და "ბლექპულისთვის" შეიქმნა ადამი?...

AutoSharing Option
„ლივერპულს“ ისე უნდა „ბლექპულიდან“ 25 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველის, ჩარლი ადამის გადაბირება, რომ მზად არის ჩემპიონშიპში გავარდნილ კლუბს ფულის გარდა თავისი აღზრდილი ყმაწვილებიდან ერთი-ორი შესთავაზოს.

ადამის ხელში ჩაგდებას „წითლები“ იანვარშიც ცდილობდნენ, მაგრამ მაშინ ხელი მოეცარათ და ახლა, ხელახლა სცადეს „ბლექპულზე“ იერიშის მიტანა. კონტრაქტის თანახმად ადამს „ბლექპულთან“ ერთი წელიწადიღა აკავშირებს. ბუნებრივია, ყველას კარგად ესმის ეს რასაც ნიშნავს - გაისად ამ დროს შოტლანდიელს ხელ-ფეხი გაეხსნება და სადაც მოეპრიანება იქ წავა, „ბლექპული“ კი მის სანაცვლოდ კაპიკს ვერ მიიღებს. შესაბამისად, ჩემპიონშიპის გუნდისთვის, კომერციული თვალსაზრისით, ფეხბურთელის
ახლავე გაყიდვა გაცილებით მომგებიანი იქნება, მაგრამ კლუბის ჯიუტ თავმჯდომარეს, კარლ ოისტონს დაუჩემებია ვერანაირ ზეწოლას ვერ ვგრძნობო.

და „ლივერპული“ რას გეგმავს? ინგლისის, ტიტულების მიხედვით, ახლა უკვე მეორე გუნდი აპირებს „ბლექპულს“ 8 მილიონი ფუნტი შესთავაზოს და მას ორი ფეხბურთელი მიაყოლოს, ოღონდ თუკი 22 წლის მარჯვენა მცველ სტივენ დერბის საჩუქრად იმეტებს, 19 წლის ჯონჯო შილვის მხოლოდ მიაქირავებს.

ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია თავად ფეხბურთელს რა უნდა. რამდენადაც ცნობილია, ადამს სწორედაც მერსისაიდზე გადასვლა სურს, სადაც „ლივერპულს“ მისი ლეგენდარული თანამემამულე კენი დალგლიში უდგას სათავეში. დალგლიშისთვის კი ადამის შეძენა მეორე სატრანსფერო გამარჯვება იქნება - „ლივერპულმა“ „სანდერლენდისგან“ 20 მილიონ ფუნტად 21 წლის ჯორდან ჰენდერსონი უკვე იყიდა.

რაც შეეხება „რომას“ ბრაზილიელ მეკარე დონის, მან თქვა, რომ „ლივერპულში“ არ გადავა, რადგან მერსისაიდზე ხელფასის 60 პროცენტით შემცირება სთხოვეს. 31 წლის გოლკიპერი, რომელსაც სინამდვილეში დონიებერ ალეშანდერ მარანგონი ჰქვია, ან იტყუება, ან „ენფილდ როუდზე“ გაგიჟებულან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული