ვინ უფრო მდიდარია

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტიმ“ 22 წლის ჩილელ თავდამსხმელ ალექსის სანჩესში „უდინეზეს“ ხელახლა შესთავაზა ფული, ამჯერად 38 მილიონი ფუნტი ანუ თითქმის 42,7 მილიონი ევრო. ამაში გასაკვირი რა უნდა იყოს, ისტლენდელებს ფული არ აკლიათ და სასურველი მოთამაშის შეძენას ცდილობენ, მაგრამ ერთი რამ კი სასეიროა - ზოგიერთმა ინგლისურმა გამოცემამ „სიტის“ ეს ნაბიჯი „ჩელსისთან“ შეჯიბრებად მიიჩნია.

თითქოს, სასურველი თავდამსხმელის შეძენის გარდა ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელს „ლურჯებისთვის“ იმის თქმაც უნდა, რომ ბაზარზე მეფე თავად არის.

„ჩელსი“ მორიგ ეპოქას იწყებს. დასავლეთ ლონდონელებს ახალი თავკაცი ჰყავთ, 33 წლის ანდრე
ვილას-ბოასი და „სიტიმ“ სწორედ ახლა ჩათვალა მნიშვნელოვნად თავისი სიძლიერის დემონსტრირება. როგორც ჩანს, პრემიერლიგის წამყვან გუნდებს შორის კონკურენცია ფეხბურთის მოედანს გვარიანად გაცდა. თან, საინტერესო ის არის, რომ ბრიტანული მას-მედიის მტკიცებით, სანჩესის ყიდვაში „სიტის“ მთავარი კონკურენტი „ჩელსი“ კი არა, ესპანეთის ჩემპიონი „ბარსელონა“ გახლავთ.

„მანჩესტერ სიტის“ დანახარჯი ხუთი თუ ექვსი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ყველა სხვა კლუბისას აღემატებოდა, თუმცა ბოლოს, იანვარში, „ჩელსიმ“ აჯობა - „ლივერპულისგან“ ფერნანდო ტორესის და „ბენფიკასგან“ დავიდ ლუიზის ყიდვაში „ლურჯებმა“ 75 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ახლა, როგორც ჩანს, ისტლენდელთა დროა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში რვა უსარგებლო ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც ხელფასს უხდის, შეიხი მანსური უკან არ იხევს. პირველ შეთავაზებაზე, 32 მილიონ ფუნტზე, „უდინეზემ“ არაბ მეპატრონეს უარი შეუთვალა და მანაც ფასი 6 მილიონით გაზარდა.

ზემოთ „ბარსელონა“ ვახსენეთ. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს ერთი უპირატესობა აქვს - თავად სანჩესს იქ უნდა გადასვლა, მაგრამ კატალონიელები „სიტის“ ვაჭრობაში ვერ შეეჯიბრებიან. მათ კიდევ „არსენალის“ კაპიტანი სესკ ფაბრეგასი და „ვილიარეალის“ თავდამსხმელი, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ „ნიუკასლში“ ნათამაშები, დაბადებით ამერიკელი იტალიელი, 24 წლის ჯუზეპე როსი ჰყავთ საყიდელი.

„უდინეზეს“ დაჩემებული აქვს სანჩესის ფასი 45 მილიონი ფუნტი ანუ 50 მილიონი ევროაო, მაგრამ სერია A-ს გუნდისთვის ზედმეტი გაჯიუტებაც არ ივარგებს - „სიტიმ“, უცბად, უარი რომ თქვას, შესაძლოა ჩილელი სხვა გუნდისთვის გაცილებით იაფად გაუხდეს მისაყიდი.

აღსანიშნავია, რომ აქამდე „მანჩესტერ სიტი“ ბაზარზე არ აქტიურობდა. ამბობენ, ისტლენდელებს ჯერ იმის გარკვევა უნდოდათ, მათ ხელთ არსებული ფეხბურთელებიდან რომელი დასატოვებელია და რომელი გასაშვებიო. ბალასტის თავიდან მოშორებით „სიტი“, რასაკვირველია, გვარიან თანხას დაზოგავს და არ არის გამორიცხული მერე კიდევ გამოაჩინოს სატრანსფერო ბრჭყალები.

„სიტის“ ბოლო დღეების ცხოვრებიდან „რეალში“ გაქირავებული ემანუელ ადებაიორისა და რუსული „ზენიტის“ ამბავია აღსანიშნავი. 27 წლის ტოგოელ თავდამსხმელს მადრიდელებმა „ნამდვილ“ კონტრაქტზე უარი უთხრეს და სატრანსფერო ოკეანის ზედაპირზე მოტივტივედ დატოვეს. სწორედ აქ გამოჩნდა „ზენიტი“, რომელმაც ადებაიორის ყიდვა გადაწყვიტა. ფეხბურთელის გასახარად, მისი რუსეთში გაყიდვა ჩაიშალა და უახლოეს დღეებში, სეზონისწინა შეკრებაზე გასამგზავრებლად ისევ მანჩესტერში უნდა ჩავიდეს.

არის კიდევ ერთი ვარიანტი - შესაძლოა ადებაიორში 25 მილიონი ფუნტი ანუ 28 მილიონ ევროზე მეტი „მარსელმა“ გადაიხადოს. ყოველ შემთხვევაში, „სიტის“ თავკაც რობერტო მანჩინის ის მაინცდამაინც არ სჭირდება, ასე რომ ტოგოელის ისტორია არ დასრულებულა.

„თუ მეტყვიან, რომ კარიერას კვლავ „მანჩესტერ სიტიში“ ვაგრძელებ, ბედნიერი ვიქნები. ბედნიერი ვიქნები იმ შემთხვევაშიც თუ მეტყვიან, რომ მადრიდში ვრჩები, მაგრამ მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ „ზენიტში“ არავითარ შემთხვევაში არ წავალ. რუსეთის, როგორც ქვეყნის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩემი თავი მის ჩემპიონატში ვერ წარმომიდგენია. ფეხბურთში დასამტკიცებელი ნამდვილად არავისთვის არაფერი მაქვს. სპორტში თუკი ვინმეს სიტყვა ეთქმის, ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ. უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში მითამაშია და გადამწყვეტი გოლები გამიტანია, ასე რომ მე თუ მკითხავთ, სანერვიულო არაფერი მაქვს“.

სანამ ადებაიორი ცდილობს მოინელოს ის შეურაცხყოფა, რომელიც, როგორც ჩანს, რუსეთში წასვლის შეთავაზებით მიაყენეს, ისტლენდელები „პალერმოსგან“ 22 წლის არგენტინელი ნახევარმცველის, ხავიერ პასტორეს და მისი თანატოლის, „ვერდერის“ გარემარბ-ნახევარმცველის, მარკო მარინის ყიდვაზე მუშაობენ. „პალერმოს“ პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი ამბობს, რომ პასტორეს მყიდველთა შორის ფავორიტი „სიტია“.

„რამდენიმე დღის წინ პასტორეს აგენტს ველაპარაკე და მან მითხრა, რომ ფეხბურთელის შეძენა ექვს თუ შვიდ კლუბს უნდა, - თქვა ძამპარინიმ - არც მე უარვყოფ, რომ ის ჩვენზე დიდ კლუბში უნდა თამაშობდეს და საბოლოოდ ესპანეთში ან ინგლისში ამოჰყოფს თავს. ამ ბოლო დროს ბრაზილიელ ნეიმარზეა დიდი ამბავი ატეხილი, მაგრამ მერწმუნეთ, პასტორე ორ ნეიმარს უდრის. ეს გახლავთ ფეხბურთელი, რომელიც რამდენიმე წელიწადში „ოქროს ბურთის“ ლაურეატი გახდება. მისი დონისანი დედამიწაზე მხოლოდ მესი, კრიშტიანო რონალდო, ინიესტა და რუნი არიან“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული