ნანი ნანატრი

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედში“ 25 წლის ეშლი იანგის გამოჩენის შემდეგ 24 წლის პორტუგალიელ ნანის საკუთარი მომავლის გარკვევა უნდა.

როგორც ამბობენ, ვარსკვლავზე, რომელიც თანაგუნდელებმა გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ძალიან იმოქმედა იმან, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ ათამაშა. ამას, „ასტონ ვილადან“, 20 მილიონ ფუნტად, იანგის გადმოყვანაც დაემატა და ფეხბურთელს ეჭვი გაუჩნდა, რომ ფერგიუსონი მის შესავიწროვებლად ემზადება.

არადა გასულ სეზონში ნანიმ მართლაც საუცხოოდ ითამაშა. პრემიერლიგის ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი საგოლე პასი - 18 - მან გადააწოდა. იმავდროულად პორტუგალიელმა 10 გოლიც შეაგდო, თუმცა
ჯი-სუნ პარკის გამოჯანმრთელების შემდეგ ძალიან უცნაური რამ მოხდა - ფერგიუსონმა ის სათადარიგოთა სკამზე გადასვა.

ახლა ამბობენ, თითქოს გასული სეზონის შუაში ნანი თავად ეძებდა ახალ გუნდს, თუმცა „ბარსელონასთან“ ფინალის წინ მან თქვა: აქ, „მანჩესტერ იუნაიტედში“, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. გასული სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო, თუმცა ჯერ ახალგაზრდა ვარ და მწამს, რომ კიდევ უფრო უკეთესი სეზონებიც მელის.“

„იუნაიტედი“ ბაზაზე 4 ივნისს იკრიბება და ნანიც, სავარაუდოდ, მაშინ გაარკვევს ხელმძღვანელებთან ურთიერთობას, მით უფრო, რომ რეალური მყიდველი გამოჩნდა - „ბაიერნმა“ ინგლისის ჩემპიონს 22 მილიონი ევრო შესთავაზა. გერმანელთა რეკორდმაისტერის გამოჩენამდე ნანის სახელს უფრო იტალიურ გუნდებს, „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ უკავშირებდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ნანის ისტორიის მსგავსი რამ გადახდა ბულგარელ თავდამსხმელ, 30 წლის დიმიტარ ბერბატოვსაც. მან, ჟარგონზე რომ ვთქვათ, სეზონის პირველ ნახევარში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ზურგით ათრია, პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში სხვებთან შედარებით დიდი უპირატესობით ლიდერობდა კიდეც, მაგრამ ფერგიუსონმა გაზაფხულიდან მოყოლებული სათადარიგოთა სკამზე დასვა და, შედეგად, ბოლოს, გოლების რაოდენობით „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი, კარლოს ტევესი დაეწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული