ვის რა ეშლება?

AutoSharing Option
ეშლი იანგს თავი ქუდში აქვს - მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ სამედიცინო ცენტრში შემოწმება გაიარა და 16 მილიონიანი ტრანსფერიც შედგა.

მოგეხსენებათ, „ასტონ ვილას“ ვარსკვლავსა და „იუნაიტედს“ შორის ყველაფერი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გაირკვა, სანამ 25 წლის გარემარბი დასასვენებლად ლას ვეგასში წავიდოდა. ფორმალობაღა იყო დარჩენილი. იანგი ამერიკიდან ორშაბათს ჩამოვიდა, რამდენიმე დღეში კი „იუნაიტედის“ ბრიჯუოტერის კლინიკას მიაკითხა, სადაც დადასტურდა, რომ ის სრულიად ჯანმრთელია.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა მიმდინარე სატრანსფერო სეზონში უკვე 30 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა. იანგის გარდა
მან 16,5 მილიონ ფუნტად, „ბლექბერნიდან“ 19 წლის მცველი ფილ ჯონსი გადაიბირა.

მანჩესტერის მეორე გუნდში, „სიტიში“ კი ბოლო დღეებში ყურადღება 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელის, კარლოს ტევესის ამბავმა მიიპყრო. ის, მოგეხსენებათ, ყველა ღონეს ხმარობდა, რათა ისტლენდიდან წასულიყო, მაგრამ საქმე ცუდად მოუტრიალდა - მილანის „ინტერმა“ განაცხადა, რომ ამ თავდამსხმელის ყიდვა მისთვის დიდი ფუფუნებაა.

ტევესი, რომელიც გასულ სეზონში „მანჩესტერ სიტის“ კაპიტანი გახლდათ, არ მალავდა, რომ პრემიერლიგიდან გაქცევას აპირებდა. მიზეზად მას ოჯახური მდგომარეობა მოჰქონდა, ამბობდა, რომ შვილები არგენტინაში ჰყავს და მათ გარეშე ცხოვრებას ვერ ეგუება.

ბოლოს და ბოლოს, „სიტი“ მის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ფორვარდს ძვირი ფასი დაადო - 50 მილიონი ფუნტი ანუ დაახლოებით 56 მილიონი ევრო. ამას დაამატეთ პირადად ტევესის ხელფასიც - ისტლენდზე ის კვირაში 250 ათას ფუნტს იღებდა, ასეთი თანხის ერთ ფეხბურთელში გადახდა კი, ვაგლახ, მთელ დედამიწაზე სულ ერთ-ორ გუნდს თუ შეუძლია და ერთ-ერთი მათგანი „სიტია“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული