ტევესს და "სიტის" საქმის ჩაწყობას აბრალებენ

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტისა“ და მისი არგენტინელი ფორვარდის, 27 წლის კარლოს ტევესის თავს მოულოდნელი რამ დატრიალდა - საბერძნეთში, სამართალდამცველები ამბობენ, რომ ისინი, შესაძლოა, პირდაპირ თუ ირიბად, ტოტალიზატორებთან დაკავშირებულ საქმეში იყვნენ გარეული.

მართალია, ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი საბუთი იმისა, რომ ისტლენდელთა კლუბმა ან მისმა კაპიტანმა რაიმე დააშავეს, მაგრამ ბერძნებს 15 თებერვალს გამართულ ევროლიგის თამაშთან დაკავშირებით სატელეფონო ჩანაწერები აქვთ და ცდილობენ გაარკვიონ, რა მოხდა. საქმე „არისისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრას ეხება, რომლის წინაც ბერძნული გუნდის ერთი ფეხბურთელი ვიღაცას ელაპარაკა და ასეთ რამ უთხრა
- ჩვენ კარლოს ტევესს ვთხოვთ და ამ საქმის მოგვარებაში ის დაგვეხმარებაო. კერძოდ, ლაპარაკია „არისის“ ნახევარმცველ კოსტას მენდირინოსზე რომელიც ხსენებულ სატელეფონო ჩანაწერში ამბობს, რომ ის სთხოვს თავის მექსიკელ თანაგუნდელს, ადრე „მანჩესტერ სიტიში“ ნათამაშებ ნერი გარსიას, რათა მან, თავის მხრივ, ტევესს თამაშის ცენტრიდან დაწყების უფლება სთხოვოს. თითქოსდა, თუ თამაშს ცენტრიდან „არისი“ დაიწყებდა, ვიღაც 7 ათას ევროს მოიგებდა.

ბერძენი სამართალდამცავები კიდევ უფრო შორს მიდიან და ციტატაც კი მოჰყავთ. მენდრინოსს, რომელიც „არისმა“ საეჭვო საქმეებში მონაწილეობის გამო გუნდიდან გააგდო და დღეს თავისუფალი აგენტია, სიტყვა-სიტყვით ასე უთქვამს:

„სავარაუდოდ, კასტილიოს ვეტყვი ტევესთან მივიდეს და დაელაპარაკოს. მათი კაპიტანი ტევესია. ჩვენგან კიდევ, თამაშის დაწყებასთან დაკავშირებით კოკეს (ის გახლდათ „არისის“ კაპიტანი) ჩავაყენებ საქმის კურსში“.

ეს ჩანაწერი ერთადერთი არ გახლავთ. ბერძნულ ფეხბურთში დიდი სკანდალია. ამ ქვეყნის პოლიციამ მასობრივად მოისმინა და გადაიღო ფეხბურთელების საუბრები, რათა ისინი გარიგებებში გამოეჭირა. ტევესმა ბრალდება, რასაკვირველია, უარყო. მან თავისი წარმომადგენლის პირით ასეთი რამ შემოთვალა:

„ასეთი რამ ვერაფრით მოხდებოდა, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კარლოსს არავინ დაკავშირებია“.

„მანჩესტერ სიტიმ“ კი განაცხადა, რომ ტევესი და ზემოთ ხსენებული ნერი გარსია საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს, რადგან მექსიკელი ისტლენდიდან ტევესის მისვლამდე ერთი წლით ადრე წავიდა.

საბერძნეთში ამ საქმეს უკვე სასამართლო განიხილავს, თუმცა, როგორც ინგლისური პრესა წერს, თვით სასამართლოზეც კი, არ თქმულა მკაფიოდ, რა მოხდა იმ შეხვედრაში და ვის რაში ედება ბრალი. ჯერჯერობით არავის უხსენებია, რა ნიძლავში იყვნენ „არისის“ ფეხბურთელები გარეული. უცნაური გახლავთ ისიც, რომ კოკე, რომელზეც ჩაწერილ სატელეფონო საუბარშია ლაპარაკი (კოკეს სრული სახელი გახლავთ სერხიო კონტრერას პედრო და ის 28 წლის ესპანელი თავდამსხმელი გახლავთ) იმ დღეს საერთოდ არ ყოფილა მოედანზე.

„მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში „არისის“ კაპიტნის სამკლავური მეკარე მიხალის სიფაკისს ეკეთა. და, არ გაინტერესებთ, ცენტრიდან ვინ დაიწყო თამაში? მსაჯმა მონეტა რომ ააგდო, არჩევნის უფლება სიფაკისმა მოიგო, რომელმაც კარი აირჩია, თამაშის დაწყების უფლება კი „მანჩესტერ სიტის“ დაუთმო. არადა, მის ხელში იყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული