რაიტ-ფილიპსის მიდრეკილება

AutoSharing Option
შონ რაიტ-ფილიპსს ძველი ამბავი გაახსენდა და ამ ზაფხულს „ბოლტონში“ გადაწყვიტა გადასვლა. ბოლტონელები 29 წლის ინგლისელის გადაბირებას ჯერ კიდევ იანვარში ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მიზეზი: რაიტ-ფილიპსს „მანჩესტერ სიტიში“ დიდი ხელფასი აქვს, კვირაში 60 ათას ფუნტს უხდიან და ეს თანხა სატრანსფერო 4 მილიონთან ერთად არ აღმოაჩნდა.

თუმცა, იანვრისგან განსხვავებით ახლა სხვა ვითარებაა: რაიტ-ფილიპსმა დაბეჯითებით გაიგო, რომ ისტლენდელთა მწვრთნელს, რობერტო მანჩინის მისი გუნდში ყოლა აღარ სურს ანუ უახლოეს მომავალში თავიდან მოიშორებს და „ბოლტონში“ მოთამაშე ძმაკაც ზეტ ნაითს გაანდო, რომ მათთან გადასვლით არის დაინტერესებული.
სავარაუდოდ, იან რაიტის გერი ძალიან დიდ ხელფასსაც აღარ მოითხოვს. „ბოლტონის“ ცენტრალურმა მცველმა ნაითმა თქვა:

„შონი ჩემი უახლოესი მეგობარია, მე მას ველაპარაკე და ძალიან გამიხარდა, რომ „ბოლტონში“ გადმოსვლას ფიქრობს. ვფიქრობ, ხელფასის შემცირებას თუ დათანხმდება, ამ საქმეს ხელს ვერაფერი შეუშლის. დღეს რაიტ-ფილიპსი იმ ასაკშია, როდესაც ფეხბურთელს აუცილებლად სჭირდება ყოველ ტურში მოედანზე ყოფნა. შონის კარიერას რომ ვუყურებდი, ვხედავდი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მას რეგულარულად არ ათამაშებდნენ. არადა, ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მე, მაგალითად მოვლენებს ასე ვუყურებ: თუ შონ რაიტ-ფილიპსი „ბოლტონში“ გადმოსვლას აპირებს, ესე იგი ჩვენი გუნდი ძალიან წინ წასულა და მასში თამაში უკვე ვარსკვლავებსაც მონდომებიათ“.

აღსანიშნავია, რომ რაიტ-ფილიპსის ყიდვა „ფულჰემსაც“ სურდა, მაგრამ ეს მაისის ამბავია. მაშინ დასავლეთლონდონის ამ კლუბში მწვრთნელად მარკ ჰიუზი მუშაობდა, სპეციალისტი, რომელმაც თავის დროზე, უფრო ზუსტად კი სამი წლის წინ ის „მანჩესტერ სიტიში“ მიიყვანა. დღეს ჰიუზი „ფულჰემში“ აღარ მუშაობს. მისი თანამდებობა ჰოლანდიელ მარტინ იოლს გადააბარეს.

ამრიგად, „ჩელსის“ ყოფილ ფეხბურთელს „სიტი“, ამ ზაფხულს თავიდან მოიშორებს, მაგრამ ყველანაირად შეეცდება, რომ არ იზარალოს. 2008-ში ისტლენდელებმა მის სანაცვლოდ „ჩელსის“ ხომ 9 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.

ახლა კი იმის შესახებ თუ ვის ყიდვას აპირებს „სიტი“. მოგეხსენებათ, არაბ მეპატრონეთა დიდძალი ფულის მიუხედავად მანჩესტერელებს ბოლო დრომდე არავინ უყიდიათ, მაგრამ ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ისინი ბელგრადის „პარტიზანიდან“ მცველ სტეფან სავიჩს ყიდულობენ. მანჩინის უთქვამს, რომ 20 წლის ჩერნოგორიელი ჯერჯერობით მისი მთავარი სამიზნეა, რადგან „ბოლტონის“ გერი კეჰილზე ხელი აიღო - კეჰილი, სავარაუდოდ, „არსენალის“ ლუკმა გახდება.

მეორე მხრივ, „პარტზანს“ თავისი ინტერესი აქვს. ბელგრადელებმა გამოაცხადეს, რომ სავიჩს მანადე არ გაყიდიან, სანამ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე მაკედონიის გუნდ „შკენდიას“ არ ეთამაშებიან. ახლა, მოდი უეფას წესებში ჩავიხედოთ: თუ ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე რომელიმე გუნდის შემადგენლობაში ითამაშა, მაგრამ ეს გუნდი გავარდა, ფეხბურთელი კი ახალ გუნდში გადავიდა, მას იმავე შეჯიბრების ჯგუფურ ეტაპში - ახალი გუნდის შემადგენლობაში - მონაწილეობის უფლება აქვს. ამრიგად, „მანჩესტერ სიტისთვის“ მთავარია სექტემბრამდე „პარტიზანი“ შეჯიბრებას გამოეთიშოს...
ბელგრადელები სტეფან სავიჩს 10 მილიონ ევროდ აფასებენ.

შეგახსენებთ, რომ ისტლენდელებს ყველაზე მეტად „უდინეზეს“ ჩილელი ვარსკვლავის, 22 წლის ალექსის სანჩესის ყიდვა უნდათ, მაგრამ სანჩესმა თქვა, რომ თუ მის საოცნებო „ბარსელონაში“ არ გაყიდიან, უდინეში დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული