ამჯერად ტაბლოიდების ანკესზე „არსენალის“ 19 წლის ვარსკვლავი, ჯეკ უილშირი წამოეგო - ლონდონში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. არჩევენ მასობრივი ჩხუბის ამბავს, რომელიც უილშირს გამოუწვევია. პროცესი გრძელდება და თემიდას საბოლოო სიტყვა ჯერ არ უთქვამს, მაგრამ დაახლოებით ასეთი სურათი იკვეთება: ინგლისის დედაქალაქის ერთ-ერთ კლუბში უილშირს გოგო მოეწონა, შეუჩნდა და უთხრა, შენს კამპანიას თავი დაანებე, ჩვენთან
კიმბერლი პლისტედი, ასე ჰქვია გოგონას, რომელიც იმ დღეს 21-ე დაბადების დღეს იხდიდა. ჩხუბს რომ იხსენებდა, სასამართლოს წინაშეც ღაპაღუპით ღვრიდა ცრემლებს. პლისტედი, რომელიც სადღაც, ვიღაცის თანაშემწედ მუშაობს, ამბობს, რომ ფეხბურთელმა ბევრჯერ გაუმეორა: „მოდი, დასალევს გიყიდი. მე ბევრი ფული მაქვს. დაანებე შენს მეგობრებს თავი“.
მოგვიანებით, როდესაც ახალგაზრდათა ჯგუფი კლუბ „ამიკადან“ გამოვიდა, უილშირი კვლავ მასთან მივიდა და სექსუალური შინაარსის რაღაც უთხრა. კერძოდ რა უთხრა, ეს ქალმა ნაფიც მსაჯულებს ხმადაბლა გაანდო, ჩვენ კი ეჭვი გვაქვს, რომ უშნო ქათინაურზე უნდა იყოს ლაპარაკი. ამის შემდეგ ატყდა ჩხუბი. კიმბერლი პლისტედის თანამგზავრმა ბიჭებმა, როგორც ჩანს, უილშირის სიტყვებს ყური მოჰკრეს და... ორმა მათგანმა პოლიციაში ამოჰყო თავი. თავად ჩხუბის მიზეზი ბიჭების გაშველებას ცდილობდა, თუ რა იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ სასამართლოზე დაადასტურა, რომ მკლავი მოტყდა.
„მეგონა, რომ ყველაფერი საათობით გრძელდებოდა. ისეთი ჩხუბი ატყდა, რომ მეც მომხვდა“ - თქვა გოგონამ, რომელსაც 21-ე დაბადების დღე არასდროს დაავიწყდება. შემდეგი სამი დღე მან მართლაც საავადმყოფოში გაატარა, რადგან მკლავი ჰქონდა დაფიქსირებული.
ყველაზე საინტერესო კი რა არის იცით? ის, რომ თავად უილშირს არ უჩხუბია. მის ძმაკაცებს სხეულის დაზიანება ბრალდებათ, კიმ პლისტედის მეგობრებსაც სასამართლოში აქვთ საქმე, თუმცა ისინი იმეორებენ, რომ არავის მიმართ აგრესიულები არ ყოფილან, მხოლოდ ამხანაგს იცავდნენ. უილშირი კი - ქუჩაში, რომელიღაცა დაწესებულების სათვალთვალო კამერამ გადაიღო - თავის ძმაკაცს პიჯაკის სახელოზე ექაჩებოდა, სავარაუდოდ, ჩხუბიდან გამოყვანას უპირებდა. ეს უცნაური ამბავი პროკურორმა უორვიკ ტეტფორდმაც აღნიშნა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"