არსენი ვივიანოს უმიზნებს

AutoSharing Option
„ინტერის“ 25 წლის მეკარე ემილიანო ვივიანო „არსენალს“ მოსწონს და ჩრდილოლონდონელთა თავკაცი, არსენ ვენგერი მილანელებს მასში 8 მილიონ ფუნტს ანუ თითქმის 9 მილიონ ევროს სთავაზობს. ამბობენ, რომ ვენგერი ვივიანოს ყიდვამდე ესპანელი მანუელ ალმუნიას გაყიდვას აპირებს - ყველაფრის მოსწრება უნდა.

საინტერესოა, რომ წარმოშობით ფლორენციელი ვივიანო „ნერაძურიმ“ „ბოლონიასგან“ სულ ახლახან გამოისყიდა - 4,2 მილიონი ევრო გადაუხადა. მანამდე გოლკიპერი ერთბაშად ორი კლუბის საკუთრება გახლდათ და ბოლო ორი წლის განმავლობაში „ბოლონიაში“ თამაშობდა. აქ, მას 72 შეხვედრა აქვს ჩატარებული. იტალიის ნაკრებში კი
ვივიანო ხუთჯერ მიუწვევიათ.

ემილიანო ვივიანო მაღალია, 195 სანტიმეტრი გახლავთ. არ არის გამორიცხული, რომ მას „არსენალის“ წინადადება ძალიან გაუხარდეს, რადგან, ჯერ ერთი „არსენალი“ „ინტერზე“ უსახელო გუნდი არ არის და მეორეც, ვოიცეხ შჩესნის კონკურენტობა ჟულიო სეზარის სათადარიგოობას უნდა სჯობდეს.

რაც შეეხება ალმუნიას, მან გასულ სეზონში რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და გულშემატკივრებმა ვენგერს კატეგორიულად დაუყენეს საიმედო გოლკიპერის ყიდვის საკითხი. სხვა საქმეა, რომ ვივიანოს შეძენა იმას ნიშნავს, რომ ვენგერს მისთვის უფრო სასურველ უგო ლორისში „ლიონისთვის“ 22 მილიონი ევროს გადახდის საშუალება არ აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული