სესკი აწვება

AutoSharing Option
„არსენალის“ 24 წლის კაპიტანი სესკ ფაბრეგასი თავის გუნდზე ზეწოლას ცდილობს. ესპანელ ნახევარმცველს უნდა, რომ ის „ბარსელონაში“ გაყიდონ.

მოგეხსენებათ, „ბარსელონა“ ფაბრეგასის მშობლიური ქალაქის გუნდია, სადაც ის ბავშვთა სკოლაში დადიოდა. ტრანსფერი, სავარაუდოდ, შედგება, მაგრამ ამწუთას მხარეები ფასზე ვერ თანხმდებიან. „არსენალი“ აცხადებს, რომ სესკს 35 მილიონ ფუნტზე იაფად არ გაყიდის. 35,5 მილიონი ფუნტი 40 მილიონი ევრო გახლავთ.

„ბარსელონას“ პრეზიდენტი სანდრო როსელი ამბობს, რომ ფაბრეგასი ყველა ღონეს ხმარობს, რათა „მეთოფეები“ დაიყოლიოს. როსელმა თქვა:

„სესკი ყველა ყველაფერს აკეთებს, რათა ლონდონიდან წამოვიდეს. პეპ გვარდიოლა ფეხბურთელების ფასებში
კარგად ერკვევა და ამბობს, რომ ფაბრეგასი 40 მილიონი ევრო ნამდვილად არ ღირს. „ბარსელონა“ „არსენალს“ ნაკლებს სთავაზობს და თუ ისინი არ დაგვთანხმდებიან, ტრანსფერი ჩაიშლება“.

„ბარსელონას“ ვალი 507 მილიონ ევროს შეადგენს და, შესაბამისად, კატალონიელები ბაზარზე ფულს უხვად ვერ ხარჯავენ. თან, მათ ამ ზაფხულში სხვა დიდი გეგმებიც აქვთ. მაგალითად, „უდინეზესგან“ ჩილელი ალექსის სანჩესის ყიდვა უნდათ, რაც საკმაოდ ძვირი საქმეა. შესაბამისად, ფაბრეგასის საყიდელი ფულის ასაგროვებლად, შეიძლება მეორეხარისხოვანი მოთამაშეების გაყიდვა მოუხდეს.

ამასობაში დიდი ბრძოლებია საკუთრივ „არსენალში“, მეპატრონეთა შორისაც. ალიშერ უსმანოვმა თავისი წილი 29 პროცენტზე მეტად გაზარდა, რითაც ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელ სტენ კრეონკს არაფერს დაუთმობს. არადა, კრეონკს რუსეთში გამდიდრებული უზბეკის წილის შესყიდვაც უნდოდა და მას ერთ აქციაში 11,750 ფუნტს სთავაზობდა. კრეონკი „არსენალის“ მთავარ მეწილედ აპრილში იქცა, როდესაც კლუბის აქციათა 66,1 პროცენტს დაესაკუთრა.

უსმანოვი ერთი ხნის წინ „არსენალის“ სხვა მეწილეთა კრიტიკითაც კი გამოვიდა. მან თქვა, რომ ექვსწლიანი ხელმოცარვა მარტო მწვრთნელისა და ფეხბურთელების კი არა, მათი ბრალიც არის. 57 წლის მილიარდერმა თქვა:

„თუ მეპატრონეთა საბჭოს წევრობა უშედეგო პერიოდის შორიდან ყურება, ჯიბის გასქელება და იმის გამოცხადებაა, რომ ბილეთების ისედაც ძვირი ფასი კიდევ უფრო იზრდება, მაშინ მე ამ გაერთიანების წევრობა არ მინდა. სამაგიეროდ, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას წარმატებისთვის ბრძოლაში, ინვესტიციების ჩადებაში და გულშემატკივრისთვის იმის დამტკიცებაში, რომ მათ კლუბის მართვაში თავიანთი სიტყვა ეთქმით“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული