ოთხოსანი ვილას-ბოასი

AutoSharing Option
საოცარი რამ თქვა „ჩელსის“ ახალმა მწვრთნელმა ანდრე ვილას-ბოასმა - კლუბის მეპატრონე, რომან აბრამოვიჩი კმაყოფილი რომ მყავდეს ერთბაშად ოთხი ტიტული ანუ, როგორც ინგლისელები უწოდებენ, „კვადროპლი“ უნდა მოვიგოო. სწორედ ეს გააკეთა ვილას-ბოასმა ახალდამთავრებულ სეზონში „პორტუს“ შემადგენლობაში.

ცნობისათვის: „ჩელსის“ შემთხვევაში ოთხი ჯილდო გამოდის - პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის ანუ „ქარლინგის“ თასი და, რასაკვირველია, უეფას ჩემპიონთა ლიგა.

ვილას-ბოასმა თქვა: „დარწმუნებული ვარ, რომ „ჩელსის“ ამბიციებს მხარს ავუბამ და ერთბაშად ოთხ შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ. ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთი მიდგომა ხალხსაც
ძალიან მოეწონება. მესმის, რომ ახალი ხელმძღვანელობის ხელში ცხოვრების წესი იცვლება, მაგრამ იმედი მაქვს, მალე ყველა ერთი იდეით დაიმუხტება და ყველაფრის მოსაგებად ყველა ღონეს იხმარს“.

მოგეხსენებათ, 33 წლის ვილას-ბოასმა „სტემფორდ ბრიჯზე“ სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, თუმცა კარგად უწყის, რომ „ჩელსის“ მეპატრონეს ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა და ამ ფრონტზე დამარცხება, სავარაუდოდ, მისი თანამდებობიდან მოხსნით დამთავრდება. ინგლისში დღემდე არ განელებიათ გაოცება, რომელიც კარლო ანჩელოტის თანამდებობიდან მოხსნამ გამოიწვია. ანჩელოტიმ, ხომ პირველ სეზონში ერთბაშად ორი ჯილდო მოიგო - პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა და ფეხბურთის ასოციაციის თასს დაეუფლა, მაგრამ, შემდეგ სეზონში ხელი მოეცარა და, რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგაში ვერ გაიმარჯვა.

ვილას-ბოასი ამბობს, რომ ევროპული ჯილდოს მოგება იღბალზეა დამოკიდებული: „კარგად მესმის რატომაც არის „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის მოგების იდეით ასე შეპყრობილი. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ჯილდოს საუკეთესონი კი არა, ყველაზე იღბლიანები იგებენ“.

გასულ სეზონში პორტუგალიელმა „პორტოს“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, თასი, ქვეყნის სუპერთასი და ევროლიგა მოაგებინა, მაგრამ როდესაც გაიგო თუ რამდენს იხდიდა მის გამოსასყიდად „ჩელსი“, გაოცდა. მოგეხსენებათ, ვილას-ბოასში „ლურჯებმა“ 13,25 მილიონი ფუნტი ანუ, დაახლოებით, 14,9 მილიონი ევრო გადაიხადეს.

„ეს მართლაც წარმოუდგენელი იყო. ამ ამბავმა ჩემზე ყუმბარის გასკდომასავით იმოქმედა. თუმცა, დღეს ემოციამ ჩაიარა და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს მივადექით - კლუბის დიადი მომავლის პროექტზე ვმუშაობთ. ბოლო ექვსი თუ შვიდი წელიწადია „ჩელსი“ ძირეულად შეიცვალა, რიგითიდან დიდ კლუბად გარდაიქმნა. ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, ეს მიმართულება რომ შევინარჩუნოთ“.

გაზეთი „სანი“ კი ვილას-ბოასის პირველი ინგლისური პრესკონფერენციის შემდეგ წერს, რომ ახლა მისთვის გასაგებია თუ რამ უბიძგა „ჩელსის“ ხელმძღვანელობას პორტუგალიელის დაქირავებისკენ ჩვენ, რასაკვირველია, ასეთ დეტალებში შეყოლა არ გვჭირდება, მაგრამ გაზეთმა დასალვლეთლონდონელთა ახალ მწვრთნელს 2005 წლის ხელნაწერიც კი გამოართვა, სადაც ის, როგორც ჟოზე მოურინიოს სკაუტი, „ნიუკასლ იუნაიტედს“ ახასიათებდა.

ვილას-ბოასის მსოფლმხედველობა კი მის პირველ პრესკონფერენციაზე კარგად გამოჩნდა. მან თქვა, რომ ანჩელოტის ფორმაციის გუნდია დიდად შეცვლას არ აპირებს, ხოლო ფეხბურთელებს პირისპირ დაელაპარაკება და იქ გაარკვევს, რამდენად არიან ისინი მზად, გუნდისთვის თავი დასდონ. ახალმა მწვრთნელმა ბრძანა:

„დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთში მთავარი მოტივაციაა. რასაკვირველია, წარმატებისთვის კარგი ორგანიზაცია და ხელმძღვანელობაც აუცილებელია. მე ვამაყობ ჩემი ასისტენტებით, რომლებიც ძალიან კარგ ანალიზს აკეთებენ და ზუსტად ამბობენ თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ამა თუ იმ შეხვედრაში. ჩვენ ძალიან გვიყვარს შემტევი, შემოქმედებითი ფეხბურთი, მაგრამ ყველაზე მეტად მინდა ფეხბურთელებს თავიანთი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ კარგად გააზრებული. მათ ხომ კონკრეტული გადაწყვეტილებები აქვთ მისაღები. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვართ ადამიანთა ტექნიკური ჯგუფი, რომლებიც მათ პასუხისმგებლობის აღებასა და გადაწყვეტილებების მიღებას შთავაგონებთ.

რასაკვირველია, ვარჯიშით უამრავი რამის გამომუშავება შეიძლება, მაგრამ ყველაფერს მოედანზე მათი გრძნობები, მათი ნაბიჯები, მათი ინტუიცია წყვეტს. ხოლო იმისათვის, რომ მათი ნაბიჯები სწორი იყოს, ისინი მუდმივად მოტივირებულნი უნდა იყვნენ. ფეხბურთელები დღენიადაგ მოგებაზე უნდა იყვნენ დაგეშილნი. ჩვენც, სწორედ ამაზე გავაკეთებთ უმთავრეს აქცენტს და ამოსავალ წერტილად ავიღებთ იმას, რომ „ჩელსი“ ბოლო წლების განმავლობაში წარმატებული გუნდი იყო. საბოლოოდ, ყველაფერს გამარჯვების წყურვილი გადაწყვეტს“.

ვილას-ბოასის ფილოსოფია ერთი შეხედვით ძალიან მარტივ პრინციპზეა აგებული: იმისათვის, რომ მოედანზე გაიბრწყინონ, ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ საქმეს მთელი გულით უნდა
მოეკიდონ. მათ მოედანზე პოტენციალი სრულად უნდა გამოამჟღავნონ.

„ჩვენ გვინდა „ჩელსიში“ საკუთარი ფილოსოფია დავნერგოთ და გარედან ინგლისური ფეხბურთის, კულტურის საფარველი შემოვარტყათ. შემდეგ ვნახავთ, სადაც მიგვიყვანს ეს ყველაფერი. იმისათვის, რომ ფეხბურთელმა გაიბრწყინოს, მას არჩევანის თავისუფლება უნდა ჰქონდეს. მწვრთნელმა თითოეულ მოთამაშეში უნდა იპოვნოს ისეთი რამ, რაც მან თავად იცის რომ აქვს, მაგრამ ვერ ამჟღავნებს. ყოველი ფეხბურთელის შესაძლებლობები სრულად - აი, რას ვეძებთ ჩვენ“.

ახალი ფეხბურთელების შესახებ რომ ჰკითხეს, „ჩელსის“ მწვრთნელმა თქვა, რომ ის ჯერ ძველებს უნდა შეხვდეს და ამოიცნოს ისევ აქვთ ის ჟინი, რომლის წყალობითაც ადრე ბრწყინავდნენ თუ არა. სეზონის დაწყებამდე ვილას-ბოასთან გულწრფელი ლაპარაკი მოუწევთ ეშლი კოულს, დიდიე დროგბას, ჯონ ტერის, ფრენკ ლემპარდს და სხვა ლიდერებს, რომლებიც, სხვათაშორის, მისი თაობისანი არიან. „ჩელსის“ საკლუბო ტელევიზიასთან ლაპარაკისას პორტუგალიელმა თქვა:

„მინდა გუნდში მშვიდი ატმოსფერო სუფევდეს, რათა ფეხბურთელებმა ყოველგვარი ვნებათაღელვის გარეშე გამოამჟღავნონ თავიანთი შესაძლებლობები. ივლისში, საწვრთნელ ბაზაზე უამრავი მოთამაშე დაბრუნდება. მინდა მათ თავი მოვუყარო, შეხვდე და დავინახო კვლავ არიან ჟინით შეპყრობილნი თუ არა. რადიკალური ცვლილებები „ჩელსის“ სიკეთეს არ მოუტანს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული