რომანის ჟანრი

AutoSharing Option
„ჩელსის“ მეპატრონემ, რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ჯიბიდან 40 მილიონი ფუნტი ანუ დაახლოებით 45 მილიონი ევრო გამოაჩინა და ბრაზილიური „სანტოსის“ პრეზიდენტი, ლუის ალვარო რიბეიროც გაიწია - მობრძანდი და ჩვენს 19 წლის ვარსკვლავ ნეიმარს თავად დაელაპარაკე, მე ხელს არ შეგიშლიო.

რიბეიროს თქმით, თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხის გადახდაზე უკვე ხუთმა ევროპულმა კლუბმა გამოთქვა თანხმობა. მართალია, ბრაზილიელ საფეხბურთო მოხელეს დანარჩენი ოთხი კლუბი არ დაუსახელებია, მაგრამ ეჭვია, რომ ლაპარაკია „რეალზე“, „იუვენტუსზე“, შესაძლოა „ბარსელონაზე“ და... მახაჩკალის „ანჟიზე“.

რიბეირომ თქვა:
„ჩვენ ნეიმარის გაყიდვა არ გვინდა, მაგრამ არსებობს კონტრაქტი,
სადაც წერია, რომ „სანტოსმა“ ხელი არ უნდა შეუშალოს მყიდველს, რომელიც ამ თანხას (ევროებში 40 მილიონი) იხდის. უკვე ხუთმა მნიშვნელოვანმა ევროპულმა კლუბმა გამოთქვა ფულის გადახდის მზადყოფნა. მათ ფეხბურთელთან პირადად დალაპარაკების ნებართვა გვთხოვეს და ჩვენც, რასაკვირველია, ნება დავრთეთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თითოეული მათგანი ეთიკურად მოიქცა. „სანტოსის“ ზურგსუკან არაფერი გაუკეთებიათ. ისინი ჯერ ჩვენ დაგვიკავშირდნენ და მერე ნეიმარის მამას და სხვა აგენტებს.

შარშან ამ დროს „ჩელსი“ სხვანაირად იქცეოდა. მაშინ ლონდონელები ჯერ მოთამაშის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ, თუმცა ჩვენ ყოჩაღად დავდექით და გარიგება ჩავშალეთ“.

ყმაწვილკაცს, რომელსაც ზოგი მიმომხილველი ლეო მესიზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს, მალე კოპა ამერიკაზე ვნახავთ. აქამდე ყველა დარწმუნებული იყო, რომ მის მყიდველთა შორის გამოკვეთილი ლიდერი „რეალი“ გახლდათ, მაგრამ ინგლისურ ტაბლოიდებს „ჩელსის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ასეთი რამ უთხრა:

„ნეიმარზე ძალიან დიდი ხანია ვნადირობთ და გამორიცხულია ვინმეს გავატანოთ. ეჭვი არ გვეპარება, რომ ის „სტემფორდ ბრიჯზე“ ითამაშებს“.

თამაში კი, თუნდაც სატრანსფერო, შეტევის გარდა თავდაცვასაც გულისხმობს. აბრამოვიჩს, მაგალითად, მადრიდის „რეალის“ მოგერიება უწევს - „თეთრების“ თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ დასავლეთ ლონდონიდან ყოფილი შეგირდის, 28 წლის მიკაელ ესიენის წაყვანა გადაწყვიტა. იმის შეხსენება თუ რატომ არის ესიენი მოურინიოს ყოფილი შეგირდი, ვფიქრობთ, გულშემატკივარს არ სჭირდება, თუმცა იმის შეხსენება, რომ განელი „ჩელსიში“, 2005 წელს, „ლიონიდან“ სწორედ პორტუგალიელმა გადაიყვანა, ვფიქრობთ არ იქნება ურიგო. აღსანიშნავია, რომ ესიენს „ჩელსიში“ კიდევ ოთხი წელიწადი აქვს გასატარებელი. მისი ხელფასი კვირაში 110 000 ფუნტია და არავის სმენია, რომ ის „სტემფორდ ბრიჯზე“ რაიმეთი უკმაყოფილო იყოს.

„რეალი“ „ჩელსის“ ესიენის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა აბრამოვიჩი კატეგორიულია და აცხადებს, რომ განელს არ გაყიდის... ყოველ შემთხვევაში მოურინიოს ნამდვილად არ მიჰყიდის.

და კიდევ ერთი სიახლე „ჩელსის“ ცხოვრებიდან: „ჩელსის“ ყოფილი ვარსკვლავი, შვეიცარიული წარმოშობის იტალიელი მწვრთნელი რობერტო დი მატეო საყვარელ კლუბში, ახალი თავკაცის, ანდრე ვილას-ბოასის დამხმარეს რანგში ბრუნდება.

დი მატეომ „სტემფორდ ბრიჯზე“ ფეხბურთელობის პერიოდში ექვსი წელიწადი დაჰყო. ათი წლის წინ, მან ფეხი მოიტეხა და კარიერის დასრულება მოუხდა. „ჩელსიში“ თამაშის წლებში ის ადგილობრივი ფანობის უსაყვარლესი მოთამაშე გახლდათ.

როგორც მოგეხსენეთ, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ დი მატეო მწვრთნელი გახდა. ჯერ „მილტონში“ სცადა ბედი, შემდეგ კი „ვესტ ბრომვიჩ ალბიონში“, სადაც 2009-11 წლებში იმუშავა. მას მერე, რაც იანვარში „ვესტ ბრომვიჩიდან“ გაუშვეს, უმუშევარი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული