მოგეხსენებათ, პრემიერლიგაში „მეთოფეთა“ კონკურენტებს კარგა ხანია „ფეხბურთელთა ბაზარზე“ ხალხი ჰყავთ გაშვებული, ზოგი მათგანი უკვე გაძლიერდა კიდეც, „არსენალი“ კი ახლა იწყებს.
ჩრდილოლონდონელთა წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ხუან მატას მამასა და იმავდროულად აგენტ ხუან მატა უფროსს. როგორც ინგლისური გაზეთები წერენ, ყველა პრინციპული საკითხი მოგვარებულია და მატა მზად არის „არსენალთან“
მატა, რომელსაც ნახევარდაცვის შუაშიც შეუძლია თამაში და მარცხენა ფრთაზეც, ესპანელებს ახლახან დანიაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჰყავდათ წაყვანილი. მოგეხსენებათ, ესპანელი ახალგაზრდები კონტინენტის ჩემპიონები გახდნენ. მათ ფინალში შვეიცარიას 2:0 მოუგეს. ტურნირში მატამ თავი გამოიჩინა, 2 გოლიც გაიტანა და კიდევ ოთხ მოთამაშესთან ერთად ბომბარდირთა შორის მესამე შედეგი აჩვენა. შარშან ამ დროს კი „ვალენსიას“ ნახევარმცველი ესპანეთის დიდ ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იყო და მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდა. ვისენტე დელ ბოსკემ ის ჯგუფურ ეტაპზე, ჰონდურასის წინააღმდეგ, 20 წუთით შეუშვა მოედანზე.
მადრიდის „რეალის“ ყმაწვილთა გუნდის ყოფილ მოთამაშე მატას გოლის გატანაც ეხერხება და საგოლე გადაცემაც. სწორედ ამ თვისებების გამო უნდა ვენგერს „არსენალის“ სატრანსფერო რეკორდის დამხობა (აქამდე „მეთოფეებს“ ყველაზე დიდი თანხა, 2009 წელს, რუსი ანდრეი არშავინის სანაცვლოდ სანკტ პეტერბურგის „ზენიტისთვის“ ჰქონდათ გადახდილი - 13 მილიონი ფუნტი) და ნახევარმცველის „ემირეიტ სთედიუმზე“ გადაყვანა. დღეს, როდესაც სულ მეტად და მეტად იკვეთება „არსენალის“ კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის „ბარსელონაში“ გადასვლის პერსპექტივა, „მეთოფეთა“ ფრანგი თავკაცი ნახევარდაცვის რეკონსტრუქციაზე ფიქრობს - კვირა საღამოდან მოყოლებული ესპანურ მას-მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ ფაბრეგასი, რომელიც ამჟამად იბიცაზე ბავშვობის მეგობრებთან, ბარსელონელ კარლეს პუიოლთან და ჟერარდ პიკესთან ერთად ისვენებს, 5 ივლისს, „არსენალის“ შეკრების დღეს, ლონდონში აღარ ჩავა.
კიდევ, ამბობენ, რომ არსენ ვენგერი, ამ დღეებში, სატრანსფერო ბაზარზე არნახულად გააქტიურდება და „უდინეზესგან“ 22 წლის ჩილელ ალექსის სანჩესს იყიდის. თუ მართლა ასე მოხდება, ჩათვალეთ, რომ „არსენალმა“ „ბარსელონასაც“ აჯობა, „მანჩესტერ სიტისაც“, „ჩელსისაც“ და, ვერ გეტყვით რამდენად სარწმუნოა, მაგრამ, როგორც ამ ბოლო დროს ამბობენ, „ლივერპულსაც“. თუმცა, ვენგერს სანერვიულოც გამოსჩენია. მას ბუენოს აირესის „ველეს სარსფილდიდან“ 23 წლის ნახევარმცველის, რიკარდო ალვარესის გადაბირება უნდოდა, მაგრამ, თურმე ალვარესზე „ინტერიც“ ნადირობს. აქამდე ცნობილი იყო, რომ არგენტინელის ყიდვა „არსენალის“ გარდა „რომას“, „პალერმოსა“ და „მალაგას“ უნდოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"