის, რომ მან პორტუგალიაში ჩემპიონის ტიტული მოიგო, არაფერს ნიშნავს. ინგლისში ვილას-ბოასს ავტორიტეტი თავიდან აქვს მოსაპოვებელი.

„არსენალში“ რომ დანიშნეს არსენ ვენგერი 50 წელს უახლოვდებოდა, მაგრამ ფეხბურთელები გამომცდელის თვალით ველოდით. არსენმა პირველივე დღიდან ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. მან თავიდანვე საინტერესო ვარჯიში ჩაგვიტარა და ავტორიტეტიც მოიპოვა. ვფიქრობ, ვილას-ბოასს ზუსტად იგივე აქვს გასაკეთებელი „ჩელსიში“.

თუმცა, „ლურჯებს“ ერთი განსხვავებული თვისება, მე ვიტყოდი პრობლემა აქვთ. ამ კლუბში კეთდება მხოლოდ ის, რაც რომან აბრამოვიჩს მოეპრიანება. მე რომ „ჩელსის“ ფანი ვყოფილიყავი მეპატრონეს ჟოზე მოურინიოს გაგდებას არ ვაპატიებდი, „იარაღს ავისხამდი“, მაგრამ ინგლისის ყველა სხვა მეპატრონისგან განსხვავებით აბრამოვიჩი წყლიდან მშრალად ამოვიდა - მას არავინ არაფერი უთხრა.

ამასწინათ წავიკითხე, რომ ვილას-ბოასის სანაცვლოდ 13,2 მილიონი ფუნტის გადახდის შემდეგ თანხა, რომელიც „ჩელსიმ“ ბოლო ოთხ წელიწადში მწვრთნელების შესაძენად გაიღო, 50 მილიონ ფუნტს გასტოლებია. ეს, რასაკვირველია, სრულიად გიჟური რიცხვია, თუმცა აბრამოვიჩის სიმდიდრის კაცისთვის არაფერს ნიშნავს.

კიდევ, კლუბის აღმასრულებელი შეფი, რონ გურლი ამბობდა, რომ „ჩელსის“ შედეგიანობა და სტაბილურობა არ დაეწუნება, რადგან ბოლო 6 წელიწადში გუნდმა 10 ჯილდო მოიპოვა. მართალი გითხრათ, ამ შეხედულებას ბოლომდე ვერ ვიზიარებ, რადგან კარგად ვიცი, რომ ამ ხნის განმავლობაში „ჩელსიმ“ სწორედ ის ჯილდო ვერ მოიგო, რომელიც მისი მეპატრონისთვის ყველაფერს ნიშნავს. სხვა მხრივ კი, რასაკვირველია, „ლურჯებს“ წარმატებული გუნდი ჰყავთ. გასაკვირიც კი იქნებოდა, ასეთი ფეხბურთელების ყიდვის შემდეგ ვერაფერი რომ მოეგოთ, მაგრამ მენეჯმენტის, მოთამაშეებისა და ტაქტიკის შერჩევაში ნამდვილი სტაბილურობა რომ ყოფილიყო, მერწმუნეთ, შედეგი გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

თანხა, რომელიც მათ ბავშვთა აკადემიის მშენებლობაში დახარჯეს, ალბათ, შემდეგი 20 წლის განმავლობაში ვარსკვლავების აღზრდის გარანტია უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით „ლურჯებმა“ მხოლოდ ჯოშ მაკეჩრანი გაზარდეს. ეს კი მწვრთნელების და, შესაბამისად, პოლიტიკის ცვლის ბრალია. ოთხი წელიწადიც კი არ არის გასული, რაც „ჩელსიმ“ ექვსი მწვრთნელი შეცვალა. ვლოცულობ, ვილას-ბოასის საქმეც ცრემლით და გოდებით რომ არ დამთავრდეს. იმედი მაქვს, „ჩელსი“ ამ ახალგაზრდა კაცს ჩინებულად დაწყებულ კარიერას არ დაუნგრევს“.

სანამ მიმომხილველები პროგნოზებს გამოთქვამენ, თავად ანდრე ვილას-ბოასი შვებულებაშია, ოჯახთან ერთად ისვენებს. პორტუგალიელი სპეციალისტი ლონდონში ჩასვლას არ ჩქარობს, თუმცა „ჩელსის“ წარმომადგენლებს ხვდება და ფორმალობებს აგვარებს. „ლურჯები“ ახალი თავკაცის საზოგადოებისთვის წარდგენას ივლისში აპირებენ. დასავლეთლონდონელთა შეფებს უნდათ, რომ წარდგენამდე, რამდენიმე დღე მან ფეხბურთელებთან წაიმუშაოს.

ცნობილია, რომ ვილას-ბოასი ლონდონში „პორტუდან“ ორ თანაშემწეს წაიყვანს. ერთი მათგანია ფიზიკური მომზადების სპეციალისტი ჟოზე მარია როჩა, ხოლო მეორე, მოწინააღმდეგე გუნდების „მზვერავი“ დანიელ სოუზა. ვილას-ბოასი არ მალავს, რომ „პორტუდან“ ორი ფეხბურთელის წაყვანაც სურს. ლაპარაკია 25 წლის კოლუმბიელ თავდამსხმელ ფალკაოზე და 24 წლის პორტუგალიელ ნახევარმცველ ჟოაო მოუტინიუზე. პორტუგალიური კლუბის პრეზიდენტმა ჟორჟე ნუნუ პინტუ და კოსტამ ორივე მათგანს მყისვე ფასი დაადო. ფალკაოზე თქვა, რომ ის 26,5 მილიონი ფუნტი ღირს, ხოლო მოუტინიუ 35,5 მილიონად დააფასა.

პინტუ და კოსტამ თქვა, რომ „ჩელსიმ“ ვილას-ბოასის თაობაზე პირველად მაისში ჩამოუგდო სიტყვა:

„როდესაც ანდრე დაახლოებით ერთი თვის წინ, უქმეებზე ლონდონს გაემგზავრა, მის ასისტენტს, ვიტორ პერეირას დავურეკე და ვუთხარი, მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად მზად თუ ხარ, მეთქი“.

თუმცა, ყველაფერი ერთი კვირის წინ გადაწყდა, რაც საბოლოოდ გაირკვა, რომ გუს ჰიდინკი „სტემფორდ ბრიჯზე“ არ გადავა. ამასწინათ, ვილას-ბოასმა თქვა, რომ ლონდონი ის ქალაქია, სადაც ის სიამოვნებით იცხოვრებს. პორტუგალიურმა პრესამ კი დაწერა, რომ მას ბუკინგემის სასახლეში ერთი ფრთაც კი ეკუთვნის. საქმე ის გახლავთ, რომ 1890 წელს პორტუგალიის მეფე კარლოს I-მა ჟოზე ჟერარდო დე ვილას ბოასი გუილომილის პირველ ვიკონტად დანიშნა. ეს ტიტული მემკვიდრეობით ანდრეს პაპის ძმას, ჟოზე რუის ერგო, რომელსაც ვაჟი აღარ ჰყოლია. გარდა ამისა, ანდრე ვილას-ბოასი სხვადასხვა მხრიდან ორი ბარონის ნათესავია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული