24 წლის თურქი ვარსკვლავის ფასი 18 მილიონი ფუნტი (20,25 მილიონი ევრო) გახლავთ. გამოდის, რომ დროგბა მქუხარე სახელისა და ვარსკვლავობის მიუხედავად მხოლოდ 11 მილიონი ფუნტი ანუ 12,4 მილიონი ევრო ღირებულა.
თურანი მარცხენა ნახევარმცველია. ცნობილია, რომ ის „ლივერპულის“ ფანია და ერთი ხნის წინ მის სახელს მერსისაიდულ კლუბთან აკავშირებდნენ
გუშინ ვწერდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ „ჩელსის“ ახალ მწვრთნელ ანდრე ვილას-ბოასს, სავარაუდოდ, დროგბას თავიდან მოშორება უნდა სურდეს - ისინი ტოლები არიან და საშიშროება იმისა, რომ აფრიკელმა ვარსკვლავმა თავისი კბილა ხელმძღვანელი ვერ იგუოს, ნამდვილად არის. რასაკვირველია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვილას-ბოასი მზად არის დროგბა ჩალის ფასად მოიცილოს თავიდან. დროგბაც უყურებს, იყიდის თუ არა „ჩელსი“ ახალ თავდამსხმელს. თუ იყიდის, ეს მისთვის მრავლისმეტყველი მინიშნება იქნება. ცნობილია, რომ ვილას-ბოასს თავისი ყოფილი გუნდიდან, „პორტოდან“, 25 წლის კოლუმბიელი ფორვარდის, ფალკაოს გადაბირება უნდა.
„უდინეზეს“ 22 წლის ჩილელ ალექსის სანჩესზე ხომ ლაპარაკიც აღარ არის, მისი ყიდვა ყველას უნდა და სადაც ყველა, იქაც „ჩელსი“. და თუ ეს ტრანსფერები შედგება, გამოვა, რომ ვეტერანი დროგბა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის, ძველებურად, მხოლოდ ნიკოლა ანელკასა და 50 მილიონ ფუნტად ნაყიდ ფერნანდო ტორესთან კი არა (არც სალომონ კალუ უნდა დაგვავიწყდეს), არამედ ახალი თაობის ორ სწრაფ წარმომადგენელთანაც „იჭიდავებს“.
ერთი სიტყვით, დასავლეთ ლონდონში დაჭინებით დადის ჭორი, რომ ამ ზაფხულს დროგბა „სტემფორდ ბრიჯს“ დატოვებს, მითუფრო, რომ თავიდან, მისი შეძენის სურვილი თვით „რეალმა“ გამოთქვა. მეორე მხრივ კი, ვილას-ბოასმა ყველას გასაგონად განაცხადა, რომ „ჩელსიში“ რადიკალურ ცვლილებებს არ აპირებს.
თუმცა, განა შეიძლება კლუბში ახალი მწვრთნელი მივიდეს და ამას ცვლილებები არ მოჰყვეს? ფეხბურთელებისა რა მოგახსენოთ და კარლო ანჩელოტის ასისტენტ პოლ კლემენტს, დირექტორ ბრაიან ინგლიშს და ფიზიკური მომზადების მწვრთნელ გლენ დრისკოლს გამოუცხადეს, რომ ახალი სამსახური უნდა ეძებონ, მანამდე კი, ერთ ხანს, ხელფასს შეუნარჩუნებენ. ცნობისთვის, კლემენტი 1994 წლიდან „ჩელსიშია“...
„ჩელსის“ ძველი მწვრთნელის კიდევ ერთი ასისტენტი, ნიგერიელი მაიკლ ემენალო კი კლუბის რუს მეპატრონე რომან აბრამოვიჩთან მეგობრობს და ადგილზე რჩება. ცხადია, ვილას-ბოასს თავისი ხალხიც მოჰყავს.
რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, სავარაუდოდ, გუნდიდან 28 წლის პორტუგალიელი მცველი ჟოზე ბოსინგვა და ბოლოხანს „ბოლტონში“ გაქირავებული 21 წლის დენიელ სტარიჯი წავლენ. ბოსინგვას, ალბათ, თურქული „ბეშიქთაში“ იყიდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"