ახალი სესკის ძიებაში

AutoSharing Option
„არსენალი“ არგენტინულ „ველეს სარსფილდს“ 11 მილიონ ფუნტს ანუ 12,3 მილიონ ევროს შესთავაზებს, რათა ბუენოს აირესის გუნდიდან 23 წლის ნახევარმცველი რიკარდო ალვარესი გადაიყვანოს. პირველად ინგლისურმა „სანმა“ ამის შესახებ, როგორც თავად წერს „მაღალი რანგის წყაროდან“ შეიტყო. „წყარომ“ თქვა:

„ალვარესი აშკარად გვაინტერესებს. ჯერ მის კლუბთან, „ველეს სარსფილდთან“ არაფერზე შევთანხმებულვართ, მაგრამ ფაქტია, რომ „არსენალი“ ამ ნახევარმცველს სერიოზულად აკვირდება“.

„არსენალის“ წარმომადგენლები ალვარესის შესახებ ბუენოს აირესელებს მაისში ელაპარაკნენ, მაგრამ როდესაც არგენტინული კლუბის პრეზიდენტმა ფერნანდო რაფაინიმ „მეთოფეთა“ აღმასრულებელ დირექტორ რიჩარდ ლოუს 12,3 მილიონი ევრო უხსენა, მოლაპარაკებები შეჩერდა.
დღეს, როდესაც ლონდონელთა შვებულებების დასრულებამდე და ახალ შეკრებაზე გამგზავრებამდე დაახლოებით ერთი კვირაა დარჩენილი, ჩრდილოლონდონელთა თავკაცმა არსენ ვენგერმა თავის ხალხს ვაჭრობის გაგრძელება სთხოვა.

როგორც მოგახსენეთ, „არსენალმა“ თქვა, რომ „ველესის“ ხელმძღვანელობასთან ჯერჯერობით საერთო ენა ვერ გამონახეს (თუმცა, სატრანსფერო სეზონში მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, რომ ამ წუთისთვის, როდესაც თქვენ გაზეთს კითხულობთ, შესაძლოა ყველაფერი მოგვარებული ან პირიქით, ჩაშლილი იყოს), მაგრამ „პალერმოს“ პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ (გაგიკვირდათ, მისი ხსენება?) თქვა, რომ სინამდვილეში „მეთოფეებს“ საქმე მომთავრებული აქვთ:

„იანვარში ალვარესთან ყველაფერზე მოლაპარაკებულნი ვიყავით და გვეგონა თავი ქუდში გვქონდა, მაგრამ ფეხბურთელი ხელიდან გაგვისხლტა და „არსენალში“ გადადის“.

ცნობისათვის: ალვარესი ზუსტად იმ პოზიციაზე თამაშობს, რომელზეც აქამდე „ემირეიტ სთედიუმზე“ „მეთოფეთა“ კაპიტანი სესკ ფაბრეგასი გამოდიოდა. გამოდის, რომ „არსენალი“ ფაბრეგასის მის მშობლიურ „ბარსელონაში“ გასაყიდად ემზადება და მის შემცვლელს ეძებს.

ჩრდილო ლონდონელები ფრანგული „ლილიდან“ 24 წლის კოტ დ’ივუარელი გარემარბ-თავდამსხმელი ჟერვინიოს ყიდვისთვისაც ემზადებიან. პრესა წერს, რომ ჟერვინიო შემდეგ ორშაბათს უკვე „არსენალის“ ბაზაზე იქნება. საინტერესოა, რომ „ლილმა“ ამ ფორვარდის მიყიდვაზე ერთხელ უკვე უთხრა უარი „არსენალსაც“ და მის თანაქალაქელ-მოქიშპე „ტოტენჰემსაც“, თუმცა მაშინ ლონდონელებს 10,5 მილიონ ფუნტზე ანუ 11,85 მილიონ ევროზე მეტი არ ემეტებოდათ. ამავე ფეხბურთელის ყიდვა უნდოდა „პარი სენ ჟერმენსაც“, რომელიც საქმეს ცოტა სხვანაირად მიუდგა და „ლილს“ ფულს პლუს ფეხბურთელი შესთავაზა. დღეს, ლაპარაკია, რომ „მეთოფეები“ 12 მილიონ ფუნტს ანუ 13,5 მილიონ ევროს გადაიხდიან და, გარდა ამისა, თავად ჟერვინიოს ინგლისში უნდა ძალების მოსინჯვა.

„ჟერვინიოს ინგლისში თამაში სურს, - თქვა ფრანგული კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ფრედერიკ ჟაკემ, - გარდა ამისა, ჩვენც გვირჩევნია ის უცხოეთში გავყიდოთ, ვიდრე აქვე, საფრანგეთში ჩვენს რომელიმე კონკურენტს გადავულოცოთ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული