"ბარსენალი" ან "არსელონა"

AutoSharing Option

ეს უკვე დაუსრულებელს ემსგავსება: „ბარსელონამ“ და „არსენალმა“ მეორე წელიწადია ვერაფრით გაარკვიეს, ბოლოს და ბოლოს, სად უნდა თამაშობდეს წარმოშობითა და აღზრდით ბარსელონელი, მაგრამ ყმაწვილკაცობაში ლონდონს გადაბარგებული და პროფესიულ ფეხბურთს იქ ნაზიარები სესკ ფაბრეგასი.

 

ვაჭრობა, ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ, განახლდა. ესპანეთის ჩემპიონმა ინგლისის მეოთხე გუნდს ამჯერად 27 მილიონი ფუნტი შესთავაზა. მოგეხსენებათ, „მეთოფეებს“ ნათქვამი ჰქონდათ, რომ თავიანთ კაპიტანს მხოლოდ 35 მილიონ ფუნტად გაყიდიან. ცნობისთვის: 27 მილიონი ფუნტი 30,35 ხოლო 35 მილიონი ფუნტი თითქმის 40 მილიონი მილიონი ევროა. ცნობილი გახდა ისიც, რომ შეთავაზება ზეპირი იყო

- „ბარსას“ პრეზიდენტმა სანდრო როსელმა „არსენალის“ აღმასრულებელ შეფ აივან გაზიდისს პირადად უთხრა რამდენს იხდიდა ფაბრეგასის სანაცვლოდ. რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ 24 წლის კაპიტნის 30,35 მილიონ ევროდ გაყიდვაზე „არსენალმა“ უარი თქვა, თუმცა დაადასტურა, რომ მას 40 მილიონად დათმობს. ასე იყო შარშან ზაფხულშიც, ჩრდილოლონდონელებმა ფაბრეგასი 35 მილიონ ფუნტზე ნაკლებად ცოცხალი თავით არ გაყიდეს - შარშან ფუნტისა და ევროს შეფარდება სხვა იყო. მაშინ ტრანსფერი ჩაიშალა და სესკი „არსენალში“ დარჩა.


შეგახსენებთ, რომ როსელმა ერთი კვირის წინ ფაბრეგასი იმ საგანს შეადარა, რომელიც რაც დრო გადის, იცვითება. მან თქვა: „შარშან ფაბრეგასის სანაცვლოდ 40 მილიონ ევრომდე ვიხდიდით, მაგრამ წლეულს ის ამდენი აღარ ღირს და ეს თვალშისაცემია. მას მერე დრო გავიდა და ფეხბურთელი გაიცვითა“.

ცვეთაში, სავარაუდოდ, ორივე ფეხის ორთავა კუნთის ტრავმა იგულისხმება, რომელიც სესკმა ბოლო ორ წელიწადში გადაიტანა. საინტერესოა, რომ კაპიტნის ცვეთა საკუთრივ „არსენალშიც“ ადარდებთ. „მეთოფეთა“ დირექტორატში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სანამ ამ მოთამაშეს რაღაც ფასი ჯერ კიდევ ადევს, ჯობს ის გაიყიდოს.

 

სესკ ფაბრეგასს „არსენალთან“ კონტრაქტი აკავშირებს, რომელსაც ვადა ოთხი წლის მერე გაუვა. შესაძლოა ვინმემ იკითხოს, მან, „ბარსელონას“ საუცხოო ნახევარდაცვაში ვინ უნდა შეცვალოს. წერენ, რომ ის, ყველაზე მეტად, 31 წლის ჩავის შემცვლელად ესახებათ. ჩავის აქილევსის მყესის მუდმივი პრობლემა აქვს.

ფაბრეგასი გასული კვირის განმავლობაში, სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ინდონეზიაში იმყოფებოდა, სადაც, ბუნებრივია, ჟურნალისტებმა „ბარსაში“ გადასვლის პერსპექტივაზე ჰკითხეს. მან სრულყოფილი პასუხისგან თავი შეიკავა, თუმცა კატალონიური კლუბის მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა აქო. სესკმა თქვა: „ჩემი უდიდესი კერპი პეპია“.

„არსენალის“ ამბებზე ლაპარაკი შეგვიძლია მისი სამხრეთამერიკული ინტერესის განხილვით განვაგრძოთ. ჩრდილოლონდონელები ერთი კვირის წინ 23 წლის არგენტინელი რიკარდო ალვარესის შეძენით იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. „მეთოფეთა“ კლუბის ერთ-ერთი ჩინოსანი რიჩარდ ლოუ „ველეს სარსფილდის“ პრეზიდენტ ფერნანო რაფაინის ურიგდებოდა, მაგრამ ფასზე ვერ შეუთანხმდა. არგენტინულ კლუბს ნახევარმცველის სანაცვლოდ 12,3 მილიონი ევროს მიღება უნდა. ალვარესი ათლეტურია, მისი სიმაღლე 188 სანტიმეტრი გახლავთ და მას ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მისი ყიდვა „არსენალის“ გარდა სურთ იტალიურ „ინტერსა“ და „რომას“, გერმანულ „შალკეს“ და ესპანურ გუნდებს „მალაგასა“ და „სევილიას“. ცაცია ალვარესის შესახებ „არსენალს“ მისმა ბრაზილიელმა სკაუტმა, სანდრო ორლანდელიმ ჯერ კიდევ სამი წლის წინ აცნობა.

ამასობაში, „ბლექბერნიდან“ „ემირეიტ სთედიუმისკენ“ მიილტვის 27 წლის კონგოელი მცველი კრის სამბა, რომელიც თავისი კლუბის ხელმძღვანელებს ემუდარება მის საოცნებო ტრანსფერს ხელი არ შეუშალონ. დაბრკოლება აქაც ფულია: „როვერსს“ 11-12 მილიონი ფუნტი უნდა, „არსენალი“ კი 8 მილიონს იხდის.

კიდევ, „არსენალს“ „ევერტონისგან“ 28 წლის ინგლისელი ნახევარმცველის, ფილ ჯეგიელკას შეძენა სურს. ჯეგიელკა პოლონური წარმოშობის ადამიანია და მისი გვარის სწორად გამოთქმაზე ინგლისში ბევრს დავობენ. მართალია, კომენტატორები მას ინგლისური ყაიდით ჯეგიელკას ეძახიან, მაგრამ ეჭვობენ, რომ როგორც პოლონელი იაგიელკა უფრო იქნება. საკუთრივ მანჩესტერში დაბადებულ დედით შოტლანდიელ მოთამაშეს ერთ-ერთ ინტერვიუში დასჭირდა თავისი გვარის პოლონურად გამოთქმა და მესამე ვარიანტი, იაგელკა თქვა. ამიტომ, როგორც ჩანს, ნახევარმცველი, რომელსაც ინგლისის ეროვნულ გუნდში 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული, კომენტატორებისა და მიმომხილველებისთვის ჯეგიელკად დარჩება.

ბოლოს კი ისიც ვთქვათ, „მეთოფეთაგან“ ვინ სად ისვენებს. ასე მაგალითად 19 წლის ვარსკვლავი ჯეკ უილშირი და მისი სატრფო ლორან ნილი, რომელიც ჯეკზე სამი წლით უფროსია, სარდინიაზე ნებივრობენ. ინგლისური პრესა წერს, რომ წყვილი, რომელიც მას მერეა ერთად, რაც ჯეკი 16 წლის იყო, ლორანი კი 19-ის, იანვარში დაშორდა ერთმანეთს, მაგრამ, შემდეგ ქალის ფეხმძიმობის ამბავი გაირკვა და... ერთი კვირის წინ დიდი შერიგებაც შედგა. უილშირმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ კარგად ესმის, რას ნიშნავს იყო ღირსეული მამა და იქვე საკუთარ მამას „მამის დღე“ მიულოცა. შენ რომ არა, დღეს ის ვერ ვიქნებოდი, რაც ვარო, წერს ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, რომელიც შვილს ოქტომბერში ელოდება.

თეო უოლკოტი და მისი სატრფო მელანი სლეიდი კი საფრანგეთის რივიერაზე ისვენებენ და როგორც პაპარაცების გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, ცდილობენ მზეზე არ დაიწვან.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი  "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 2 /
"არსელონა" ??? :))
0
"ბარსენალი" ???
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული