ეშლის გაოცება უნდა

AutoSharing Option
25 წლის თავდამსხმელმა, ეშლი იანგმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტს ხელი მოაწერა და მყისვე მეოცე ჩემპიონობაზე დაიწყო ლაპარაკი.

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში „იუნაიტედმა“ მეცხრამეტედ მოიპოვა ინგლისის უძლიერესი გუნდის ტიტული, რაც სარეკორდო შედეგი გახლდათ. მანამდე ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდი „ლივერპული“ იყო.

გარემარბმა კონტრაქტზე ხელმოწერის დღეს პრესის ყურადღება იმით მიიპყრო, რომ სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით „იუნაიტედის“ ბანაკში ძველი მანქანით, საკმაოდ შელანძღული „ფორდ ფიესტათი“ მივიდა. მან ინგლისის ჩემპიონთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ ხუთი წლის განმავლობაში ფეხბურთელი 31 მილიონ ფუნტს (კვირაში 129 ათასი) მიიღებს. შეგახსენებთ, რომ მის
სანაცვლოდ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ასტონ ვილას“ 20 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

იანგმა თქვა: „მე მომეცა შესაძლებლობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადმოვსულიყავი და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. იმედი მაქვს, რომ ისტორიული ამბის მონაწილე გავხდები - „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტიტულის მეოცედ მოპოვებაში დავეხმარები. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება გახლავთ. მინდა ცხოვრების მიერ ბოძებულ შესაძლებლობას ორივე ხელით ჩავეჭიდო“.

ახალ თანაგუნდელს „ტვიტერით“ მიესალმა „იუნაიტედის“ დიდი ვარსკვლავი უეინ რუნი: „ძალიან გამიხარდა ეშლი იანგმა ჩვენთან კონტრაქტს ხელი რომ მოაწერა. სეზონის განმავლობაში მისგან საგოლე გადაცემებს ველოდები“.

ეშლი იანგის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა 25 წლის ეკვადორელი ვარსკვლავის, ანტონიო ვალენსიას შევიწროვებას ნიშნავს. ბუნებრივია, მას და 24 წლის პორტუგალიელ გარემარბ ნანის ამიერიდან მეტი გარჯა მოუწევთ - კონკურენცია გაიზარდა. ვალენსიას ახალი თანაგუნდელის გამოჩენის შესახებ სამშობლოში ჰკითხეს, სადაც ის ნაკრებში გახლავთ გამოძახებული. მან უპასუხა:

„ეშლი იანგის ტრანსფერის ამბავი ცნობებში მოვისმინე, მაგრამ არ მეშინია. სეზონი დიდხანს გრძელდება, ალექს ფერგიუსონის ხელში კი ყველა ფეხბურთელს მიეცემა მნიშვნელოვან შეხვედრებში მონაწილეობის შანსი. ეშლი კარგი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი ჯილდოს მოპოვებაში დაგვეხმარება. რაც შემეხება მე, „იუნაიტედში“ ორი სეზონი დამრჩა და ეჭვი არ მეპარება, რომ კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადას ბოლომდე ამოვწურავ. მეტიც, შეიძლება რამდენიმეწლიან ახალ კონტრაქტსაც გამოვკრა ხელი“.

ვალენსიასა და „იუნაიტედის“ საერთო მომავალზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ ეკვადორელ ვარსკვლავს, ბოლო ხანს, მადრიდის „რეალსა“ და „იუვენტუსთან“ აკავშირებდნენ.

„ეს ყველაფერი ჭორია. საიდან მოვიდა ეს ჭორები? ნამდვილად ვერ გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს - თქვა ვალენსიამ - ამწუთას მხოლოდ „კოპა ამერიკაზე“ ვფიქრობ, სადაც ჩემი ქვეყნის ნაკრების სახელით კარგად უნდა გამოვიდე. საბედნიეროდ, ტრავმა, რომელიც გასული სეზონის განმავლობაში მაწუხებდა, საბოლოოდ მოვიშუშე“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული